საქართველოს მხატვართა კავშირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, თანამედროვე ქართველი მხატვრის − დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა − „აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ გამართა.
დავით ბაძაღუა განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარია, იგი არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენას საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე უძღვებოდა, რომელმაც დავით ბაძაღუა, საქართველოს მხატვართა კავშირის სახელით, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიაზე წარადგინა.
გამოფენაზე სიტყვით გამოვიდნენ და დავით ბაძაღუას გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებსა და საერთოდაც, მის შემოქმედებაზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო მხატვარმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა რადიშ თორდიამ, ხელოვნებათმცოდნემ ქეთევან ახობაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, მწერალმა ნანა ქარდავამ და სხვ.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის კომისიის წევრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დეპუტატებს ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ მიაწოდეს.
სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ასევე, აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და აფხაზური ენის შეზღუდვებთან და რუსული ენის დომინანტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დღესვე, დახურული სხდომის ფორმატში ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე მოისმინეს ინფორმაცია.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ასევე, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, კერძოდ, სოფელ რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებულნი. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი მასატაკა ობატა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
✅ქ. ფოთში განსახლებულ დევნილთა რიგით მეორე კონფერენციაზე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ბინათმშენებლობის განსახლების, სოციალური მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს, ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, დევნილთა მამა-პაპისეულ საცხოვრისში ღირსეულად დაბრუნების საკითხები განიხილეს.
✅კონფერენცია მიზნად ისახავდა ფოთში განსახლებულ დევნილთა ყოფითი პრობლემების შესწავლას, განზოგადებას, მათი გადაწყვეტის გზების მოძიებასა და რეალიზებას, ამასთანავე დევნილი მოსახლეობის მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრეს დევნილებმა. ამავე დღეს შედგა შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და მერიის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ძირითადი პრობლემების თაობაზე, რომელიც დგას დევნილი მოსახლეობის წინაშე. აქვე დაისახა მისი გადაჭრის და სამომავლო ერთობლივი ღონისძიებათა გეგმა.
✅კონფერენციის მუშაობაში და შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ -ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა თეიმურაზ მჟავიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ დევნილთა კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე ფოთში განსახლებულ დევნილთა სოციალური მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციაში აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ფოთის საკრებულოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 8 ნოემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გამართა.
ტურნირი ჩატარდა ღია პირველობის სახით და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 2005-2006 წ.წ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირი ძიუდოს სპორტულ კლუბ „მართვეში“ გაიმართა.
სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარმა მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და ამავე სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა შესაბამისი სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიმიტრი ხვთისიაშვილის და ანანო მირიანაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს ორი ახალგაზრდის, ქართველი ლუკას და აფხაზი სოფიას სიყვარულის ისტორიას, რომელმაც საოკუპაციო ზოლის მავრთულხლართები გადალახა და 26 წლიანი მტრობა დაამარცხა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.
სპექტაკლის პრემიერა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით შედგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის ელჩს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდომარეობაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.
მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები ლევან გერაძე და ნანა გოგოხია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისია ადგილზე გაეცნო ქ. თბილისში, ვარკეთილის -მესამე, მეორე მ/რ, #34-ში ( ამხანაგობა,, იმედი’’) -მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელსაც ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გამარჯვებული კომპანია შპს ,,გია კონსტრაქშენ’’-ი აწარმოებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სპორტული ადმინისტრირებისა და მსაჯთა გადამზადების ტრენინგი ჩატარდა.
