მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაგრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საღამოზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მიმართეს. სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

გაგრის დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მოღვაწე ცნობილი ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.

ღონისძიების ფარგლებში, გაგრის საზოგადოების წარმატებულ წარმომადგენლებს ნაყოფიერი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის" ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, თავდაცვის პოლკოვნიკმა როზმან ლოლაძემ ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე ლექცია-ტრენინგი ჩაატარა.

მინისტრის აპარატის პროექტში „სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“ აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახებიდან ორმოცამდე (15-დან 17 წლამდე) მოზარდი იყო ჩართული, რომლებმაც არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება, მშვიდობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა.

ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქალაქ სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით და სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გამართა - შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით რუსლან აბაშიძემ მიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ქართული კულტურის საღამოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სალონიკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შერვაშიძის ქუჩაზე მოეწყო, სადაც, დღეიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი იცხოვრებს.

მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში „12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და დევნილ სტუდენტებს მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.

სასწავლო კურსი „12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამა“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის  ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოცდაერთმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორიები.  უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მოეწყო მხატვრული კითხვის კონკურსი, შესრულდა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა.

„თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ, თქვენთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული.

პოლიციელებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.

აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში ახალი ტელესტუდია გაიხსნა.

ტელესტუდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ და ცენტრის დირექტორმა სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრეს.

ტელესტუდიაში დაგეგმილია საქართველოში პირველი ანალიტიკური გადაცემის ჩაწერა აფხაზეთის თემატიკაზე, რომელსაც ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გაუძღვება.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ომის ვეტერანები ესწრებოდნენ.  

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პირველ არხსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საარქივო მასალების ურთიერთწვდომის და გაცვლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად თანამშრომლობენ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქების კუთხით. აღნიშნული მემორანდუმი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. გამომსვლელებმა იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ ნანა გაბელიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიას მადლობის სიგელები გადასცა.

უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, საუკეთესო ნაშრომების ავტორები სხვადასხვა ნომინაციაში. ღონისძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია გადაეცათ სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართვა გააცნო.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს, მიწვეულ სტუმრებს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გილოცავთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს. ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობითა და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებით უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო.

საქართველოს თავისუფლების იდეა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვა არის ჩვენი ერის მამოძრავებელი ძალა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ურთულესი და გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ. განუზომელია მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო. სწორედ ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

დღევანდელი დღე განასახიერებს ევროპული მისწრაფებებისა და კავშირების მრავალსაუკუნოვან ისტორიას. საქართველო დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს ახლოს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან და ჩვენი სტრატეგიული მიზნის აღსრულებასთან. მჯერა, რომ ძალიან მალე დავიბრუნებთ კუთვნილ და დამსახურებულ ადგილს ევროპულ სივრცეში.

ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე, ერთობით და კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით, სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით ჩვენ გავაგრძელებთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და განმტკიცებას.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ გამთლიანებულ, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას!