აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2016-05-21
ვახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი

- ბატონო ვახტანგ, რამდენიმე დღის წინ, შემზარავი ფაქტი მოხდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში, რუსმა მესაზღვრეებმა 29 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას?

- შემზარავი ფაქტი მოხდა ხურჩაში. 29 წლის  გიგა ოთხოზორია, ორი  შვილის მამა შეეწირა საზღვარზე  დადგენილი უსაფრთხოების ზომების სრულ უგულებელყოფას, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, თურმე რუსეთს, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არავითარი კავშირი არა აქვს.  რუსეთის  მიერ მსგავსი განცხადებების ტონი და  სულისკვეთება ჩვენთვის არახალია.გადაბრალების პოლიტიკა რუსეთის მთავარი იარაღია. რუსეთი აკონტროლებს აფხაზეთის ე. წ. საზღვარს და ეს ყველასათვის ცხადია. ეს ჩანს იმ ე.წ. ხელშეკრულებიდანაც, რომელიც სოხუმსა და კრემლს შორის გაფორმდა. აქედან გამომდინარე, რუსეთის ე. წ. მესაზღვრეები თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ ადმინისტრაციულ საზღვარს მდინარე ენგურზე. თუ აკონტროლებენ, თუ დადგენილი წესებით მოქმედებენ, მაშინ გაუგებარია, როგორ დაუშვეს, რომ გასროლა ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს მოხდა, შემდეგ კი  აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეები გამოედევნენ გამოქცეულ ახალგაზრდა კაცს ზუგდიდის ტერიტორიაზე, სადაც ჩაიდინეს ეს სასტიკი მკვლელობა.

- რუსები ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ...

- არსებობს ვიდეომასალაც, სადაც ყველაფერი ასახულია - ვინ, სად და როგორ დაედევნა ამ ყმაწვილს, როგორ მოუსწრაფა სიცოცხლე მეექვსე, საკონტროლო გასროლით. რუსეთის საგარაეო  საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან იგრძნობა, რომ ეს უწყება შეეცდება, გაამართლოს ეს უბედურება და  ყველაფერი პროვოკაციას მიაწეროს.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინვე განაცხადა, რომ დადგენილია კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება. უახლოეს დღეებში მიიღებენ ამ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ. მიუხედავდ ყველაფრისა, იმედი მაქვს, რომ სოხუმი და კრემლი გაერკვევა იმაში, რაც მოხდა  და ყურად  იღებენ გამოძიების მიერ დადგენილ უტყუარ ვერსიას.

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს ურჩევს ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლებას. რა ხდება ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  შეგონებას, რომ „ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს ამ მექანიზმის ამოქმედებაზე...", რაც თითქოს ადრე აფხაზური მხარის კეთილი ნებით მოხდა. შესწორება მინდა შევიტანო ამ საკითხის არასწორ ინტერპრეტაციაშიც. ვეტოს დადების დღიდან ქართული მხარე გამუდმებით  ცდილობს ამ მექანიზმის ამოქმედებას, მაგრამ ამაოდ.

სწორედ ქართული მხარის კეთილი ნებით მოხდა ამ მექანიზმის შეთანხმების მიღება ჟენევაში, რაც შემდეგ აფხაზურმა მხარემ გაუგებარი მიზეზების გამო  დაბლოკა. ეს ძალიან კარგად იციან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლებმაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და სოხუმმაც. მე რომ მკითხოთ, ასეთი პრევენციის მექანიზმი ამგვარი დანაშაულის წინააღმდეგ, ეფექტიანი ვერ იქნება. აუცილებელია რუსეთის  და სოხუმის კეთილი ნებით ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი, რომელიც გაცილებით ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია გახდებოდა ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ენგურის ხიდის გავლით მოძრაობს.

მე მინდა მივუსამძიმრო ტრაგიკულად დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. თანადგომას ვუცხადებ მათ  ამ საშინელი განსაცდელის ჟამს.

Abkhazia News

2016-02-15
ვახტანგ ყოლბაია: ახალგაზრდობა ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრე და მომავლის ინვესტიციაა

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტთათვის სტიპენდიების დაწესებას აპირებს. აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, თქვენს ვებ-გვერდზე დაიდო წესდება ჟიული შარტავას და დიმიტრი ემუხვარის სტიპენდიის მომპოვებელთათვის. რა მიზანს ისახავს აფხაზეთის მთავრობის სახელობის სტიპენდიების დანიშვნა?

ცოტა შორიდან დავიწყებ თუ ნებას მომცემთ. ჩვენი მიზნები, რეფორმები, ჩვენი სტრუქტურების მიერ შემუშავებული ყველა სამოქმედო არეალი ერთ მიზანს ემსახურება. უწინარესად, როგორმე მოვახერხოთ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური პირობების გასუმჯობესებლად. ყველას მოეხსენება, რომ მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. დათრგუნული, ფუძეაყრილი, უმუშევარი ადამიანი, რომელსაც ყოველდღე სარჩო აქვს მოსაპოვებელი ოჯახის გამოსაკვებად, ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას. ვგულისხმობ აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და დაახლოების პროცესს. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ გაჩერების, ხელების ჩამოშვების, რაიმე მიღწევებით თავის მოწონების უფლება არა გვაქვს. ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა ავადმოსაგონარი დღეებიდან. გაიზარდა ახალგაზრდობა. ისინი უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფვიან, ხედავენ მათ მშობლებს როგორ უჭირთ, რა რთულია დევნილი ადამიანის ხვედრი. შიში იმისა, რომ ჩვენი ყმაწვილები დაივიწყებენ აფხაზეთს, თავიანთ მშობლიურ კუთხეს, რეალურია. თანამედროვეობას მოაქვს თავისი მოთხოვნები და ცხოვრების წესი, რომელიც გაიძულებს ამ ტალღაზე გადაწყობას გინდა შენ ეს თუ არა. ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ - ახალგაზრდობა დიდი ძალაა, რომელსაც ჩვენზე მეტის გაკეთება შეუძლია. უფრო გამომგონებელია, უფრო მოქნილია, სწრაფი აზროვნებით და სიტუაციის ადეკვატური შეფასების უნარით გამოირჩევა. მათთან ურთიერთობამ, ხშირმა შეხვედრებმა, აფხაზეთის თემაზე საუბრებმა ბევრი რამ მასწავლა მეც და მრავალ ჩვენგანსაც.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან ნიჭიერი თაობა იზრდება. იგივეს თქმა შემიძლია აფხაზ ახალგაზრდებზეც. მათში ვხედავ საუკეთესო მეცნიერებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, დიპლომატებს, ეკონომისტებს, იურისტებს და მრავალი სხვა სპეციალობის ადამიანებს, რომლებსაც ცითარების საუკეთესოსკენ შეცვლა შეუძლიათ.

ისინი გახლავთ ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრე და მომავლის ინვესტიცია, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, ზრუნვა, ხელშეწყობა, გზის გაკაფვა და, რაღა თქმა უნდა, სტიმული შემოქმედებითი ძიებისათვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მათი ფიქრის და ზრუნვის საგნად იქცეს აფხაზეთი. ვინ თუ არა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები შეძლებენ ყველაზე უკეთ ურთიერთობის დათბობას, ჩატეხილის გამთელებას, ერთმანეთთან დაახლოებას. ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს, რომლის დაკონკრეტებასაც ახლა არ შევუდგები, ვინაიდან ყოველმა ზედმეტმა სიტყვამ შეიძლება ამ პროცესს მხოლოდ ხელი შეუშალოს.

ერთი ყოველთვის მეორისგან გამომდინარეობს. მუდამ ასე იყო და ვფიქრობ, ამ მხრივ მომავალშიც არაფერი შეიცვლება.

დროს ვერაფერი შეაჩერებს, დღევანდელი ახალგაზრდები მალე მოწიფულ ადამიანებად იქცევიან. მათი შვილებისთვის კი აფხაზეთი შესაძლოა მხოლოდ შორეულ მოგონებად იქცეს. ამიტომ ჩვენი გმირების სახელები, რომელთაც საქართველოს სახელი გაუთქვეს მათთვის და მომავალი თაობებისთვის სამაგლითონი უნდა გახდნენ. მათი სახელობის სტიპენდიის დაარსებით ჩვენ სტუდენტებს აფხაზეთის თემაზე მუშაობის და ამ საკითხზე ჩაღრმავების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ მათი კვლევები, მათი მიდგომები, მათი ხედვები გვაინტერესებს. ველით მათ გამოსვლებს კონფერენციებზე, საერთაშორისო სარბიელზე.

- საიდან მოხდება სტიპენდიანტების დაფინანსება და როდის შეუდგება კომისია მუშაობას?

რაც შეეხება სტიპენდიას, ვფიქრობ მის მოსაძიებლად საუკეთესო სტუდენტები ჩაერთვებიან. ჩვენი კომისია კი საკეთესოთა შორის საუკეთესოს შეარჩევს. რა თქმა უნდა, სტიპენდიებს ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ჩვენი ბიუჯეტიდან. კომისიის ჩამოყალიბება თითქმის დასრულებულია. ვფიქრობ, აპრილის ბოლოს პირველ გამარჯვებულებს გამოვავლენთ. აქვე მინდა დავუმატო, რომ სკოლებისთვისაც გვაქვს მოფიქრებული საინტერესო პროექტები აფხაზეთის თემაზე, რომელზე მუშაობასაც, ვფიქრობ, ახალი სასწავლო წლის დადგომისთანავე შევუდგებით.

- რა გაქვთ ჩაფიქრებული უახლოეს მომავალში ახალგაზრდობისთვის, თუ შეგიძლიათ დღეს ამაზე საუბარი?

ვესწრაფვით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თავმოყრას მრგვალ მაგიდასთან, ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებზე ვფიქრობთ. გვინდა აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ფოლკლორულ კონცერტს გავუკეთოთ ორგანიზება. გვსურს საერთშორისო კონფერენციის მოწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო აფხაზი, ქართველი და ოსი ახალგაზრდები, არამედ ჩვენი რეგიონის და უცხოეთის სეპარატისტულად განწყობილი რეგიონებიც. ამ კონფერენციაზე ყველა კონცეფციას ექნება არსებობის უფლება და მისი სამეცნიერო განხილვა არავის პროტესტს არ გამოიწვევს. სხვა აქციებიც გვაქვს ჩაფიქრებული, რომელზეც წინასწარ ლაპარაკს მოვერიდები. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი შედეგს მოიტანს, ახალგაზრდობა გამოგვყვება და ჩაფიქრებულ პროექტებს წარმატებით განვახორციელებთ.

 

მიხეილ ჭაბუკაშვილი
Abkhazia News

2015-12-15
რატომ ჩაიშალა ქართულ-რუსულ-აფხაზურ-ოსური მხარეების მოლაპარაკებები?

 

რა გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის მიღწეული ვიზალიბერალიზაცია აფხაზურ საზოგადოებასა და ელიტაზე, გვესაუბრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

 

- ბატონო ვახტანგ, რა გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა აფხაზეთზე?

- ჩემი ვარაუდით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამ არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს აფხაზურ საზოგადოებაზე.

- როგორ წარმოგიდგენიათ მათი მხრიდან ევროპული სიკეთეების გაზიარება?