პროექტის მხარდანჭერები იყვნენ აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაცია და ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება და მასში ქართველებთან ერთად, თურქი, უკრაინელი და ირანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის ბოლოს მისი მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარმა მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და ამავე სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
2019 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და კოდორის (აჟარის მუნიციპალიტეტი) გამგებელი ლაშა მარგიანი. ისინი ადგილზე გაეცნენ ხარებავას #52-ში განთავსებულ ობიექტზე (ყოფილი სამხედრო ლიცეუმი) არსებულ პრობლემას, რაც კორპუსის სარდაფში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და ფეკალური მასების ამოტუმბვას გულისხმობს. მათ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობასთან ერთად პრობლემის ერთობლივად მოგვარებისა და გადაჭრის გზები დასახეს.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია თანამშრომლებთან ერთად მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მესტიაში ჩასახლებულ დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს და განსახლებასა და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური, ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებით აგრძელებს ქვეპროგრამას - ,,კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“. ქვეპროგრამა მოსწავლეებს ეხმარება მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ სხვადასხვა სახელობო პროფესიის (ჭრა-კერვა, გობელენი, ხეზე კვეთა, ძერწვა, მინაზევიტრაჟული ხატვა და სხვ.) პირველად უნარ-ჩვევებს, გაერკვნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებში.
წლეულს ქვეპროგრამის პროფესიათა ჩამონათვალი გაფართოვდა. კერძოდ, აფხაზეთის №5 და №11 საჯარო სკოლებში დაემატა ახალი მიმართულება - აკრილის საღებავის ტილოზე დასხმით აბსტრაქციული ხატვის სწავლება და ქართული ხალხური ხალიჩის ქსოვის ტექნიკის პირველადი უნარ-ჩვევების დაუფლება. ამ სიახლემ მოზარდებში დიდი პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლებში სპეციალურ ქვეპროგრამას ახორციელებს.
პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოსწავლეებში აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ოთხი ინიციატივა, კერძოდ:
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში - „ადამიანის უფლებები არაფორმალური განათლებით“. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი „ამრა“, რომელიც მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ემსახურება. ამ მიზნით თემსა და სკოლაში ჩატარდა ტრენინგები, გაიმართა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მოეწყო ფილმების ჩვენება-განხილვა და ა.შ.
აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში - „მოხეტიალე წიგნები“, რომლის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში გაიმართა სოციალური ქსელის გამოწვევა - „ჩემთვის საინტერესო ჟანრის წიგნები“, რომელშიც მოსწავლეები და თემში დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. გამოწვევა ერთი კვირა გაგრძელდა. დასახელდნენ საინტერესო ავტორები და გაიმართა დისკუსია. მკითხველები წიგნებს წაკითხვის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აბრუნებდნენ, საიდანაც სხვა დაინტერესებულ პირებს მიჰქონდათ, კითხულობდნენ და ისევ აბრუნებდნენ. გაიმართა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია, ლიტერატურულ- შემეცნებითი ვიქტორინა, სალონური საუბრები და დისკუსიები.
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის პროექტი - ,,სასმელი წყალი ზამთარ-ზაფხულ“ ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება. სუფთა და უსაფრთხო წყლის მნიშვნელობაზე სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია. სკოლა ჭით სარგებლობდა, კამპანიის შემდეგ კი ბავშვების ინიციატივით სკოლამ წყლის ორი დისპენსერი შეიძინა. ამის შემდეგ მოსწავლეებს მუდმივად განახლებული, უსაფრთხო სასმელი წყალი მიეწოდებათ.
აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის ინიციატივა - ,,ჩემი, შენი, ჩვენი წიგნი“ წიგნის პოპულარიზაციისა და საბიბლიოთეკო კულტურის დანერგვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული წიგნის ფონდი შეივსო, მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს, ბავშვებმა თემში წიგნიერების დონის შესახებ კვლევა ჩაატარეს. გამართეს მშვიდობიანი აქცია „დავუბრუნოთ სიცოცხლე წიგნებს“ და სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ დახეულ, თითქმის მაკულატურად ქცეულ წიგნებს ახალი სიცოცხლე შესძინეს. პროექტის შედეგად, მოსწავლეები და თემში მცხოვრები ადამიანები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს კვლევითი, სოციალური, შემოქმედებითი, სააზროვნო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები განუვითარდათ.