აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან და მათ შორის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებთან შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. ამასთანავე მათ მედალოსან კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმოდ გადასცეს.

შეხვედრას აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გადასცეს.
მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებების 49-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

8-9 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას.

საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 

მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღონისძიება ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღონისძიება ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ გაიმართა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციების საფუძველზე ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საღამოზე ქართულად თარგმნილი აფხაზური პოეზიის კრებულის ,,ნავეი და მზაუჩი“ პრეზენტაცია და ფილმის ,,ხიდის ორი მხარე“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მონაწილეობდა.
ღონისძიება პროგრამის ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა და სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნესის, დიასპორების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ქ. ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო -აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით, სოფელ ჭითაწყარის ყოფილი ელქსელის შენობას, ასევე, აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობასა და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.
აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

რეზო ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს  წარმომადგენლებმა.

სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებას ხელს სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს. სოხუმის შუქურა, ლითონის კონუსისებური კოშკი, სანავიგაციო ნაგებობაა და ის სოხუმის სანაპიროზე, გუმისთის კონცხზეა განთავსებული. სწორედ აქედან ეწოდა მის ირგვლივ მდებარე დასახლებულ რაიონს მაიაკი.

სოხუმის შუქურა ფრანგული წარმოებისაა, ის 1861 წელს პარიზში ცნობილი ინჟინერის ერნესტ გუენის ფირმაში დამზადდა. მოგვიანებით ამ ფირმამ შექმნა ეიფელის კოშკი და დღეს ერნესტ გუენის სახელი ამ კოშკზე საპატიო 72 სახელს შორის არის ამოტვიფრული.

კონსტრუქცია სოხუმში 1861 წელს ჩამოიტანეს და მის აწყობას 150 დღე დასჭირდა. სოხუმის შუქურა ექსპლუატაციაში 1864 წლის 14 აპრილიდან შევიდა. მისი სიმაღლე 37 მეტრია, ნათების სიშორე 14 საზღვაო მილი. შუქურის შიდა დახვეული კიბე 137 საფეხურისგან შედგება და იმ სიმაღლიდან სოხუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ულამაზესი ხედი იშლება. ამიტომაც თავის დროზე სოხუმის შუქურა ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა და აქ ქალაქის სტუმრები მოჰყავდათ ხოლმე.

ამჟამად სოხუმის შუქურა ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია, მის კიბეზე ასვლაც ძალიან საშიშია და გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს.

ვ.არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მხატვარ ალექსანდრე თოდუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა

2019 წლის 8 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მხატვარ ალექსანდრე თოდუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ნამუშევრები.

მხატვარი ალექსანდრე თოდუა დამსწრეთ წარუდგინა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და სხვ.

გამოფენა 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის პატივის მიგების მიზნით, გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარას საშუალო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ჟენია გასვიანსა და მარო გამყრელიძეს ეწვია.

როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა მათ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა მრავალგანსაცდელგამოვლილ პედაგოგებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

მასწავლებლებმა დიდი სიხარული და მადლიერება გამოთქვეს გახსენებისათვის. მათ აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ შინ დაბრუნების იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ.

ძვირფასო მასწავლებლებო!
გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება მასწავლებლის დღე და მიზანი ყველგან ერთია: მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და მათთვის მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

მასწავლებლობა ოდითგან ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიად იყო მიჩნეული. მიუხედავად ღირებულებათა გადაფასებისა, ასე დღესაც და ასევე იქნება ხვალაც, რადგან ქვეყნის უკეთესი მომავალი უკეთესი მომავალი თაობის გარეშე წარმოუდგენელია, ეს კი - ღირსეული მასწავლებლის გარეშე.

დღეს ხშირად ამბობენ: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალი თაობის აღზრდაში ჩადებული ინვესტიციააო“, მე კი ერთსაც დავამატებდი: ამ ინვესტიციის წარმატება თქვენს გარეშე წარმოუდგენელია.