- რა თქმა უნდა, ეს მოხდება თბილისის გავლით. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ეს იქნება საქართველოს ან საერთაშორისო მაინდიფიცირებელი დოკუმენტების მეშვეობით.

- ნეიტრალური პასპორტი ხომ იყო?

- დიახ, ამ შემთხვევაში ნეიტრალურ პასპორტებზეა საუბარი. ყველა ვერ „გაბედავს" ღიად თქვას, რომ საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ მინდა, უცხოეთში წავიდე და იქ განათლება მივიღოო. თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი ამბობს, რომ მისთვის ოჯახის წევრის, შვილის ჯანმრთელობა უფრო ღირებულია, ვიდრე პოლიტიკური მრწამსი. ვინც საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღებას მოერიდება, ის აიღებს ნეიტრალურ პასპორტს და იმით გავა.

- ბატონო ვახტანგ, ოდნავ შევცვალოთ თემა, რატომ ჩაიშალა ჟენევის 34-ე მოლაპარაკება?

- რამდენიმე წლის წინ ანალოგიური დემარში მოახდინეს აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა რუსულ მხარესთან ერთად, როცა  საკითხი დევნილთა დაბრუნებას ეხებოდა. დევნილთა საკითხი დღის წესრიგში მუდმივად არის და მუდამ იხილება. არ შეიძლება დევნილთა საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდეს, რადგან ჟენევის მოლაპარაკებები აწყობილია დევნილთა პრობლემებზე.

- ჩირიკბას განცხადებით, თითქოს საკითხი წინასწარ დამუშავებული არ იყო და მათ გარეშე იქნა შეტანილი მოლაპარაკების დღის წესრიგში.

- არა, ასე არ იყო.

- მინდოდა მეკითხა, წინასწარ რატომ არ იყვნენ ინფორმირებული, რომ აფხაზებს პროტესტის საშუალება არ ჰქონოდათ?

- როცა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მზადდება, მას წინ უძღვის თანათავმჯდომარეების ვიზიტი (თანათავმჯდომარეები არიან ეუთოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები) თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში, დღის წესრიგის შეთანხმება წინასწარ, ერთი თვით ადრე. მეორე - ჟენევაში სხდომების დაწყებამდე გვაქვს შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან, მეორე ჯგუფის ხელმძღვანელებთან და პირველი ჯგუფის ხელმძღვანელებთან. იქ თანხმდება დღის წესრიგი.

ამიტომ ყველამ ყველაფერი იცის, რა საკითხი იხილება იმ დღეს. მოლაპარაკებების მხარეებმა ვიცით, რომ მეოთხე საკითხი ყოველთვის არის დევნილთა საკუთარ სახლ-კარში დაბრუნება. როცა დევნილების საკითხს ვუახლოვდებით, ოსები და აფხაზები რუსებთან ერთად დგებიან და ტოვებენ დარბაზს. როცა ისინი დარბაზს ტოვებენ, ღონისძიება იშლება.

- . ი. ისინი შეგნებულად შლიან მოლაპარაკებებს.

- ბოლოს წინა შეხვედრაზე დარბაზში რჩებოდა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი, რომელიც აძლევდა სტატუსს ჩვენს კონსულტაციებს.

   ახლა დევნილთა საკითხზე რომ მიდგა საქმე, განმარტება გააკეთეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აშშ-ის, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლებმა, დევნილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, აფხაზებმა დატოვეს შეხვედრა. რუსიც გაჰყვა და მოლაპარაკება ჩაშლილად ჩაითვალა.

- დევნილების დაბრუნების თემა ძალიან მიუღებელია აფხაზებისთვის თუ მათი ასეთი შეუვალი პოზიცია რუსებისგან მომდინარეობს?

- ძირითადად წამყვან როლს რუსეთის დელეგაცია ასრულებს.

გულიკო ბალაძე
გაზეთი „ახალი თაობა"

2015-10-19
22 წლის შემდეგ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრა

  ცოტა ხნის წინ, ბოლო 22 წლის მანძილზე პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური, დევნილი ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი შედგა თურქეთის რესპუბლიკაში. რა საკითხებს ეხებოდა ვიზიტი, ვისთან გაიმართა შეხვედრები და რა გადაწყვეტილებები მიიღეს ოფიციალურმა პირებმა – ვიზიტთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას ვესაუბრეთ.

 

– ბატონო ვახტანგ, ცოტა ხნის წინ, შედგა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტი თურქეთში. აღსანიშნავია, რომ ეს აფხაზეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ბოლო 22 წლის მანძილზე. როგორ მოეწყო ეს ვიზიტი და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?

მოგეხსენებათ, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,  როგორ აღიქმება თურქეთში აფხაზეთის პრობლემა.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პერიოდულად მოგვდის ინფორმაცია,  რომ თურქეთის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები  ჩადიან აფხაზეთში და ხვდებიან აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს, მინისტრებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს.

როცა მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ეს შემთხვევები უფრო გამწვავებული იყო. აფხაზეთსა და თურქეთს შორის გემების მიმოსვლა და არაოფიციალური სავაჭრო ურთიერთობები   საგანგაშო ნიშნულს აღწევდა. ახლა სოხუმი ცდილობს ამ არაოფიციალური და უკანონო ურთიერთობების სხვა ყალიბში გადაყვანას. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონტაქტების დამყარებას ცდილობს არა მარტო თურქეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ხშირია ისეთი ფაქტები, როცა ერთ-ერთი ვილაიეთის წარმომადგენლობა მერის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჩადის და შეხვედრებს მართავს საკმაოდ ფართო საზოგადოებასთან. ბოლო დროს ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორმა, რამდენიმე დეპუტატმა, ჟურნალისტთა დიდმა ჯგუფმა. ბუნებრივია, ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.

რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე აქვს შესაბამისი რეაქცია. თურქეთის ელჩის დაბარება, ნოტის გადაცემა და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთის ოფიციალური წრეები  არ აღიარებენ მსგავს კონტაქტებს. ისინი ამბობენ, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდება, ეს მხოლოდ არაოფიციალურ დონეზეა და კერძო სტრუქტურების ინიცირებულია. ოფიციალური წრეები არავითარ წახალისებას არ ახდენენ და არ მიესალმებიან ასეთ სეპარატისტულ გარიგებებს. თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გვერდში უდგას ქართველ ხალხს და რომ ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამის დასტურია. რა თქმა უნდა, ოფიციალური მხარის ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენთვის გარდაუვალ აუცილებლობად იქცა თურქეთში ვიზიტი. თხოვნით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინინისტროს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის მოწყობის შესახებ. ჩვენმა საელჩომ თურქეთში მართლაც მაღალი დონის ვიზიტი მოამზადა, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწინარესად საგარეო საქმეთა სამინისტოს, ჩვენ ელჩს თურქეთში – ირაკლი კოპლატაძეს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს. უნდა აღვნიშნო  ისიც, რომ პრესა და ტელევიზია მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე აქტიურად აშუქბდა ჩვენ ვიზიტს თურქეთში. ვრცელი ინტერვიუები აიღო ჩვენგან სააგენტო ,,ანადოლუმ“ და თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ (TRT). ასევე ძალიან ფართოდ შუქდებოდა ჩვენი სალჩოს მიერ ორგანიზებული  მიღება ელექტრონული და ბეჭდური მედიის მიერ თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. არ მინდა გამომრჩეს შეხვედრა აფხაზ საზოგადო მოღვაწესთან კანით კალესთან, რომლის ნამდვილი გვარია აჩბა. კანით კალე ანკარაში აფხაზური კულტურის ცენტრის დამფუძნებელია და აფხაზეთის საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზციის, შეხვედრების მომხრეა. თავის დროზე ამ თემაზე მას აფხაზეთის ყველა დე-ფაქტო მმართველთანაც უსაუბრია.  ძალიან ველოდები რომ კანით კალე  არაპოლიტიკური მიზნით თბილისს ეწვევა და ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცემა.

– რით იყო გამორჩეული თქვენი შეხვედრები და რა  შთაბეჭდილება შეგექმნათ, როცა უშუალოდ შეეხეთ იმ პრობლემებს, რომელიც პრინციპში თქვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო?

ჩვენი შეხვედრები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკის კოორდინაციის საბჭოში, თურქეთის პარლამენტში, პრემიერ მინისტრთან არსებულ მონათესავე ერებთან ურთიერთობის კომისიაში,  მრავალმხრივ იყო გამორჩეული. უწინარესად გავაცანით ჩვენი ხელისუფლება, ჩამოვუყალიბეთ რას განვაგებთ, რამდენი სკოლა გვაქვს, რამდენი თეატრი, სამედიცინო დაწესებულება, როგორ ვცხოვრობთ დევნილობაში 300 000 აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად. აღვნიშნეთ ისიც, რომ როდესაც თურქეთში იმართება, მაგალითად, სპორტული ღონისძიება, სადაც იწვევენ სოხუმის წარმომადგენელს და არ გვეპატიჟებიან ჩვენ, ეს უხერხულიცაა და არაკანონიერიც. ჩვენი წარდგენის პრეზენტაციას  მრავალრიცხოვან შეხვედრებზე, ჩვენი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე უძღვებოდა. თურქეთის ოფიციალური სტრუქტურებისთვის თვალნათლივ უნდა დაგვენახებინა, რომ თბილისში მოქმედებს დევნილი, კანონიერი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომლის ყოველი ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებისკენ არის მიმართული და საბოლოოდ ქართველებისა და აფხაზების  შერიგების, მათ შორის ნდობის აღდგენის საქმეს უკავშირდება. ძალიან საგულისხმო იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის შეფიქ ურალ ალთაის სიტყვა. მან თურქეთის სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მის დე-ფაქტო ხელისუფლებას. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთში, კერძოდ სოჭში ჩასული თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის თანამდებობის პირები, გადადიან აფხაზეთში და ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ეს საზოგადოებას „ოფიციალურ ვიზიტად“ წარედგინება. იგივე ითქვა რუსული პასპორტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით თურქეთში ჩამოსულ აფხაზ თანამდებობის პირებზეც. ჩვენი მასპინძლები ქართველებს მხოლოდ ძმებად, საქართველოს კი სტრატეგიულ მოკავშირედ მოიხსენიებდნენ და ახლო მომავალში მისი გამთლიანების იმედს გამოთქვამდნენ.

ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანი იყო  დევნილების დასაქმების შესაძლებლობებზე ინფორმაციის გაცვლა ჩვენს მასპინძლებთან . ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო თურქეთის მთავრობასთან არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკაში“ შეხვედრა. თბილად მიგვიღო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა მეჰმედ სურეიამ.  ჩვენ მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათი უშუალო დახმარებით გაიხსნა ვაზიანში ფეხსაცმელების სამკერვალო საამქრო, სადაც დევნილები დასაქმდნენ. ასევე ეხმარებიან ისინი ენგურსგამოღმა არსებულ ჯანდაცვის ობიექტებს. ახლა მიმდინარეობს სამედიცინო კლინიკის აღჭურვა კალაუბანში. სამომავლოდ უფრო მეტ მხარდაჭერას გვპირდებიან ამ კუთხით, გვაქვს ერთობლივი პროექტები, რომელთა გახმაურებასაც ახლა მოვერიდები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის ვიცე -პრეზიდენტს  სერდარ გუნდოღანთან გამართულ შეხვედრაზე გულითადი საუბრის შემდეგ ვთხოვე მათ დახმარება, გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდა. თურქულმა მხარემ მიიღო  ჩვენი წინადადებადა ამ საკითხზე მუშაობა თურქეთში ჩვენ საელჩოსთან  ერთად გაგრძელდება.

თურქეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა – ჰუსეინ შაჰინმა, რომელიც გახლავთ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი,  შეხვედრა მოგვიწყო ინეგოლის რაიონში, სადაც განსაკუთრებით დიდია ქართული და აფხაზური დიასპორა – 30 ქართული და 5 აფხაზური სოფელია. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქართული წარმოშობის ბიზნესმენებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ სოფლიოს მეურნეობისა და ეკონომიკური  საკითხების დეპარტამენტების ხელმძღვანელები – ვალერი ბასარია და გიორგი ეზუგბაია. მათ  მიეცათ ბიზნესმენებთან  საუბრისა და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ომის შემდეგ, აფხაზებსა და ქართველებს შორის თურქეთში ურთიერთობა ძალიან გაცივდა და ისინი ასეთ ღონისძიებებზე დასწრებას თავს არიდებენ. შეხვედრები გავმართეთ იმ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევიან სოხუმთან კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით და სადაც აფხაზების ყველაზე მჭიდრო დასახლებაა. ერთ-ერთი მსხვილი ვილაიეთის- საქარიის ხელმძღვანელი შეხვედრებზე იმყოფებოდა სოხუმში. საქარიის უნივერსიტეტში 80 000 სტუდენტი სწავლობს.  მისი ხელმძღვანელობაც  საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმში.  ჩვენმა ელჩმა თავისი გამოსვლის დროს მათ აუხსნა, რომ ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. მათ აღიარეს წინდაუხედაობა, ბოდიშიც მოიხადეს და აღნიშნეს, რომ  არ იცოდნენ, საქართველოდან სოხუმამდე გზის არსებობის შესახებ. მათი თქმით,  ისინი შეცდომაში შეიყვანეს  და სოხუმში შესვლა სოჭი-ადლერის გზით მოუხდათ.

ჩვენმა ელჩმა საქარიის უნივერსიტეტის რექტორს ამ თემაზე საჯარო ლექციის ჩატარებაც შესთავაზა. იყო ასეთი წინადადებაც, რომ უნივერსიტეტში მოეწყოს კონფერენცია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის საკითხებზე, მათი მოგვარების გზებზე, რაზეც წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორმა  აღნიშნა, – დავაშავე აფხაზეთში თქვენი  ქვეყნის გვერდის ავლით რომ ვიმყოფებოდი და ხომ არ დამიჭერთ, თბილისში რომ ჩამოვიდეო. ბოლოს ისიც განაცხადა, აფხაზეთში სავალალო მდგომარეობა ვიხილე, იქ განვითარების კვალიც არ ჩანსო. ირაკლი კოპლატაძე პირდაპირ ეუბნებოდა გუბერნატორს, რექტორებს, რაიონების ხელმძღვანელებს, რომ მათი მოქმედებები ავნებდა ქართულ-თურქულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. სტამბოლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი რაიონის – ქართალის მერი, საკმაოდ მოქნილი პიროვნება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სოხუმთან; ის ოპოზიციური – ათათურქის პარტიის წარმომადგენელია. დამამხსოვრდა შეხვედრა  ჩერქეზული წარმოშობის 33 წლის ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც მოვლილი აქვს მთელი აფხაზეთი და აფხაზური პროპაგანდა სხეულში აქვს გამჯდარი. მან ყველაფერი იცოდა, ისიც, რომ მე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ვარ და გვეკითხებოდა, რატომ არ ვაღიარებთ აფხაზეთს. ჩვენი დელეგაციის წევრმა ჯემალ გამახარიამ, უტყუარი ისტორიული და შეუვალი ფაქტებით მოუთხრო მას  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზები, მისი განვითარების ეტაპები.  ვერ ვიტყვი, რომ ამ საუბარმა მასზე გავლენა არ მოახდინა. თუმცა ამ გამოსვლაში აშკარად იგრძნობოდა აფხაზების აგრესიული პროპაგანდის კვალი, რომელიც წლების მანძილზე დალექილა მის ცნობიერებაში. იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში ძალიან იგრძნობა ინფორმაციის დეფიციტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის მიზეზებზე, დღევანდელი ეგრეთწოდებული აფხაზეთის ხელისუფლების გაუმართლებელ პოლიტიკაზე, ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფაზე, და მრავალ სხვა საკითხზე, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების და მოწესრიგების საკითხებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ასეთი გულახდილი საუბრები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. უწინარესად სიტუაციის შეფასების, სწორი ინფორმაციის მიღების და სამომავლოდ მოქმედების ახალი სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით.

არ შემიძლია არ  აღვნიშნო თურქეთის მხარის სერიოზული მუშაობა ქართულ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.  მათ რამდენიმე უნივერსიტეტში შემოიღეს ქართული ენის სწავლება, რისი მიღწევაც ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ, როცა ქართული ენის სწავლებას აფხაზეთში სოხუმი კრძალავს – გალის 11 ქართული სკოლის გარდა, აფხაზეთში არსად ქართული სკოლა აღარ არის. გალის შემთხვევას კი სოხუმში დიდ მიღწევად მიიჩნევენ, თუმცა, ბოლო დროს ამ სკოლებსაც შეექმნა სირთულეები. ეს ინფორმაცია თურქული მხარისთვის მოულდნელი აღმოჩნდა. შესანიშნავი, დამაჯერებელი და შინაარსიანი გამოსვლები ჰქონდათ ჩვენი დელეგაციის წევრებს – ადა მარშანიას, ჯემალ გამახარიას და სხვებს,  რაც ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

– ამ ფაქტებმა რა დასკვნებამდე მიგიყვანათ. რა გეგმებს დასახავთ  სიტუაციის გასანეიტრალებლად?

ასეთ ფაქტებს იმიტომ გისახელებთ, რომ  ყველაფერს ადგილზე უნდა მუშაობა, ჩასვლა, ინფორმაციის მიღება. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს ვგულისხმობ. მაგალითად,  ასეთი რთული ვითარების დროს  უნდა ჰყავდეს თუ არა აფხაზეთის ხელისუფლებას თავისი წარმომადგენელი თურქეთში? ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიფიქრებთ. ეს მეორე ფრონტი იქნებოდა საელჩოს შემდეგ, რომელიც ადგილზე იმუშავებდა ამ რთული ვითარების გამოსასწორებლად. გამონახავდა გზებს აფხაზურ დიასპორასთან ურთირთობის აღდგენისა და შერიგების თვალსაზრისით. იზრუნებდა საინფორმაციო-საგამომცემლო მუშაობაზე, რომელიც ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებდა და ჩვენი სიმართლე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. შესაძლოა ეს არ იყოს პანაცეა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცდა არ უნდა დავაკლოთ იმის კეთებას, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ დააზიანებს და ერთიანობას, ცნობიერების განმტკიცებას  ხელს შეუწყობს, მეგობრებს გვიმრავლებს და მტრებს  განაიარაღებს.

– თქვენ ოფიციალურ პირებს აუხსენით, რომ ისინი  საქართველოს კანონის გვერდის ავლით მოქმედებენროგორი იყო მათი რეაქცია, რა ზომებს მიიღებენ?

იმის თქმა, რომ ჩვენი ჩასვლის შემდეგ, თურქეთში რადიკალურად შეიცვლება ვითარება და საქართველოს გვერდის ავლით აფხაზეთში აღარავინ შევა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.  თუმცა, თურქული მხარისგან ჩვენ მივიღეთ მტკიცე რწმუნება, რომ აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით აღარავინ ჩავა.  ჩვენი დიასპორის წარმომდგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ  აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით თურქულ ენაზე ინფორმაცია ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, ჩვენი, აფხაზეთის მთავრობის საიტი ოთხ ენაზეა – ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ვინაიდან  თურქეთში აფხაზური დიასპორა მძლავრობს, კარგი იქნება თუ საიტს თურქული ენაც დაემატება.  წეღან უკვე მოგიყვანეთ მაგალითები საით მივყავართ საინფორმაციო ვაკუუმს. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა პრობლემების მოგვარების გზები სად უნდა მოვნახოთ.

– თუ ხვდებოდით ხშირად ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ თქვენზე?

პირადად ჩემზე ამ შეხვედრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენი ელჩი ირაკლი კოპლატაძე მთელი მოგზაურობის მანძილზე ახერხებდა ქართული ჯგუფების ჩვენ ირგვლივ შემოკრებას. მათგან ისეთი სითბო მოდიოდა, რომ არ შეიძლებოდა ეს არ გეგრძნო. ისინი საკუთარ შვილებს ქართულ ენას, ქართულ სიმღერებს და ცეკვებს ასწავლიან. გულგრილად ვერ ვუყურებდით მათ კონცერტებს, სადაც ჟღერდა ქართული მუსიკა, სრულდებოდა ქართული დ აფხაზური სიმღერები და ცეკვები. ბავშვები ქართული ლექსების და ფოლკლორული ნიმუშების ცოდნით გვაოცებდნენ. ეს იყო ძალიან თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი შეხვედრები თურქეთის საქართველოსთან. ერთ-ერთმა მოზარდმა სტამბოლის ქართველთა სათვისტომოში „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად წაგვიკითხა. ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს, სამშობლოს სიყვარული.

– გაგრძელდება თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლების ოფიციალური  ვიზიტები სხვა ქვეყნებში?

როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთში ვიზიტი ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი გახლდათ. მახარებს ისიც, რომ კმაყოფილნი იყვნენ ორგანიზატორებიც. რა თქმა უნდა, ოფიციალური ვიზიტები უფრო მრავლის მომცველია, შინაარსიანი და საქმიანია, რაც მთავარია, აფართოვებს მეგობართა წრეს, რომელიც ასე გვჭირდება, რაც თურქეთში ვიზიტმაც ცხადყო.

ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით ჩეხეთის რესპუბლიკაში – იქ გავმართეთ შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტის წევრებთან, მინისტრებთან, სახელგანმთქმული კურორტის კარლოვი-ვარის მერთან. არაოფიციალური, თუმცა ვიზიტი რამდენიმე თვის წინ იტალიაშიც შედგა. ფლორენციაში შევხვდი ერთ-ერთ უძლიერეს ფონდ „დელ ბიანკოს“, რომელთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება. მისი გამოძახილი კი ის გახლავთ, რომ სულ ახლახან ჩვენი დელეგაცია ფლორენციაში იმყოფებოდა. იქ გახლდათ ჩვენი შერიგების მინისტრის მოადგილე ქლბატონი ბელა კოპალიანი, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქლბატონი ადა მარშანია. ერთად იყვნენ ასევე ქართველი სტუდენტები, რომლებმაც წარადგინეს აფხაზეთის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ შესაძლებელია, რომ ოფიციალური ვიზიტი მალე იტალიაშიც შედგეს. გარდა ამისა შესაბამისი სტრუქტურები სხვადასხვა ქვეყნებში მსგავს ვიზიტებზე მუშაობენ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მოზღვავებულია სოხუმის აქტივობა. გვინდა სწორად გაგვიგონ, აქტიურობის წინააღმდეგი არავინაა. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და ვიაქტიუროთ ქართველებმაც და აფხაზებმაც.

