დარჩით სახლში და გაეცანით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონულ კატალოგს.
#კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც გირჩევთ, #დარჩეთსახლში და გაეცნოთ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონულ კატალოგს.
საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დარეკოთ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან ნომრებზე:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2020 წლის I ეტაპზე დაფინანსდა 44 აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა.
შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭათ უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს. რაც შეეხება იმ სტუდენტების თანადაფინანსების საკითხს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ პროგრამის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ პროგრამით გათვალისწინებული პირველი კვარტლის ბიუჯეტის ამოწურვის გამო ვერ დაფინანსდნენ, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით არსებული დავალიანების დამადასტურებელი ცნობის ელექტრონულად (apkhazeti@mes.gov.ge) წარმოდგენის საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილამდე დაფინანსდებიან.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2008 წლიდან ახორციელებს ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეობის მსურველები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში ტრეინინგებს გაივლიან, გადამზადების შემდეგ მოწყვლად და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ICEC-ის მონაწილეობით დაიწყო პროექტი „ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები“. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას და კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში, ასევე უფასოდ, ენის სრულყოფის მიზნით, 1 თვით გაემგზავრონ ლიეტუვაში (სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე). სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად გაიღებს ლიეტუვური მხარე, სტუდენტები კი სტიპენდიის სახით 570 ევროს მიიღებენ. კურსის პერიოდში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებში, რაც მოიცავს შეხვედრებს ლიეტვური მთავრობის წარმომადგენლებთან, ელჩებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ცენტრის სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან ცეკვისა და სიმღერის ნიჭით შესაძლებლობა ექნებათ 10 დღით გაემგზავრონ ლიეტუვაში სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ლიეტუვაში სტუმრობისას სტუდენტები ეწვევიან საქართველოს საელჩოს ვილნიუსში. მონაწილეობას მიიღებენ საელჩოების და სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებში. ლიეტუვური ენის სრულყოფილად, კერძოდ ბ2 დონის ცოდნის შემთხვევაში სწავლების შემდეგ (დაახლოებით 1 ან 2 წლის ვადაში) ისინი ჩაირიცხებიან ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე (სასურველ სპეციალობებზე უგამოცდოდ და მიიღებენ სტიპენდიებს). სამაგისტრო პროგრამებზე ცენტრის სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა (აფინანსებს ლიეტუვის მთავრობა). წარჩინებული კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ლიეტუვაში. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 4 თვიანი ენის შემსწავლელი კურსები დაიწყება 15 აპრილს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატარდება ონლაინ. რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილამდე ქვემოთ მითითებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ მითითებულ მეილზე - Salomedolidze16@gmail.com
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.
კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.
კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
დოკუმენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი მორიგეობს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ ოკუპირებული ტერიტორიიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ორივე მიმართულებით მოძრავი მოქალაქეების ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სამუშაოები ჩატარდა ს/ს ინტურისტსა (ხვამლი) და სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეზინფექცია ზუგდიდის ვექტორის დასახლებსა და სენაკის სამხედრო დასახლებაში განხორციელდა.
მომდევნო დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა სხვა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებშიც ჩატარდება.
დარჩით სახლში და სხვა ონლაინმუზეუმებთან ერთად დაათვალიერეთ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ონლაინ-მუზეუმი“
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც გირჩევთ, დარჩეთ სახლში და სხვა ონლაინმუზეუმებთან ერთად დაათვალიეროთ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმი“. ონლაინ-მუზეუმი რამდენიმე წლის წინათ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შექმნა.
აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და საცავშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ონლაინ მუზეუმების შექმნის საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენა. შესაბამისად, ონლაინ-მუზეუმში შეიქმნა ვირტუალური ალექსანდრე შერვაშიძის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, ეთნოლოგიის, ისტორიული დოკუმენტებისა და ჟიული შარტავას დარბაზები.
აფხაზეთის არქიტექტურის, არქეოლოგიის, ხელნაწერების, ალექსანდრე შერვაშიძის და აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების საგამოფენო დარბაზებს. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.
„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.
„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.
საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.
„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.
პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.
გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე ➡http://mes.gov.ge/➡https://1tv.ge/ და ➡https://stopcov.gov.ge/
პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge , საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდება, რომელიც სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, ქალაქ ჯვარსა და ფოცხო-ეწერის დასახლებაში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო მუნიციპალიტეტისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.