აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, დღეს არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, რათა თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
მისივე თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებულ ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების აშენდეს.
„სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის წყნეთის ფილიალი ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, შესაბამისად აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან და ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წყნეთში აშენდება სრულიად ახალი შენობა, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე სტანდარტებზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ დევნილ ბენეფიციარებს შევთავაზოთ ღირსეული სამედიცინო პირობები“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ახალი კლინიკა უახლესი აპარატურით აღიჭურვება, გაფართოვდება ამბულატორიული მომსახურების ჩამონათვალი, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის რაოდენობის ზრდას. დევნილ მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, მიიღოს სრულყოფილი და ხარისხიანი ამბულატორიული მომსახურება.
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების მიზნით, კახეთის რეგიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წარდგენა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საკუთარი გამოცდილება, სამომავლო ხედვები და ინიციატივები წარმოადგინეს. ასევე გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების საქმიანობასა და ცენტრალური ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკას.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობასა და ამ პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება პროექტის „ვორქშოფი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სხდომაზე განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომის დაწყებამდე მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას.
სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური 200 და 300-ლარიანი სტიპენდიები დაწესდა.
„მსურს ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებას შეეხება და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტებისთვის ყოველთვიურად 200 და 300-ლარიანი სტიპენდიების გაცემას გულისხმობს.
ამ პროგრამაში შემოსულია 220-ზე მეტი განაცხადი. ჩვენ არ გვქონდა გათვალისწინებული ბიუჯეტი ასეთი რაოდენობის განაცხადების დაფინანსებაზე, თუმცა ჩემი გადაწყვეტილებით უშუალოდ ყველა სტუდენტი იქნება დაფინანსებული. ამისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს მსგავსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
აფხაზეთის მთავრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და ეს პროგრამაც არის მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული და მოტივაცია ჰქონდეთ ჩვენ წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მეტი დრო დაუთმონ სწავლა-განათლებას“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წარჩინებული დევნილი სტუდენტების სტიპენდიების პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა და სრულად არის ორიენტირებული დევნილი ახალგაზრდების აკადემიური წარმატების წახალისებასა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომლის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მათთვის მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემური საკითხები მთავრობის თავმჯდომარეს პირადად გააცნეს.
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხის მაქსიმალურად დროულად შესწავლას და მათზე ეფექტურ რეაგირებას დაჰპირდა.
ასევე, მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია, აფხაზეთის მთავრობის მოქმედი პროგრამების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული პროგრამა მორგებულია დევნილი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, რაც მიზნად ისახავს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრები ყოველთვიურად იმართება.
აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
ილია II-ის ღვაწლისა და აფხაზეთის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად, დევნილი მოქალაქეები დღეს თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლიკა შარტავა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და გიორგი დგებუაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საზოგადოების სულიერი ერთიანობის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
„სიმბოლურია დღეს აფხაზეთის საზოგადოების შეკრება ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რადგან აღნიშნული ეკლესიის მშენებლობა მოხდა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. იგი აფხაზეთის საზოგადოებისთვის არ იყო მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომლის მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული აფხაზეთთან.
მე მჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენ კუთხეს - ჩვენს მშობლიურ აფხაზეთს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აფხაზეთში 11 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი. მისი ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 2016 წელს, თბილისში, საფუძველი ჩაეყარა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის თავმჯდომარე ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდს დაესწრო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია II-ს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.