ასეთი ვიზიტების მთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ შევახსენოთ მსოფლიო საზოგადეობრიობას,  მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში დევნილობაში მყოფ ადამიანებს  საკუთარ სახლებში ვერ დავაბრუნებთ და ვერც ღირსეულ მომავალს შევუქმნით.

ვფიქრობ, წლის ბოლომდე, რამდენიმე ქვეყანაში ჩვენი ერთი ან ორი ოფიციალური ვიზიტი შედგება, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც წარვდგებით როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური  ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს.

მიხეილ ჭაბუკაშვილი
Abkhazia News

2015-09-28
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად

27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. დღე, როდესაც სოხუმი დაეცა და აფხაზეთი დროებით დაიკარგა საქართველოს შემადგენლობიდან, დევნილად იქცა ასი ათასობით ადამიანი... სოხუმის დაცემის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც ასევე გვესაუბრა იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილთათვის ახორციელებს.

- ბატონო ვახტანგ, ამჟამად რა პროგრამებს ახორციელებს აფხაზეთის მთავრობა დევნილთათვის?

- ვფიქრობ, ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით სოციალური პრობლემების მოგვარების გზაზე  რეალური შესაძლებლობიდან  და რესურსებიდან გამომდინარე. ალბათ ჯობს  კონკრეტულ მაგალითებს  მივმართო, რომ უფრო გასაგები გახდეს კერძოდ რას ვგულისმობ. საქართველოს მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მეშვეობით, ჩვენ სარგებლობის უფლებით მივიღეთ 40 000 კვ. მ  სასათბურე მეურნეობის კონსტრუქციები, რაც დევნილებს გავუნაწილეთ. ამაში დაგვეხმარა  ამერიკული  „იუესაიდი" და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია „ნეო". სწორედ მათ გამოაცხადეს ტენდერი, რომლის შედეგადაც, კონსტრუქციების  ერთი ნაწილი გადაეცა ინდივიდუალურ პირებს, მეორე  არასამთავრობო ორგანიზაციებს. ახლა ზუგდიდში, სოფელ რუხში  4 000 კადრატულ მეტრ ფართობზე   უახლოეს დროში რეალურად გვექნება  საკმაოდ კეთილმოწყობილი,  კარგად მოვლილი, შეიძლება ითქვას, საჩვენებელი სასათბურე მეურნეობა. მასვე ახლავს საკუთარი ოფისი და დასასვენებელი სოციალური ობიექტი.  ასევე ქუთაისშიც, იქ არსებული სსიპ-ის კუთვნილებაში, გვაქვს სასათბურე მეურნეობა 1000-ზე მეტ კვ. მეტრ ფართობზე. პროგრამას ახორციელებს „ბიზნესინკუბატორი",  რომელიც  მოამზადებს სპეციალისტებს სხვადასხვა მიმრთულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგში. ისინი შეისწავლიან  მცენარეული ჯიშების გამოყვანას, მოსავლის მოყვანის და აღების ტექნოლოგიას და სხვა მიმართულებებს. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ყველა, ვინც დევნილებს მხარში დაუდგა, ირწმუნა მათი შრომისმოყვარეობა და ნიჭი, არ დაიშურა მათთვის ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება. სოფელ რუხის შემთხვევაში, დაგვეხმარა იაპონიის საელჩო, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს.  ქუთაისში მხარში ამოგვიდგა ამერიკული ორგანიზაცია „იუესაიდი". ინტენსიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის საელჩოსთან, თურქეთის  განვითარების სააგენტოსთან, რომლის ხელმძღვანელობის დახმარებით, საქართველოში, ვაზიანში, სამკერვალო საამქრო გაიხსნა. სამკერვალო ძალას იკრებს და სულ მალე გამოუშვებს მაღალი ხარისხის ფეხსაცმელსდა ტანსაცმელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროდუქცია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბაზარზე ანალოგიურ საქონელს. ასეთივე წამოწყება და ინიციატივა შეიძლება შევთავაზოთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. რაღა თქმა უნდა, ამ ობიექტებზე მხოლოდ დევნილები არიან და იქნებიან დასაქმებული. გათვალისწინებული გვაქვს თბილისის ზღვაზე განვათავსოთ კიდევ ერთი სასათბურე კონსტრუქცია. კარგი მიღწევები გვაქვს მეფუტკრეობაში, მეჩაიეობაში. არ შემიძლია არ მოვიხსენიო ორგანიზაცია „ინტერნეიშენალ ალერტი",  რომელიც მუდამ ჩვენს დახმარებას ცდილობს. „ინტერნეიშენალ ალერტი",  აფინანსებს აფხაზურ, რუსულ, სომხურ და ქართულ ერთობლივ პროექტებს, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ.  თანამშრომლობა შევთავაზეთ ჩეხეთის საელჩოსაც, რაზეც  თანხმობა მივიღეთ. ახლა  ბაგებში, დევნილთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივად ვქმნით მეფუტკრეობის ძალიან მაღალი ხარისხის საცდელ ლაბორატორიას.   მეამაყება, რომ  ზუგდიდში ჯანდაცვის ობიექტი უკვე მწყობრშია. არ შემიძლია არ ვუმადლოდე ამ ობიექტის ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ ჯანაშიას, რომელმაც იქ არსებული ჩვენი სსიპ-ის მიერ დაზოგილი თანხით, შესანიშნავი ორსართულიანი საავადმყოფო ააშენა. ეს საავადმყოფო აფხაზეთის მთავრობის საკუთრებაშია და ზუგდიდში ფუნქციონირებს. ყურადღების მიღმა არ გვრჩება სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერაც. მაგალითისთვის მოვიყვან ჯანდაცვის ობიექტს, რომელიც  კალაუბნის ქუჩაზე ფუნქციონირებს. აქ განთავსებულია  ჩვენი მთავრობის მიერ დაფუძნებული რამდენიმე შპს. ამავე შენობაში,  გამოვყავით ფართი რეფერალურ პროგრამაში მონაწილეთათვის, რომლის კეთილმოწყობაშიც  ისევ თურქეთის საელჩო დაგვეხმარა. ანალგოიური  მისაღები ფართი არის ქუთაისშიც, „ბიზნესინკუბატორში". ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა საელჩოების მხარდაჭერით, ვცდილობთ შევიძინოთ თანამედროვე აპარატურა  ჯანდაცვის ობიექტების სრულყოფილი კეთილმოწყობისათვის. აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით,  სენაკის პოლიკნიკინას უკვე გადავეცით ახალი აპარატურა. უპრეცედენტოა C ჰეპატიტის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო. ამ პროექტს აფხაზეთშიც დიდი გამოხმაურება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზუგდიდის რაიონში მიწაზე სარგებლობის უფლებით გამოყოფილი გვაქვს ტერიტორია. ჩვენ ერთ-ერთ კერძო სტრუქტურას მივეცით თანხმობა ტენდერის წესით მიწაზე სარგებლობის უფლების მოპოვებაზე. სანაცლოდ, ეს ბიზნეს სტრუქტურა სოციალური ინფრასტრუქრურის ობიექტების მშენებლობისათვის,  დადებული ხელშეკრულების თანახმად, 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს. წლის ბოლომდე, ტენდერის წესით ზუგდიდიში მეთევზეობის მეურნეობის განვითარებას შევეცდებით.  არიან სხვა მსურველებიც, რომლებთანაც გავაფორმებთ სხვა მსგავს ხელშეკრულებებს და ამით სარგებელობას მოვუტანთ  ჩვენს დევნილებს. ზუგდიდში, 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მეორე წელია სიმინდი მოგვყავს. იქ დევნილთა ნაწილია დასაქმებული, უვლიან და მოწეულ მოსავალს ანაწილებენ დევნილებზე, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ეს ძალიან  მოკლე ჩამონათვალია ჩატარებული სამუშაოსი, რისი გაკეთებაც ამ  მცირე დროის მანძილზე მოვასწარით. დღეს არ ვისაუბრებ  სოციალურ და კულტურული დანიშნულების პროექტებზე, ამაზე  მოგვიანებით შეიძლება ვილაპარაკოთ.

ასეთი მუშაობა მიმდინარეობს დღეს ჩვენს სტრუქტურებში. პარარელურად მძიმედ, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ რეფორმების განხორციელების გზაზე. ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ რეფორმების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, სურვილი  და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. კონკურსი კონკურსია. ის ყველამ უნდა გაიაროს. ზოგიერთებმა კი ეს ღირსების შელახვად ჩათვალეს და კონკურსის მიღმა აღმოჩნდნენ.

- როგორ შეაფასებდით ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? ვგულისხმობ . . საზღვრის ჩაკეტვას, გალის სკოლებში ქართულის სწავლების აკრძალვას, თხილის სეზონზე გლეხების დაყაჩაღებას რუსი სამხედროების მიერ...

- მოგეხსენებათ,  ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ვმონაწილეობ. ორი წლის განმავლობაში მეათედ ვიყავი ჟენევაში და ერთ-ერთი მთავარი საკითხი,  რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაყენებთ  განათლების საკითხია. სამწუხაროდ, განათლების სფეროში რეალური შედეგი ვერ მვიღეთ.  ძალიან დიდი კამათის საგანია  ქართული ენის სწავლების საკითხი. ოქტომბერში მოგვიწევს წასვლა და კიდევ  ერთხელ ამაზე მსჯელობა. ქართული ენაზე სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ უფრო რთულდება.  გალის რაიონში შედარებით ნაკლებად იყო ეს პრობლემა და  ახლა იქაც, 11 სკოლაში საფრთხე შეექმნა ქართულ ენას.  გეოგრაფიის და ისტორიის სწავლება  რუსული სისტემით შექმნილი სახელმძღვანელოებით მიმდიმარეობს. ეს კი ძალიან საგანგაშოა. ვხედავთ, რომ თანდათანობით, მეთოდურად ხორციელდება ქართულის გამოდევნა. ამ თემებზე ჟენევაში პრინციპული საუბარი მოგველის. ძალიან პრობლემურია აფხაზეთში პრივატიზაციის საკითხი. აფხაზეთიდან გამოდევნილმა მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა. ქონება, სახლ-კარი, საცხოვრისი. ამ ქონების მითვისებას ვერ დავარქმევთ პრივატიზაციას. წართმევას, წაგლეჯას კი ბატონო. ასეთი ძალისმიერი ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საქვეყნოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს და სამართლებრივ სისტემას. მით უმეტეს, საქართველოში მიღებული კანონი, ბათილად ცნობს ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან იქნება დადებული. ეს არის უსერიოზულესი პრობლემები - აფხაზეთის მიწების, განათლების საკითხები, ამას დავუმატებდი  სასაზღვრო რეჟიმს. არის განზარახვა, რომ გამკაცრდეს ე. წ. სასაზღვრო რეჟიმი, გაართულონ მიმოსვლა. ეს წააგავს საცრით წყლის ჭერას. ყველანაირი ბარიერის და დისკომფორტის მიუხედავად, ხალხი  მაინც არ მოიშლის ენგურ გაღმა-გამოღმა სიარულს.  თუ ეს ასე არ მოხდება, პრობლემა თავად აფხაზეთში იჩენს თავს, რადგან გალის ბაზარს არამარტო ზუგდიდთან მიმართებაში, არამედ აფხაზეთთანაც ვერაფერი შეაჩერებს. სოხუმშიც იციან, რომ ეს დროებითი მოვლენაა. მაგრამ ცდილობენ საკუთარი ელექტორატის გულის მოგებას.  სამწუხარო ის არის, რომ როგორც ყოველთვის, ისევ უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება და მათ ექმნებათ სირთულეები. ეს კანონი არ მიუღია არც არძინბას, არც ბაგაფშს, არც ანქვაბს. ეს ახლა მოიფიქრეს  იქ არსებულმა ძალებმა, რითაც მოსახლეობის გულისწყრომა დაიმსახურეს.  არა მგონია,  აფხაზებისთვის ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

- რა ვითარებაა ამჟამად აფხაზეთის მთავრობაში? დასრულდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი? რა გეგმები გაქვთ, რა შეიცვლება დევნილთათვის უკეთესობისკენ?

- ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ რეფორმებს ვახორციელებთ თანმიმდევრულaდ, ჰუმანური მიდგომით, დევნილობის სტატუსიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. გავაუქმეთ რამდენიმე სამინისტრო. სამუშაო ადგილების დიდი დანაკარგი არ ყოფილა. შევეცადეთ სხვა სტრუქტურებში გამოგვენახა ადგილები მათთვის, ვინც  სამუშაო ადგილი დაკარგა.

- ანუ გადაანაწილეთ?

- გადავანაწილეთ როგორც ნაწილობრივ სახელმწიფო, ისე, ძირითადად, კომერციულ სტრუქტურებში. წეღანაც მოგახსენეთ ამის თაობაზე. დარჩა რამდენიმე კაცი ორი სამინისტროდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა მიეღოთ საკონკურსო შერჩევაში, მაგრამ მათ ეს შეურაცხყოფად მიიღეს და ჩვენი შეთავაზებული ადგილები არ მოისურვეს.  ასეთია რეალობა. ჩვენ  კი ვერ დავყოვნდებით.  ყველა შემთხვევაში, ჩვენ სამუშაო ადგილებს ვქმნით და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ეს საქმე მეტი ინტენსივობით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილებისთვის, მათი ოჯახებისთვის.  წინა პროექტებით, სადღაც 200 სამუშაო ადგილი შევქმენით. შეიძლება ეს დიდი ციფრი არ არის, მაგრამ ჩვენ  დევნილობაში ვართ, დამოკიდებული ვართ უამრავ ფაქტორზე, რომელიც ხელს ნამდვილად არ გვიწყობს. მაგრამ გაჩერება და ხელების ჩამოყრა არაფერს გვარგებს. ჩვენი დევნილი მოსახლეობა ძალიან გამრჯე, მშრომელი, იდეური, მრავალი ტალანტით დაჯილდოებული ხალხია. ყოველ  შექმნილ სამუშაო ადგილს ოქროს ფასი აქვს ჩვენი ხალხისთვის, მორალური ფინანსური, და, თუ გნებავთ, რეალიზებული ადამიანის თვალსაზრისით. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ორასი სამუშაო ადგილი ცოტა არ არის. რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია არ არის თვითმიზანი. მაგრამ გვინდა უფრო მოქნილი, თვითკმარი სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ, ეკონომიკური,  სოციალური, კულტურული,  და სხვა მრავალი თვალსაზრისით. ეს მიმართულება გაგრძელდება, იმიტომ რომ ასეთმა მიდგომამ გაამართლა და უკვე ფაქტები სახეზე გვაქვს. მადლიერნი ვართ, რომ ამ საქმეში ჩვენ  ცენტრალური სტრუქტურები მხარს გვიჭერს და გვეხმარება. ამ მხრივ ძალიან ხელს გვიმართავს დევნილთა, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, ქალაქის მერია, პრემიერი და  მთლიანად ხელისუფლება. ყოველ ჩვენს თხოვნას და წამოწყებას გულისყურით ეკიდებიან. ეს კი ჩვენთვის დიდი სტიმული და მხარდაჭერაა დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად.

- ხვალ სოხუმის დაცემიდან 22 წელი სრულდება... რას იტყვით უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული თარიღის შესახებ, რას გაიხსენებთ? როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს, როგორ გესახებათ ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის აღდგენის გზები? თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული წინადადებები აფხაზებისადმი?

- ვერც წარმომედგინა, რომ 22 წლის შემდეგ თბილისიდან  მომიწევდა ამ თემაზე საუბარი. გნებავთ სენტიმენტალობაში ჩამომართვით, გნებავთ მოკრძალებაში, გნებავთ იმედის გაცრუებაში ან როგორც გნებავთ.

დამიჯერეთ, სოხუმში ვინც ეს ბოლო ტრაგიკული  დღეები გამოვიარეთ,  ამ საზარელი ამბის მოყოლას და გახსენებას თავს ვარიდებთ. ამდენი წლის შემდეგაც ყველას გვაწვალებს ერთი და იგივე კითხვა, რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს  საშინელი ტრაგედია. რატომ ვიქეცით დევნილებად. შეგვეძლო კი ამის არიდება თავიდან. არა მგონია, ამ კითხვებზე დღეს ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა.  მჯერა, რომ მოგვიანებით, დადგება დრო, როცა  პასუხი აუცილებლად გაეცემა დასმულ კითხვებს.

არ მინდა ეს მძიმე დღე კიდევ უფრო დავამძიმო საშინელი მოგონებებით. ამიტომ, სოხუმში ყოფნის ბოლო დღის ფრაგმენტს გავიხსენებ.

სოხუმის დაცემის წინა დღეს,  ჟიული შარტავამ თათბირზე გვიხმო მე და გია გვაზავას. ჩვენ დევნილთა ევაკუაციის საკითხებზე აეროპორტზე ვიყავით მიმაგრებული. ამავე დროს,  ჟიული შარტავას მოადგილე ვიყავი, პარალელურად კი საქართველოს პარლამენტის წევრი გია გვაზავასთან ერთად. თათბირი 8 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ აეროპორტიდან დროულად გასვლა ვერ მოვახერხეთ. უკვე შებინდდა, როცა იქ მყოფ ჩვენს მეგობარს, ზაურ პაჭკორიას (ომის დროს სამხედრო მოსამართლე) და მის შვილს ქალაქში გაყვანა ვთხოვეთ. მანძილი საკმაოდ დიდი იყო, სადღაც 20-25 კმ. სოხუმში ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა. მთავრობის შენობამდე პრაქტიკულად ვერ მივაღწიეთ, ყველა მხრიდან ცეცხლი იყო გახსნილი.  საბოლოოდ, ძალიან გვიან, შენობაში მაინც მოვახერხეთ შესვლა. ქვემოთ ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი დამხვდა.  ზაურ პაჭკორია და მისი ვაჟი, რომელიც საჭესთან იჯდა, მანქანაში დავტოვეთ, მე და გია კი მაღლა ავედით, სადაც საკმაოდ ხალხი დაგვხვდა. მათ შორის მახსენდება საშა ბერულავა, მიშა კოკაია, ლორიკ მარშანია, ავთანდილ ჯორბენაძე, „ჯიჯი" შარტავა და მრავალი სხვა. შესვლისას გვითხრეს, რომ თათბირი გადადებული იყო და   ჟიული სინოპის შტაბში წასულიყო. სპეციალური ტელეფონით დავურეკე და ვკითხე, ხომ არ ჰქონდა რაიმე დავალება. მიპასუხა, რომ მეორე დღეს შემეხმიანებოდა. იქ მყოფი ბიჭების თვალებში ისეთი განწყობა ამოვიკითხეთ, რომ ვერ მივატოვეთ და  საკმაო ხანს შევყოვდნით. არასოდეს დამავიწყდება მიშა კოკაიას ჩავარდნილი თვალები,  საშა ბერულავას განწირული ხმა. რამდენჯერმე ამოგვაკითხა ზაურ პაჭკორიამ, წავიდეთ, თორემ ჩავიკეტებით, წავიდეთ თორემ ჩავიკეტებითო. ჩვენამდე კი ეს არ დადიოდა. ვერ წარმოგვედგინა ბიჭების  ამ მდგომარეობაში დატოვება. იძულებული ვიყავით გაგვეთვალისწინებინა, რომ თან გვახლდა ზაურ პაჭკორიას ვაჟი, შემოტევა კი ძალიან სერიოზული იყო, ბავშვს უნდა გავფრთხილებოდით. ისევ აეროპორტში წავედით. ქალაქიდან დიდი წვალებით გავაღწიეთ.

მეორე დილით, შტაბში რომ მივედით,  ჟიული მთავრობის სახლში დაგვხვდა წასული  თავის თანაშემწეებთან ერთად. როგორც გავარკვიეთ, ეს ის ბიჭები იყვნენ, ვინც  წინა საღამოს მთავრობის შენობაში დავტოვეთ. პრობლემა იყო ისიც, რომ აეროპორტის ბუნკერში იმყოფებოდა 300-400 დევნილი აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან და ვერ ხერხდებოდა მათი გამგზავრება - უკვე აღარ დაფრინავდნენ თვითმფრინავები, არ დადიოდა მატარებელი.  მათი გადაყვანა გემებით თუ მოხერხდებოდა. გვსურდა, როგორმე მიგვეყვანა ე.წ. „ლიტერატურნაია გაზეტას"  ნავმისადგომამდე. ავტობუსები იყო, მაგრამ არ იყო საწვავი, რომლის შოვნასაც ვცდილობდით. ცენტრალურ შტაბში ასვლისას დავინახე შევარდნაძე, ბათიაშვილი, ჯავახიშვილი, კავსაძე. ბატონ ჯავახიშვილს ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე დახმარება. მან გასცა განკარგულება, რომ ჩვენთვის საწვავი მოეცათ. ხალხს ავტობუსებში ჩასხდომა და ნავსადგურისაკენ წასვლა შევთავაზეთ. თუმცა, ნავსადგომი დაიბომბა, ხალხი უკან მობრუნდა და ისევ ბუნკერში ჩავიდა,  ჩვენ კი იძულებული გავხდით, შემდეგ განკარგულებებს დავლოდებოდით. ის იყო დაღამდა. ზაურ ხაინდრავა შინ წავიდა, გია გვაზავაც  ახლომახლო  იყო.  ოთახში მარტო დავრჩი. შუაღამისას დარეკა სპეციალურმა ტელეფონმა. ხაზზე იყო ვინმე ოფიცერი, რომლის ინფორმაციით,ნაპირს მოადგებოდა ჩვენი კატერი და უნდა გაგვეფრთხილებინა ჩვენი არტილერია, რომ ცეცხლი არ გაეხსნათ. იქვე იმყოფებოდა უშიშროების თანამშრომელი შამილ კალანდია, რომელსაც ამ დავალების შესრულება ვთხოვე. ვიდექი ფანჯარასთან და ვაკვირდებოდი რა ხდებოდა გარეთ. ღამე იყო საშინელი უკუნეთი.  საბურავების ხმა გავიგე. აეროპორტის ეზოში რამდენიმე მანქანის სილუეტი დავინახე. მათი შემოსვლა და მყისიერი დაბომბვა ერთი იყო.  ისეთი სიძლიერის  დაბომბვა და გრუხუნი იყო, რომ გრძნობა დავკარგე. გონს რომ მოვედი, კედელს ვიყავი მიყრდნობილი და ჩემ წინ ზურგით, ხაკისფერ ქურთუკში ჩაცმული შევარდნაძე იდგა. მის გვერდით იყვნენ კვირაია, ბათიაშვილი, სანდრო კავსაძე, ჯორბენაძე, ჟურნალისტი რეზო ეგაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ აეროპორტის უფროსო ზაურ ხაინდრავა იკითხეს, ხაინდრავას მოსაყვანად წავედი. მისმა მეუღლემ მითხრა, რომ ზაური უკვე წაეყვანათ. უკან დაბრუნებულს ის უკვე ოთახში დამხვდა. ზაურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო თვითმფრინავი დაბომბვის დროს დაზიანებულიყო, რომლის დროსაც ლევან თედიაშვილის ვაჟიც დაიღუპა. ერთადერთი გზა, ერთ-ერთი დარჩენილი თვითმფრინავი იყო, რომელიც მცირე შეკეთებას საჭიროებდა,  პილოტები  ითხოვდნენ თან ოჯახის წევრებიც წაეყვანათ, რა თქმა უნდა, ამ პირობას უყოყმანოდ დაეთანხმნენ. დაახლოებით დილის 6 საათზე, თვითმფრინავი აფრინდა. პრობლემა ის იყო, რომ ამ დროის მანძილზე, აეროპორტში თვითმფრინავი არც აფრენილა და არც დაფრენილა.  იყო დაბომბვის საშიშროება. აეროპორტის უფროსი ზაურ ხაინდრავა პროფესიით შტურმანი იყო, მან პილოტებს აუხსნა, თუ რა მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ ისე, რომ ვერ ჩამოეგდოთ. თვითმფრინავმა  თურქეთის მხარეს შუა ზღვისკენ აიღო გეზი. მახსოვს, დარჩენილი ოთხი ადამიანი, მე, ზაური, გია გვაზავა და ემზარ ქაქუჩაია (ადგილობრივი მაცხოვრებელლი) კასრზე შევდექით და თვითმფრინავის გაფრენას თვალს ვადევნებდით; უცბად, მოგვეჩვენა, თითქოს თვითმფრინავს ბოლი აუვიდა, თუმცა ეს მხოლოდ თვალის მოტყუება გამოდგა. თვითმფრინავი, როგრც შემდგომ შევიტყვეთ, მშვიდობიანად დაეშვა ჯერ ბათუმში, შემდეგ - თბილისში. სადღაც 11 საათისთვის, შევარდნაძეს დავურეკე და ვკითხე,  როგორ დავხმარებოდი ბუნკერში დარჩენილ ხალხს. პრეზიდენტმა მთხოვა, დავკავშირებოდი ევაკუაციის შტაბის ხელმძღვანელ ოთარ ფაცაციას. სხვა დავალებაც მომცა. ოთარს ვთხოვე, რომ ამიერკავკასიის სარდალთან, რეუტთან დაერეკა და ხალხის გადასაყვანად ოჩამჩირე-გულრიფშის რკინიგზის გახსნა ეთხოვა. რეუტმა მას სასტიკი უარი განუცხადა. ცოტა ხანში, ბატონმა ოთარმა დამირეკა და მითხრა, რომ 3-დან 4-საათამდე, „ლიტერატურნაია გაზეტას" ნავსადგომს მოადგებოდა დიდი სადესანტო ხომალდი, რომელიც 900 კაცზე მეტს იტევდა. ამის შემდეგ, დავიწყეთ სამზადისი ამ გეგმის შესასრულებლად.  აღარც საწვავი გვქონდა, აღარც ავტობუსები იყო. მე და გია გვაზავა საწვავისთვის გულრიფშისკენ გავემგზავრეთ.. გზაში გულრიფშის #1 სკოლასთან დაბომბვაში მოვყევით, თავი შევაფარეთ სკოლის შენობას. მოვბრუნდით უკან. გზაში ერთი დაჭრილი მეომარიც ჩავისვით, რომელიც აეროპორტში მივიყვანეთ.

აეროპორტში ისევ ის რამდენიმე კაცი ვიყავით: ზაურ ხაინდრავა, გია გვაზავა და შამილ კალანდია, ემზარ ქაქუჩაია, მე და ბუნკერში დარჩენილ ადამინათა უკვე შეთხელებული ჯგუფი. ამ დროს გამოჩნდა ემზარ ქაქუჩაია და გვუებნება, თვითმფრინავი  ასაფრენად მზად არის და დარჩენილ ხალხს გველოდებაო. როგორც აღმოჩნდა, ზაურ ხაინდრავას, გაერემონტებინა  „შემონახული" თვითმფრინავი, ასაფრენად ემზადებოდა და გვიხმობდა ადგილზე დარჩენილებს. ბუნკერში თავშეფარებულმა დევნილებმა  ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი  რომ დაინახეს, სასწრაფოდ დატოვეს თავშესაფარი და თვითმფრინავში ავიდნენ. გემით წასვლა არავის სურდა, რადგან საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაიბომბა ხალხით სავსე გემი. ქაქუჩაია ყველას გვთხოვდა, რომ თვითმფრინავს გავყოლოდით, მაგრამ  სოხუმის დატოვება არ გვემეტებოდა. გული უკან გვექაჩებოდა. ბიჭებმა გვითხრეს, ახლა გამოგვყევით, შემდეგ ისევ უკან დავბრუნდეთო. ცალი ფეხი გარეთ გვრჩებოდა. ვფიქრობდი, რომ რაღაც ძალიან ცუდს ჩავდიოდი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა როგორ უნდა შევლეოდი სოხუმს.

22 წელი გავიდა ამ ამბების შემდეგ დღემდე ამ ლაბირინთში ვართ, რომლიდანაც გამოსავალს ვეძებთ. ცხოვრება გრძელდება და ჩვენც არ ვჩერდებით. უკვე 10 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. სიტუაცია აფხაზეთში რა თქმა უნდა, შეცვლილია, დროს თავისი მიაქვს. აფხაზები ადრე თუ ძალიან კატეოგრიულები იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ, დღეს ეს  ნაკლებად იგრძნობა. ისინიც ნათლად ხვდებიან, რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და მიზანი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აანალიზებენ. უკვე წამოიზარდა ახალი თაობა. ჩვენი ვალია, რომ  ქართველმა და აფხაზმა  ახალგაზრდებმა საერთო ენა გამონახონ, მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენ კი, უფროსმა თაობამ, ორივე მხარემ, უნდა გავამთლიანოთ ჩატეხილი ხიდი. სხვა გამოსავალი ამ ლაბირინთიდან არც ერთ მხარეს არა გვაქვს. დღეს ეს წარმოუდგენლად შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს, მაგრამ, რწმენა, სიმტკიცე და ჰუმანიზმი ყველა ჯებირს ანგრევს. ისტორიას ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა წარმოუდგენელი რეალობად  ქცეულა. თუნდაც ბერლინის კედელი რად  ღირს.  ბედის უკუღმართობით ასეთი კედელია სწორედ  ენგურის ხიდზე  ჩვენ შორის გაწოლილი, რომელიც მწამს, აუცილებლად  დაინგრევა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ურთიერთობა ძირითადად აფხაზ ახალგაზრდებთან მაქვს. მათი მსოფლმხედველობა სხვაგვარად ვითარდება.  ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად. რაც დრო გავა,  მეტად დარწმუნდებიან ამაში. ჩვენი მიზანი ძალის დემონსტრირება არ არის. დრო და გონიერი მოქმედება ყველაფრის გადაფასებას მოახდენს. მჯერა, რომ ქართველების და აფხაზების მომავალი„განწირულია" ერთად ცხოვრებისთვის.

 

მიხეილ ჭაბუკაშვილი

2015-08-18
ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზებთან ომი თავიდან უნდა აგვეცილებინა“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან" ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ საუბრობს

- ბატონო ვახტანგ, მოგეხსენებათ, აგვისტოს თვე არ არის ჩვეულებრივი, აგვისტოში დაიწყო ორი ომი, რომლებიც კატასტროფით დასრულდა საქართველოსთვის, რაც დრო გადის, ვითარება უფრო რთულდება, ოკუპაციას ანექსია მოსდევს. ამ გადასახედიდან ვითარებას როგორ შეაფასებთ?

- 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში  ომი დაიწყო და აფხაზებისა და ქართველებისთვის ტრაგედიით დასრულდა. ეს ის ომია, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ეს ის ომია, რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანი, სხვადასხვა მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ძირითადად, დაიღუპა საუკეთესო ნაწილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების გენოფონდს წარმოადგენდა. ამ ომის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით. თითო-ოროლა ბიჭებს ვეძებთ სხვადასხვა ადგილებში, რომ მივაბაროთ მშობლიურ კუთხეს, თავის ქალაქს. ასე გავიდა 23 წელი.

- აფხაზები ამ საკითხს როგორ უყურებენ?

- იგივე დღეში არიან აფხაზებიც. არის სიტუაცია, როცა აფხაზები და ქართველები საერთო ენას  პოულობენ და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აფხაზი იქნება თუ ქართველი, იქ დაღუპულ ბიჭებს გაპატიოსნება სჭირდებათ. ესპანეთში არის აკლდამა მადრიდის მახლობლად, სადაც რესპუბლიკელები და ფრანკისტები ერთ აკლდამაში არიან დაკძალული. აკლდამას აქვს წარწერა, ისინი იბრძოდნენ თავისი სამშობლოსთვის. თელაველი ბიჭი თავისი სამშობლოსთვის იბრძოდა, ტამიშელი კაცი თავისი სამშობლოსთვის იბრძოდა. სამშობლოსათვის იბრძოდა ის ხალხი, რომელიც იქ დაიღუპა და საბოლოო ნავსაყუდელი იმ მიიწაზე იპოვა.

- ახლახან ომის დაწყების თარიღი გაიხსენეთ და ამ ომში დაღუპულებს პატივი მიაგეთ. ამ გადასახედიდან დასკვნები როგორია?

- ჩვენ ომის დაწყებიდან 23-ე წელი აქ აღვნიშნეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ომი არის საშინელება. ომის დაწყება ძალიან იოლია, დასრულება კი ის გადაულახავი ზღუდეა, რომლის შედეგადაც რჩება თაობათა გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი ვალია (იმ თაობის ვალია, რომლის დროსაც მოხდა აფხაზეთის ომი, რომლის შუა ცეცხლში, ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი) ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე უმტკივნეულოდ დავასრულოთ ეს კონფლიქტი, მაგრამ არა ვინმესთვის მომგებიანად, არამედ ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ცხოვრების აუცილებლობის რწმენით.

- თქვენთვის თუ იყო ცნობილი ის გეგმა, სააკაშვილმა ახლახან გაამჟღავნა, რომელიც მათ რუსებს წარუდგინეს და, სავარაუდოდ, ითვალისწინებდა აფხაზეთის გაყოფას. შედეგად კი - რაღაც ნაწილზე ჩვენი კონტროლის აღდგენას, ხოლო ნაწილის რუსეთის კონტროლისთვის დაქვემდებარებას.

