აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლეს, 3 მარტის დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს  მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

„თქვენ ხართ გმირების დედები და სახელმწიფო თქვენთან ვალშია", - ამ სიტყვებით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ ქალბატონებს.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით მსგავსი შეხვედრები ამ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შვილმკვდარ დედებთანაც გაიმართება.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მრგავლი მაგიდა თემაზე „აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“ გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დანერგვის მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს. გამოიკვეთა კონკრეტული შეხედულებები და წინადადებები, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო, არასამთავრობო და უნივერსიტეტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აფხაზური ენის შესწავლის საქმეში, თუნდაც აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი თემურ გვანცელაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის წარმოამდგენლები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური განათლების სამინისტროს ძალისხმევით, სულ მალე, თბილისში, აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყება. „როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგვაჩნია 13 საჯარო სკოლა, რომლებიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განკარგულებაშია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ შევძელით ამ სკოლებში დაგვენერგა აფხაზური ენა, რადგან არ არსებობდა არც ლიტერატურა, არც მეთოდიკა და არც პროგრამა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის ფაკულტეტი, სადაც გარკვეული რაოდენობის სტუდენტები სწავლობენ.

ჩვენს განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ ამ საკითხისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყო დღევანდელი კონფერენცია, სადაც საუბარი გვქონდა პრაქტიკული მიდგომებისა და აფხაზეთის სკოლებში აფხაზური ენის სწავლების პილოტური პროექტების შესახებ. სავარაუდოდ, ეს იქნება 2 სკოლა თბილისში. შესაბამისი დახმარების გაწევას დაგვპირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ ძალიან სერიოზულად შევუდგეთ ამ პროგრამის განხორციელებას". - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

წარმოდგენილი იყო აფხაზოლოგიის სასწავლო ლიტერატურა და აფხაზური ენის სასწავლო გაკვეთილების დისკი.

ხარაგაულში აფხაზეთის დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმერეთის რეგიონში, კერძოდ ხარაგაული მუნიციპალიტეტში  პროექტის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის საქართველოს რეგიონებში'' ფარგლებში აფხაზეთის დღე აღინიშნა. გაიმართა სამუშაო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულ ოჯახის წევრებს და გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა  რაიონის ხელმძღვანელობასთან. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატს შორის. მე-2 საჯარო სკოლაში მოეწყო შემოქმედებითი საღამო.

აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა"  გამართა სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო". თეატრის ფოიეში მოეწყო ფოტო-გამოფენა „მოგზაურობა აფხაზეთში".

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი  და იმერეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ხელმძღვანელობა.

პროექტის მხარდამჭერები და ორგანოზატორები იყვნენ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა.

სასტუმრო ,,მერიოტში’’ მრგავლი მაგიდა თემაზე „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდა“ ჩატარდა

25 თებერვალს, სასტუმრო "მერიოტში"იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის" ორგანიზებით ჩატარდა  მრგვალი  მაგიდა თემაზე - „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდა".

შეხვედრა დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის „სინერგია"-ს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

მრგვალ მაგიდას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, ერედვის, ქურთას, თიღვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები,  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის  ხელმძღვანელობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

მრგვალი მაგიდა პროექტის „ჩვენ ამას შევძლებთ" ფარგლებში ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს 2014 წელს განხორციელებული და 2015 წელს განსახორციელებელი სოციალური პროგრამები, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში. ყურადღება გამახვილდა ორ საკითხზე სოციალურ პოლიტიკაში სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინირება, ასევე სხვადასხვა სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი სოციალური პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება.

ასოციაცია „თანხმობამ" სურვილი გამოთქვა დევნილებში და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცეელბაში დახმარება გაუწიოს სამთავრობო სტრუქტურებს. ასევე გამოითქვა არასამთავრობოების მზაობა აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ სამთავრობო სტრუქტურებს.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად ტარდება და სურვილი გამოთქვეს, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ და შეხვედრები რეგულარული გახადონ.

ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხის გახსნას დაესწრო.

აფხაზური კუთხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიხსნა, სადაც სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა განთავსდა.

აფხაზური კუთხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, პარლამენტის წევრები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზურ კუთხეში წარმოდგენილ იქნა  ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ლექსიკონები და პირველი აფხაზურ-რუსული ლექსიკონი, რომელიც ხელახლა გამოიცა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ლექსიკონის დედანი თარიღდება მე-19 საუკუნის 20-იანი წლებით და ინახება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში, როგორც იშვიათი გამოცემა.

სტუმრები დასაჩუქრდნენ  აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის ციფრული ჩანაწერებით. ასევე გაიმართა დიმიტრი ერმაკოვის ისტორიული ფოტოების გამოფენა, რომელიც საჩუქრად გადასცეს ბიბლიოთეკას ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლობებმა საქართველოში.

კუთხის გახსნა აფხაზური ენის, მწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურეობაზე ტრენინგი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით 23-24 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტიანი კომუნიკაციასა და მომსახურეობაზე ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა ინტერაქტიულ ატმოსფეროში, როლური თამაშებითა და თემატური პრეზენტაციებით განიხილეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკა, მოქალაქეებთან მუშაობის ვერბალური და არავერბალური მეთოდები - სუბიექტური და ობიექტური რეალობის სახეები, კითხვების დასმის და ჟესტიკულაციის ენა.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთან პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა პანაშვიდსა და დაკრძალვას დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაესწრნენ.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

პანაშვიდს და დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები და გმირების თანამებრძოლები დაესწრნენ.

გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულაძეს ნეშტი თანამებროძოლების გვერდით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

22 წლის წინ ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.

კონკურსის „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

თბილისის საკრებულოს გალერეაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულთა და ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსში  მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა,  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა  სულ 931 ადამიანმა  მიიღო, ფინალში კი მხოლოდ 50-მდე მონაწილე გადავიდა.  დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აღმსრულებეილი ხელისუფლების, კერძო კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც კონკურსანტები სხვადასხვა პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა კონკურსში გამარჯვებულ  მოსწავლეებსა   და პედაგოგს აფხაზეთიდან, სპეციალური პრიზები გადასცეს. 

კონკურსი მიზნად ისახავდა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაციას, ხელით წერის კულტურის განვითარებას ახალგაზრდა თაობაში, სხვა დაინტერესებულ პირებში და ამ გზით მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას; ასევე ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

ვახტანგ ყოლბაია ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის როლზე კონფლიქტების დარეგულირებისა და ტრანსოფრმირების საკითხებში.

გიორგი ოვაშვლის ორი ფილმი „გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული" აფხაზეთის თემატიკას ეხება.

შეხვედრაზე კინორეჟისორმა აღნიშა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პრეოქტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ფილმის ,,გაღმა ნაპირის"-ს თარგმნა აფხაზურ ენაზე. ,,დამზადებული ათასი  ცალი კომპაქტდისკი, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს''- განცხადა გიორგი ოვაშვილმა.

უახლოეს პერიოდში კულტურის სამინისტროსთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, მოხდება  აღნიშნული კომპაქტდისკების გადმოცემა გასავრცელებლად, რისი ნახვის ინტერესიც უკვე გამოხატეს აფხაზებმა.

ფილმში  ,,გაღმა ნაპირი", რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული კინო-ფესტივალის პრიზიორია, მოქმედება 90-იანი წლების თბილისსა და აფხაზეთში ვითარდება. მთავარი გმირი, აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის თედო ბექაურია.

რეჟისორის მეორე ფილმის "სიმინდის კუნძული" სიუჟეტი მდინარე ენგურზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ნამუშევრის მთავარი გმირები აფხაზი მოხუცი, მისი შვილიშვილი და ქართველი ჯარისკაცია.

ვახტანგ ყოლბაია საქართველში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლიბიან ელჩს პლამენ ბონჩევს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულფლებიან ელჩს პლამენ ბონჩევის შეხვდა.

