
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო.
პრეზენტაცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, სადაც მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.
ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანი) ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების მონაწილეობის და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგის ხელშეწყობა და შერიგების მხარდაჭერა მთავრობისა და მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ნანა გაბელიამ დევნილ ემიგრანტებს ქართული დიასპორებისთვის სპეციალურად შექმნილი საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმა წარუდგინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ემიგრაციაში მცხოვრები საზოგადო მოღვაწის გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ანიმაციის ჩვენება გაიმართა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში მინისტრის აპარატის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა მონაწილეობდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. ისაუბრეს ჯანდაცვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გადაადგილების უფლებებზე. საუბარი შეეხო საკუთრების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
შეხვედრის მონაწილეები სამომავლო აქტიური ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 57-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დიდ მნიშვნელობას, ვინაიდან ის წარმოადგენს, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთ პლატფორმას ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების საკითხზე.
საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა: რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით - საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ასევე, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ამ მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი 2023 წლის 4-5 აპრილს გაიმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ უცხოელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
ფრანგმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.


ქართული თეატრის კვირეულის ფარგლებში, ინდოეთში, ქალაქ აგრაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა “გაგრიდან აგრამდე” მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარიამ აქუბარდიას, ბიძინა სიდიანის და პაპუნა პაპასკირის ნამუშევრები. აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი, ტილოსა და ხეზე შესრულებული შემოქმედება გააცნეს. გამოფენის პარალელურად, ქართველი და ინდოელი მხატვრების ერთობლივი ვორქშოფი გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, აგრასა და ჯაიპურში კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრები მოეწყო.
ქართული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად გაიმართა და მასში 4 ქართული თეატრალური დასი მონაწილეობდა. ფესტივალი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო და აქტიურად გაშუქდა ინდოეთში ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.
1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.


ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოფენა „ფერების ზღვა“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
გალერეაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების ესმა არღვლიანის, მარიამ აქუბარდიას, თამარ გითოლენდიას, ქეთევან ეფაძის, ნინო ჭედიას, ფლორა ჩხოტუას, თეკლა ჯუღელის, და ნანა ესიავას პერსონალური ნამუშევრები.
გამოფენა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს აფხაზეთიდან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დალი ჯონჯუა, გულიადა ჭკადუა, მედეა კორსანტია, ვენერა რურუა, მანანა ბიგვავა, მარი ჟღენტი, ხათუნა გოგია, ეკატერინე შუკვანი, სვეტლანა კვიკვინია და ციალა კოპალიანი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზეთის თემატიკის ინტენსიურად გაშუქებაში.
ასევე, დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები ნანა და ნონა ქობალიები, რომლებსაც რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირადად ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.


8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.


საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.


3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედები მოინახულა. რუსლან აბაშიძემ და ანზორ მარგიანმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.
დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 251 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.
საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე. ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ რეჟიმში.
იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიხსნა და მისი მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას ესთერ მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ისრაელის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