- პუტინს წარუდგინეს?!

- დიახ.

- მოგუდული ჭორის დონეზე ვიცი, რომ ამგვარ გეგმაზე საუბარი იყო, მაგრამ თუ არსებობდა ისეთი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა რაღაც ტერიტორიების გაყოფას, ქაღალდზე დაწერილი არ წამიკითხავს. ამიტომ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

- თქვენი აზრი ამგვარი გეგმების მიმართ როგორია?

- ეს საკითხი არ არის ერთი-ორი კაცის გადასაწყვეტი. ამისათვის საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ერთი რამ უდავოა, იმ გზამ, რაც ჩვენ გავიარეთ 23 წლის განმავლობაში, დაბრუნებისა და გაერთიანების თვალსაზრისით, იქამდე მიგვიყვანა, საიდანაც ათვლა დავიწყეთ. ამიტომ საჭიროა უფრო გაბედული გადაწყვეტილებები.

- კერძოდ?

- მე თვითონაც არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. რაც დრო გადის, აფხაზები და ქართველები მით უფრო ვშორდებით ერთმანეთს. რა არის აქ უფრო კარგი, ეს არის გასათვლელი. უნდა გავაანალიზოთ, რა სჯობს ქვეყნის გაერთიანებისთვის.

- თქვენ გულისტკივილით აღნიშნეთ, ჩვენმა თაობამ უნდა გააკეთოს თავისი გასაკეთებელიო. მგონი, თქვენი თაობისთვის ძალიან ძნელია ამ პროცესის შემობრუნება.

- ჩვენმა თაობამ ვერ აიცილა თავიდან საზარელი ომი, სამწუხაროდ, ვერც ქართველებში და ვერც აფხაზებში ვერ მოიძებნა საკმარისი რაოდენობით გონიერი ხალხი, რომლებსაც შეეძლოთ, პასუხისმგებლობა აეღოთ ომის გაჩერებაზე. მცდელობა იყო, მაგრამ მათი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ომის დაწყება თავიდან აგვეცილებინა.

- რთული დრო იყო და შედეგების განსაზღვრაც ძნელი გახლდათ.

- ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, დღეს სხვანაირად მოვიქცეოდით. დღეს ჩვენს თაობას შეუძლია უფრო მეტი პრაგმატიზმი შეიტანოს ამ საკითხში. მეტად დაფიქრდეს და ისე განსაზღვროს სამომავლო ამოცანები. თანამედროვე ახალგაზრდა პოლიტიკოსები ცოტა სხვანაირად ხედავენ მოვლენების განვითარების გზებს.

- მაინც როგორ ხედავენ?

- ხედავენ ისე, როგორც ამ პერიოდს შეესაბამება. დღეს არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ დასავლეთის განწყობა ჩვენდამი, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ კონიუნქტურა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზეა. დიდი პოლიტიკოსობა და შორსმჭვრეტელობა სწორედ ისაა, ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის მოვნახოთ ჩვენი ადგილი და მეტი სარგებელი მივიღოთ.

- კონფლიქტის ზონებში ახალი პრობლემები ჩნდება. ის ქონება, რომელიც ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს, ქართველებსა და აფხაზებს ეკუთვნით, საბჭოთა დროის დანატოვარიცაა, ის მემკვიდრეობა, რაც დაგვრჩა აფხაზეთში, მათ შორის მიწა და შენობა-ნაგებობები, უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ქართულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა განაცხადოს?

- ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება, ალბათ, რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა ბათილად ცნო ყველა ის იურიდიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისა და საქართელოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. თუმცა, ერთია შენი სურვილი და მეორეა, რა რეალობასთან გვაქვს საქმე. თუ კონფლიქტი მოუგვარებელი დარჩა, ჩვენი გადაწყვეტილება ამაო იქნება და შეიძლება არავითარი ანგარიშგასაწევი ძალა არ ჰქონდეს, ამიტომ ბევრჯერ უნდა შევახსენოთ მსოფლიო საზოგადოებას, რომ აფხაზეთში ნაყიდი ქონება არ იქნება სამართლებივად მყარი.

- ამას წინათ გაეროში ჩვენმა ელჩმა განცხადება გააკეთა ცხინვალთან დაკავშირებით. თუ არის შესაძლებელი, გაეროში ამგვარი განცხადება აფხაზეთში ქონების გასხვისების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდეს?

- მომზადება უნდა, თორემ შეუძლებელი არაფერია. ამ პროცესში უნდა განსაზღვრო, ვინ იქნება შენი მომხრე. უნდა იმუშაო მხარდამჭერ ქვეყნებთან, რომ მათი მეშვეობით მოხდეს ამ საკითხის გახმოვანება.

- მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს ერთი კარგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს ერქვა „აფხაზეთი ჩემი სახლია", თუმცა, შემდეგ შეჩერდა. ინტერნეტით იზომებოდა და ინიშნებოდა თითოეული ქართველის იქ დარჩენილი ქონება. აღნიშნული პროექტის გაცოცხლება ან ამგვარი პროექტის ხელახალი შექმნა და ქონებრივი დავის აღძვრა სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფოს რაიმე გეგმაში თუ შედის?

- „აფხაზეთის ჩემი სახლია" ცუდი პროექტი არ იყო, მაგრამ შუა გზაში შეჩერდა ისევ სააკაშვილის დროს. არ ეყოთ ძალა და ნებისყოფა, რომ პროექტი ბოლომდე განეხორციელებინათ. ამ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან უნდა გვქონდეს, კოლექტიური ან ინდივიდუალური სარჩელი რომ შეიტანო მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შენი ქონების ფლობის უფლების შეზღუდვის გამო და გახდეს სამართლის მსჯელობის საგანი.

- საერთაშორისო სარბიელზე მეგობარი სახელმწიფოები ხომ გვყავს? იგივე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ხომ შეგვიძლია გამოვიყენოთ?

- გამოსაყენებელია ყველა ხერხი. არძინბამაც კი გაუძლო ამ ცდუნებას. რუსებმა ვერ მიაღებინეს ისეთი კანონი, რომ ქონების ყიდვა-გაყიდვა თავისუფალი ყოფილიყო, რასაც შეეწირა ბაღაფშიც. ვერ ვამტკიცებ, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ბაღაფში ამიტომ მოკლეს. ამ საკითხის გამო პრობლემები ჰქონდა ანქვაბსაც. რამდენჯერმე გადაურჩა ტერაქტს, მაგრამ შემდეგ მოუწყვეს ის, რაც მოუწყვეს. ხაჯიმბა იყო ერთადერთი იმის გამკეთებელი, რაც არძინბამაც კი არ გააკეთა. ხაჯიმბას ამაზე პასუხს საკუთარი ხალხი მოსთხოვს. ჯერ მას გაცნობიერებული არ აქვს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.

გულიკო ბალაძე
გაზეთი „ახალი თაობა"
18.08.2015

2015-04-20
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზები დღეს თუ არა ხვალ გაიგებენ, ხვალ თუ არა ზეგ მიხვდებიან, რამდენად სწორია, ის რასაც ქართული მხარე მათ სთავაზობს

 

ახლახან, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიასა და საფრანგეთში სწორედ ამ თემებზე ვთხოვეთ ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ ვახტანგ ყოლბაიას.

 

- ბატონო ვახტანგ, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია თქვენი ორი მოგზაურობის შესახებ უცხოეთში. როგორ ჩაიარა აფხაზეთის მთავრობისა  და უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტებმა იტალიასა და საფრანგეთში. ეს თქვენი პირველი გასვლა არ არის უცხოეთში. რას ემსახურება ეს ვიზიტები? რა შეხვედრები გქონდათ და როგორ ხვდებიან თქვენს დელეგაციებს უცხოეთში?

- დავიწყებ იტალიით, რადგან სწორედ იტალიაა ჩვენთვის ყველაზე რთული ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ აქ აფხაზები მუხლჩაუხრელად მუშაობენ ეგრეთწოდებული, დამოუკიდებელი ქვეყნის  სტატუსით. თავიანთი პირადი თუ სხვა კონტაქტებით აფხაზები ახერხებენ უკანონო ხელშეკრულებების დადებას  იქაურ პროვინციებთან. რა თქმა უნდა, ამას  ეწინააღმდეგება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინსიტრო, საქართველოს საელჩო იტალიაში, მაგრამ აფხაზეთის მთავრობის მუშაობის გააქტიურებაც აუცილებელია. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ოფიციალურმა შეხვედრებმა, რომელიც ფლორენციაში გვქონდა. შეხვედრები მოეწყო ფლორენციის მერიის ხელმძღვანელობასთან, სხვადასვა პროვინციების  თუ საგარეო ურთიერთობათა ადმინისტრაციის  პირებთან. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც ის ინტერესი, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენი პრობლემების მიმართ. ბევრი ვისაუბრეთ კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობასა და მისი გადაწყვეტის გზებზე, დევნილთა დაბრუნების საკითხებზე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის დაცვის, ახალგაზრდების, ბავშვების განათლების, უმუშევრობის და მრავალ სხვა თემაზე. დავსახეთ სამომავლო ურთიერთობებიც. ისიც უნდა ვთქვა, რომ ტოსკანის მხარისთვის კონფლიქტური სიტუაციები  არ არის უცხო. მართალია, ეს ისტორიას ჩაბარდა და საბოლოოდ  ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ  ნაწილობრივ, ჩვენი კოფლიქტის მიმართ დეტალური დაინტერესება, შესაძლოა ამითაც იყო გამოწვეული.

- როგორ მოხდა თქვენი მიწვევა?

- ჩვენი მიწვევა „რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის"  საშუალებით მოხდა, რომელიც ძალიან შეძლებული ორგანიზაცია გახლავთ და ხუთივე კონტინენტზე წარმატებულად მუშაობს.  ძალიან მნიშვნელოვანია, აფხაზებმა გააცნობიერონ, რომ ორივე მხარემ უნდა გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობის შენრჩუნებისა და მისი მოვლის გამოცდილება, რაც კერძოდ ამ ფონდს და ფლორენციას გააჩნია. მაგალითდ, ჩვენ „ვორკშოპებზე" ვართ მიწვეულნი, აქ სომხებიც და აზერბაიჯანელებც არიან წარმოდგენილი „ვორკშოპებში" მონაწილეობისთვის. როცა ამას ლეგალური ხასიათი აქვს, ბუნებრივია, არ მოხდება მათი ხელმოწერების ვინმეს მიერ განადგურება. სწორედ აქ,  ქართველებთან ერთად აფხაზებსაც  და ოსებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. იქ არავინ კრძალავს აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს კულტურული მიღწევების გატანას უცხოეთში. იმის თქმა მინდა, რომ ერთობლივად მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვინაიდან  აფხაზეთი საქართველოა, რასაც  არაღიარების  პოლიტიკით მოწინავე მსოფლიო საზოგადოება ადასტურებს.  ასე უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე ცალკე, დაუკითხავად სხვადასხვა პროვინციებში უკანონოდ დადებულ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით, რისკენაც აფხაზები ასე მიილტვიან. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხები არ გახლავთ. აფხაზებს პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური სიკეთე და სარგებელიც აინტერესებთ, რომლის მიღებაც სურთ, როგორც ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ ერთეულებს. ეს კი სრულიად მიუღებელი, ნეგატიური და არაადეკვატურია, რაც მთავარია, ასე მოგვარებული საქმე ჩაშლისთვის განწირულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, იტალიის მთავრობამ დაავალა  პროვინციებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ ჩაერთონ ამგვარ ღონისძიებებში, აიკრძალოს და გაუქმდეს ასეთი ხელშეკრულებები. აფხაზები დღეს თუ ხვალ მიხვდებიან, რომ ჯიუტად იმ კარის მტვრევა, რომელიც მათთვის ღიაა, წამგებიანია, როგორც ერის კულტურის თვითმყოფადობის განვითარებისათვის, ისე ენის შენარჩუნებისათვის.