ჩემი და ყველა სხვა მილოცვაც, რომელსაც დღეს მიიღებთ, უპირველესად მადლიერების გამოხატვაა ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული წვლილისათვის და მისი ადეკვატური დაფასებაც ვერანაირი ანაზღაურებითა თუ ჯილდოთი ვერ მოხდება. ეს მხოლოდ თქვენი აღზრდილების წარმატებებსა და მიღწევებს შეუძლია. ამიტომაც გისურვებთ, ბევრი ამგვარი წარმატებული აღზრდილი გყოლოდეთ!

ჩემი მილოცვა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასწავლებლებს ეკუთვნით, მაგრამ მინდა გამოვყო აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები. პირველნი - აქ, დევნილობაში მოზარდებს აფხაზეთის სიყვარულსა და იქ დაბრუნების რწმენას უნერგავენ; მეორენი კი - იქ არსებულ ურთულეს ვითარებაში, ბავშვებს საქართველოს ერთიანობის იდეით მუხტავენ და აკრძალულ ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას აშკარად თუ მალულად ასწავლიან... ეს ქვეყნის გამთლიანებისთვის დაუღლელი ბრძოლაა და გისურვებთ, ამ ბრძოლაში ყველას ერთად გაგვემარჯვოს!

როლანდ ნიჟარაძე,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
 
გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შეხვედრა დევნილებთან ოზურგეთში

2019 წლის 5 ოქტომბერს  წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ -ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ია მაისაიას სიმღერების ალბომის „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში ცნობილი სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის ია მაისაიას სიმღერების ალბომის „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ პრეზენტაცია გამართა. კომპაქტ-დისკი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა. სიმღერები მარიკა ქაცარავასა და „სანო“-ს ხმისჩამწერ სტუდიებში ჩაიწერა. ალბომში წარმოდგენილია კომპოზიტორის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებები.

კულტურის დარგში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ია მაისაია დაჯილდოვებულია: ღირსების ორდენით; გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და სხვ. მისი შთაგონების უპირველესი წყარო მშობლიური აფხაზეთია და შესაბამისად, არერთი სიმღერა აქვს მისთვის მიძღვნილი.

პრეზენტაციაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ია მაისაიას სიმღერების ალბომის გამოსვლა მიულოცა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ ია მაისაია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა კი ის ნაყოფიერი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, დიპლომით - „თამარ დედოფლის ენდალმა“ დააჯილდოვა.

ია მაისაიას შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრეს: მუსიკათმცოდნემ მაია დათუნაშვილმა, პოეტებმა მზია ხეთაგურმა, მაია კახიძემ და თამარ შაიშმელაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ქარდავამ. ღონისძიებას მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი უძღვებოდა.

საღამოზე, მუსიკალურ კრებულში შესულ სიმღერებს ასრულებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ბოკა კვეკვესკირი, თინათინ ჭულუხაძე, მამუკა პავლიაშვილი, ჯაბა მესტვირიშვილი, ანსამბლები: „მუხამბაზი“ და „მეცო“. კომპოზიტორი ია მაისაია საღამოზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა და თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სიმღერების ალბომის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქართული ინტელიგენციისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ალპინიადის მონაწილეები დააჯილდოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2019 წლის 21 სექტემბერიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა გამართა, ალპინიადის ინიციატორები იყვნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“.

4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ამ ალპინიადის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ამასთანავე დააჯილდოვეს მთამსვლელები, რომლებმაც ამ დღეებში ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალი ხელმეორედ დალაშქრეს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს, რომელიც ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარეობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და მთამსვლელები.

ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ალპინიადის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სიგელებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, სააქციო საზოგადოება „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე და სხვ.

ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და სხვები. მეუღლემ ლია ჯალაღონიამ, ჟიული შარტავას დაფასებისა და უკვდავყოფისათვის, თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს განსაკუთებული მადლობა გადაუხადა.