შეხვედრაზე ბატონმა პლამენ ბონჩევიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ასევე, განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად ბულგარეთის შესაძლო ჩართვა ჰუმანიტარულ პროექტებში.

შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ბულგარეთის საეჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.

პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიზნად ისახავდა კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენას. შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპერტო შეფასებები კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება-მოგვარებაში".

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობაზე და ამ გზით კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და კულტურულ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მათ მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და აფხაზი და ოსი მოსახლების განწყობებზეც ისაუბრეს. მათი დიდი ნაწილის მოსაზრებით, საჭიროა სამშვიდობო მიმართულებით საქმიანობა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პოპულარიზაცია. ასევე, აღინიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდობას გაუჩნდეს სამშვიდობო პროცესში ჩართვის მოტივაცია, რათა პროცესი წინ წავიდეს.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები და მოსაზრებები წარმოადგინეს დასმულ საკითხთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, უნდა შეიქმნას კომპლექსური მიდგომა, რომელიც კონსოლიდირებულად უნდა გატარდეს და რისი კონტურებიც სახელმწიფოს მხრიდან გამოიკვეთა. რაც შეეხება კონფლიქტის მეორე მხარეს, ექსპერტთა შეფასებით იგრძნობა, რომ ისინი მზად არიან ურთიერთობის დათბობისათვის.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „შეხვედრაზე გამოთქმული კონკრეტული წინადადებებიც და საპირისპირო მოსაზრებებიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია სტრატეგიის დაგეგმვისას და ხედვების ჩამოყალიბებისას. მე ვფიქრობ, ასეთ წარმომადგენლობით ფორმატში კარგია შეხვედრა, მაგრამ მომავალში სექტორებად უნდა დაიყოს ვინც მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობაზე, სახალხო დიპლომატიის მიმართულებით, ასევე არსებობს სამეცნიერო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტიკაზე მუშაობენ, მათთან უშუალოდ გავაგრძელებთ მუშაობას.

დღეს კონკრეტულად წინადადებების, მოსაზრებების შეფასებაზე საუბარი ნაადრევია. დღევანდელი შეკრების მიზანია, გაერთიანდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალიასხმევა იმისათვის, რათა სწორ სტრატეგიულ ნაბიჯებამდე მვიდეთ. გავაანალიზოთ, ჩამოვაყალობოთ, კიდევ რამდენჯერმე შევხვდეთ და საზოგადოებას შევთავაზოთ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული მიდგომები, რომელსაც იზიარებს ექსპერტთა დიდი ნაწილი".

შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართა.

ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა

 

ზუგდიდის გამგეობის შენობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა; სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ სოზარ სუბარის მიერ დღეს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოთქმული პირობა გააცნო, რაც დევნილთათვის 2 500 ბინის მშენებლობას გულისხმობს. ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ეთერში აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სატელევიზიო მაუწყებლობის გახსნას, რომელიც 15 თებერვლიდან, კვირაში ერთხელ იმაუწყებლებს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და თანადგომისათვის მათ მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა დიმა ჯაიანმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რა მიმრთულებითაც სამინისტრო მუშაობს, კერძოდ, სკოლების სრულფასოვან მუშაობაზე, წარჩინებული მოსწავლეების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნაზე. ჯაიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გალის ტერიტორიაზე პედაგოგიური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს და მათ გმირები უწოდა.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული დევნილთა უფასო-პროფილაქტიკური გამოკვლევების წარმატებებსა და ზუგდიდში ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის დადებით შედეგებზე.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ დევნილ მოსახლეობას გააცნო იაპონიის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხებით სამეგრელოში დაგეგმილი ბიზნეს-პროექტები, რომლებშიც დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ასევე აღინშნა ბიუჯეტში დარჩენილი თანხების დევნილებისთვის გადანაწილების თაობაზე, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად იქნა მოპოვებული.

სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დევნილებთან დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობას მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა აქვს სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, დევნილთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

„ბატონ ლევან შონიას ინიციატივა რეგიონალური შეკრების შესახებ, ჩვენი მინისტრების მონაწილეობით, მართლაც საუცხოო წინადადებაა ჩვენთვის. დღევანდელ სხდომაზე ყველა პრობლემაზე საუბრის საშუალება მოგვეცა. სათქმელი და გადასაწყვეტი საკითხები კი ბევრი გვაქვს. ჩვენმა წარმომადგენლობამ ძალიან საქმიანი და მჭიდრო ურთიერთობადაამყარა არა მარტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არამედ ამ რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველა წარმომადგენლობასთან, რაც მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობის საწინდარია. დღეს ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ, გამოიყო თემები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. ამავე დროს განვიხილეთ უმიშვნელოვანესი პროექტის პერსპექტივები, რომლის პრეზენტაცია დღეს ბატონმა სოზარ სუბარმა მოახდინა. პროექტი დევნილთათვის 2 500 ბინის მშენებლობას გულისხმობს. ამ პრეზენტაციას ზუგდიდელებთან ერთად ყველანი ვესწრებოდით, რომლის მიხედვითაც 2016 წლისთვის ზუგდიდში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის საკითხი პარაქტიკულად გადაწყდება. რა თქმა უნდა, არის ბევრი სოციალური პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი მაუწყებლობას იწყებს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი მაუწყებლობას იწყებს. უყურეთ ყოველ კვირას, 17:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“, გადაცემას „აფხაზეთი“.

 

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეროვნული გმირის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელი მიენიჭა

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეროვნული გმირის, აფხაზეთის ომში დაღუპული  ჯუმბერ ბეთაშვილის სახელი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით დღეს, გელოვანის ქ. №4-ში   მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. 

საზეიმო ცერემონიალს ქალაქ თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ჯუმბერ ბეთაშვილის ახლობელ-მეგობრები და თანამებრძოლები დაესწრნენ. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებისათვის საზეიმო კონცერტი გამართეს, წაიკითხეს  ეროვნული გმირისადმი მიძღვნილ ლექსები და ჩანახატებს.

ჯუმბერ ბეთაშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებთან ერთად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა და მისი აღებისას გმირულად დაიღუპა. 

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლისთვის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ ამავე სკოლის დირექციის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილთა დასაქმების პერსპექტივებისა და ქვეყნის აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ.

მოხსენებით გამოვიდა სსიპ ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშემყობი ცენტრი-ბიზნეს ინკუბატორის" ხელმძღვანელი ალუ გამახარია, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი მოსალხეობის ჩართულობაზე, მათ პრობლემებსა და დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრა. მოხსენების დასასრულს დისკუსია გაიმართა. სამომავლოდ დაიგეგმა შეხვედრები და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა ცენტრლურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინსტოს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დევნილთა დასაქმების მიმართულებით, აფხაზეთის მთავრობა მუშაობას ააქტიურებს და სულ მალე ამ მხრივ კონკრეტული შედეგებიც იქნება. მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა მზადაა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან შენქმას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.

„ყველა ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამთავრობო სტქუქტურებთან და არასამთავობო ორგანიზაციებთან გვჭირდება უფრო მეტი კოოპერირება. რეალურად შესაძლებელია ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის მეტი სამუშაო ადგილის გამოძებნა, მცირე თუ საშუალო ბიზნესში მათი ჩართვა. დევნილების დასაქმების ორგანიზებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროები. მათთან თანამშრომლობა და უშუალო კონტაქტი სამუშაო ადგილების შექმნის და სამომავლო წინსვლის ერთგვარი გარანტია. შრომითი მოწყობის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო თემაა ასევე სოფლის კოოპერატივებში დევნილთა ინტენსიური ჩართვა.

დღეს შევთანხმდით, რომ დაინტერესებულ უწყებებთან შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და დავგეგმოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის შექმნისა და ასეთი ღონისძიებების ერთად დაგეგმვის შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ დამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა მოეწყო.