
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.
რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ორი თვის განმავლობაში, 14 - 17 წლის ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციის, კომუნიკაციის პრინციპების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის მიმართულებებით გადამზადდებიან. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოზარდებს სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
დღესვე, აღნიშნული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც ანზორ მარგიანი და ნანა გაბელია დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შეხვდნენ, რომლებმაც ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის აპარატის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებით საღამოს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი, სამი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა საპრეზენტაციო კონცერტი. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერისა და ცეკვის განახლებული საკონცერტო პროგრამა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილის, ასევე ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები, მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები, მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია ანსამბლის ისტორიის წარმოჩენა, ახალ თაობაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის გაზრდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კონფერენციის „დიალოგი მშვიდობისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრები, რომლებშიც საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით იმართება.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იმავდროულად აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარეა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „სივრცის დაგეგმარება - საქართველო 2023“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადების და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ადგილობრივ სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარე წლის ბოლომდე შეიქმნება დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენის, უწყების და დარგის ინტერესები.
კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური უზრუნველყოფის, სპორტის და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციების მიწოდების მიზნით, აქტიურად იმართებოდა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის.
მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ისაუბრა. პრეზენტაციის ბოლოს რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ანგარიში დადებითად შეაფასა. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ წლიურ ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.
„ქრისტე აღდგა!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენითა და იმედით, რომ სულიერი ამაღლების გზით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგების, შენებისა და განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს, აფხაზეთის საზოგადოება ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის პატივისცემით შეძლებს საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას და ჩვენ მშვიდობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. სიკეთე და წარმატება მოეტანოს ამ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვთა თავშესაფარს „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრა, ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე მონაწილეობდა.
დღესვე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადაეცა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომლებმაც სახელმწიფო ენის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი მეცნიერი – მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დააჯილდოვეს.
ღონისძიების ფარგლებში, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2022-2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.
ღონისძიებაზე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა კალიგრაფიის მასტერკლასი და დედაენის თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი წიგნები წარმოადგინეს.


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ვაზიანსა და რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (მრავალშვილიანი და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახები) მოინახულა, აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. ღონისძიების ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ასევე საჩუქრად სათამაშოები გადაეცათ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა სახეობის სასურსათო პროდუქტი გადაეცემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.


საჯარო სექტორში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმის დანერგვასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და განისაზღვრა აქტივობები. მთავრობის თავჯდომარის გადაწყვეტილებით, შეირჩა სისტემაში შემავალი სამინისტრო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით. ფინანსთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების გაზიარებას სამუშაო შეხვედრებისა და ტრეინინგების უზრუნველყოფის გზით.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შერჩეულ სამინისტროში გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხი და შიდა კონტროლის მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. აგრეთვე, თავის მხრივ მენეჯერული უფლებამოსილების დელეგირება უზრუნველყოფს სამინისტროს სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მდგომი მენეჯერის დაწესებულების საქმიანობის მართვაში ჩართულობის ხარისხის ზრდასა და რესურსების ეფექტურ მართვას.
უახლოვეს მომავალში დაგეგმილია შერჩეულ სამინისტროში მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„დღევანდელ თარიღს ორი განსხვავებული ისტორიული კონტექსტი აქვს. 1989 წლის 9 აპრილი ერთდროულად უდიდესი ტრაგედიის და სიამაყის დღეა. ამავდროულად, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის სიძლიერისა და შეუდრეკელობის სიმბოლო. ეს მოვლენა იყო იმის მაჩვენებელი, რომ საფრთხისა და გამოწვევების წინაშე ჩვენი ხალხი თავს არასდროს დახრის.
ქედს ვიხრი და პატივს მივაგებ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას. სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო ის იდეალი, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს მათი თავგანწირვა, რადგან დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. მათი თავდადება არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო.
დღეს საქართველო დემოკრატიული, წარმატებული და თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო პროცესი, რადგან მჯერა, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი 4 - 5 აპრილს გაიმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა რომინა გურაშმა მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს განახორციელებენ, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ამასთანავე, ამ მიმართულებით იგეგმება, მინისტრის აპარატის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება, რომელთა ფარგლებში წარმოდგენილი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები პუბლიკაციების სახით დაიბეჭდება.
ასევე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს კონფლიქტების შესახებ უნივერსიტეტში დაცულ სამეცნიერო ნაშრომებს გაეცნენ და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კონფლიქტოლოგიის თემაზე გამოცემული ქართულენოვანი წიგნები გადასცეს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.