და ბოლოს, ერთსაც დავამატებდი - აფხაზი ბავშვები, აფხაზი ახალგაზრდობა გვინდა ჩავრთოთ იტალიური ფონდის საქმიანობაში, რომ გახდნენ თანამოზიარე იმ სიკეთისა და სილამაზისა, რომელსაც მსოფლიოს კუტურული მემკვიდრეობა ფლობს. სამწუხაროდ, აფხაზი ახალგაზრდობა  მოწყვეტილია ამ ღირებულებებს პოლიტიკური საკითხების გამო. ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ისინი და მერწმუნეთ, არ დავიღლებით შეთავაზებით. იმედი მაქვს, აფხაზები მიხვდებიან, რამდენად სწორია, ის  რასაც ქართული მხარე მათ სთავაზობს. დადგება დრო, როცა ისინი ჩვენს ძალისხმევას დააფასებენ და მოვლენებს სხვაგვარად შეხედავენ.

- ბატონო ვახტანგ, ორი სიტყვით, იქნებ საფრანგეთში თქვენი მოგზაურობის შესახებც გვიამბოთ?

- საფრანგეთში ჩვენი ვიზიტი  ძალიან საპტიო და მნიშვნელოვანი გახლდათ, რომელიც არზაყან ემუხვარის სახელს უკავშირდება.

არზაყან ემუხვარი  აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე გახლდათ. 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო კრებამ არზაყან ემუხვარის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი ადგილი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია. ეს არის მთავარი, ლეგალური დოკუმენტი, სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მსოფლიოს და მათ შორის, აფხაზებსაც ველაპარაკებით. ეს  სამართლებრივი ნორმა გვეუბნება,  რომ აფხაზეთი  საქართველოს შემადგენელი ნაწილია. არზაყან ემუხვარი ამბობდა: „მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველოს გარეშე შეიძლება წარმოვიდგინოთ".   ზოგადად,  რბილი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ როცა  გადაწყვეტილებას იღებდა და სიმართლეში დარწმუნებული იყო, შეუვალი გახლდათ. ამიტომაც  აფხაზეთის დღევანდელი  მთავრობა, იმ მთავრობის სამართალმემკვიდრედ ითვლება, რომელსაც არზაყან ემუხვარი ხელმძღვანელობდა. ჩვენი სურვილი იყო, მისი 135 წლის იუბილე გამორჩეულად აღგვენიშნა, საზოგადოებას სცოდნოდა,  განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რას გვეუბნება ჩვენი ყოფიერების უახლესი ისტორია.  პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერიამ და საკრებულომ ჩვენ წინადადებას მხარი დაუჭირა და  თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ემუხვარის სახელი, რომლის კეთილმოწყობასაც ქალაქ თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად ახლა  შევუდექით.  ამავდროულად,  ქალაქის მერიამ  სახსრები გამოგვიყო, რომ შევქმნათ დოკუმენტური მასალა არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეს შეიძლება იყოს წიგნი ან სხვა რაიმე თვალსაჩინო მასალა.  ამ საკითხების მოგვარებაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა საელჩომ და ქართულმა სათვისტომომ საფრანგეთში. მოხერხდა ჩვენი ჩასვლა ლევილში; წმინდა ნინოს ეკლესიაში მოეწყო პარაკლისი და გადავიხადეთ არზაყან ემუხვარის  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. აქ იგალობა ეკლესიასთან არსებულმა ქართულმა გუნდმაც, რაც ძალიან ემოციური მოსასმენი გახლდათ ამ დიდი ადამიანის განსასვენებელთან შორეულ საფრანგეთში. აფხაზეთის ხელისუფლების, სათვისტომოს და   საელჩოს სახელით გვირგვინით შევამკეთ საფლავი და პატივი მივაგეთ  აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის  ხსოვნას.    ვიყავით ლევილის შატოშიც, სადაც  ემუხვარის შთამომავლები ცხოვრობენ. მოვინახულეთ ხალხი, რომელიც დღემდე სათუთად ინახავს ქართულ რელიქვიებს.  ჩვენი დიასპორის მინისტრთან, გელა დუმბაძესთან ერთად,   ვიყავით ქართულ სკოლაშიც, სადაც მინისტრმა შესანიშნავი გაკვეთილი ჩაატარა. მადლობა მინდა გადავუხადო ოთარ ზურაბაშვილს, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო  ჩვენი ვიზიტი საფრანგეთში.

Abkhazia News

2014-12-15
ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის შესახებ საუბრობს თოქ-შოუში „არგუმენტების დრო“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" ეთერში, თოქ-შოუ „არგუმენტების დროში" ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის შესახებ საუბრობს.

2014-12-15
ვახტანგ ყოლბაია რაულ ხაჯიმბას მიერ ენგურჰესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას თოქ-შოუ "არგუმენტების დრო"-ში პასუხობს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" ეთერში, თოქ-შოუ „არგუმენტების დროში",  რაულ ხაჯიმბას მიერ ენგურჰესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

2014-10-29
ვახტანგ ყოლბაია: "აფხაზებს საქართველოს ფარგლებში ყველაფერი შეუძლიათ"

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში მიმდინარე რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაციის საკითხების შესახებ, ვესაუბრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას.

- ბატონო ვახტანგ, რა შეფასებას აძლევთ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების ტექსტს, რომელმაც უკვე ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენშიც და აფხაზეთშიც, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე? როგორ უყურებთ აფხაზეთის .. პარლამენტის მიერ ხელშეკრულების ტექსტის ზოგიერთი პუნქტის ჩასწორებას. რა იცვლება ტექსტის ჩასწორებით?

- ამ ხელშეკრულებაში ჩადებულია ისეთი რამ, რასაც პრაქტიკულად აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს უფლებები ნულამდე დაჰყავს და რუსეთის პროვინციად აქცევს. აქ ორი მომენტია - დღევანდელი ე.წ. პრეზიდენტი მთავარსარდალია, ამ ხელშეკრულებით მთავარსარდალი ინიშნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, რაც ნონსენსია. სახელმწიფოებრიობის ეს პირველი ატრიბუტი ფაქტიურად მოშლილია. მეორე - გახლავთ საბაჟო. როდესაც „სახელმწიფოს" რუსეთის საბაჟო აკონტროლებს, ანუ თუ რუსეთი გააკონტროლებს საზღვრის ორივე მხარეს, რომელ „სახელმწიფოებრიობაზეა " ლაპარაკი. ვფიქრობ, აფხაზებმა კარგად იციან კითხვა, მით უმეტეს, ნიუანსებს კარგად უღებენ ალღოს და პოლიტიკურ საკითხებშიც საკმაოდ გაწაფული ხალხია. ამიტომაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ძირითადად ამ პუნქტებს მიაქცია ყურადღება და კოსმეტიკური შესწორებები შეიტანა. ამით აფხაზები ცდილობენ სახის შენარჩუნებას, ხალხის დამშვიდებას და რუსეთსაც კარნახობენ გამოსავალს, თითქოს შეთანხმების მიღება „დემოკრატიულ პრინციპებზე" დაყრდნობით მოხდება. ხალხის გულისწყრომის შესანელებლად  აფხაზეთის რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებასაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტი სახელს უცვლის და რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის"  ხელშეკრულებას  „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას" უწოდებს. ასეთი პოლიტიკური კოსმეტიკა ორი მხარის პოლიტიკურ ტექნიკასა და ნებაზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული.  მაგრამ, ერთი მხრივ კარგად ვიცნობთ რუსეთს, რომელიც არასოდეს არაფერს თმობს და შესაძლოა არცა ახლა დათმოს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით აფხაზეთს საბოლოოდ შემომტკიცებულად არ ჩათვლის.

- გამოიწვევს თუ არა ასეთი ხელის გადაგრეხვა აფხაზური ოპოზიციის ჩამოყალიბებას. რამდენად ხელსაყრელია რუსეთისთვის ან ხაჯიმბასთვის ასეთი ვარიანტი?

- ხაჯიმბას უკვე ჰყავს ოპოზიცია ბაგაფშისა და ანქვაბის მომხრეების სახით. ამ დოკუმენტით კი მისი მდგომარეობა უფრო მძიმდება. მართლაც, ცუდ მდგომარეობაშია ხაჯიმბა. დოკუმენტის კოსმეტიკური ჩასწორება მას ვერ უშველის. რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ხელისუფლებაში მაინც დიდხანს ვერ დარჩება. აფხაზები ამას არ აპატიებენ. მას აქვს საშუალება უარი თქვას ხელმოწერაზე და როგორც გმირი, ისე ჩამოშორდეს პოლიტიკას. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდელი რეალობიდან  გამომდინარე რუსეთის იძულება აფხაზეთს არ შეუძლია არა იმიტომ, რომ აფხაზები ცუდი მეომრები არიან ან ცუდი ლოგიკა აქვთ, ან რაიმე ამდაგვარი.გამოვიდეთ რუსული პოლიტიკიდან, რუსეთს დაუთმია ოდესმე რამე ამ დროის მანძილზე?  როგორი სახითაც უნდა მიიღონ დოკუმენტი ჩასწორებული თუ ჩაუსწორებელი, აფხაზური ოპოზიციის ჩამოყალიბება გარადაუვალია. ეს იქნება არა პიროვნული დაპირისპირება, არამედ პრინციპული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ხმამაღლა განაცხადებს, რომ ხაჯიმბამ აფხაზეთს სახელმწიფოებრიობა დააკარგვინა. სწორედ ეს გახდება მათი მოქმედების და ბრძოლის მთავარი ლოზუნგიც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უმალ გამოიქცევიან საქართველოში, ეს უნდა გავაცნობიეროთ. რაც უნდა მოხდეს იქ, ახლა სიტუაცია  ისე ყალიბდება, რომ საქართველოსკენ აფხაზების გამოხედვა  არ არის მოსალოდნელი.

- რატომ აჩქარდა რუსეთი? ამის მიზეზი ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა და ნატოს საწვრთნელი ბაზების საქართველოში განთავსება? აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებით რუსეთი ფიქრობს, რომ აფხაზეთზეხელს აგვაღებინებს

- ხვალვე რომ ვთქვათ ნატო-ზე უარი და ავირჩიოთ ნეიტრალური სახელმწიფოს სახე, რუსეთი მაინც არ დააბრუნებს აფხაზეთს. მას უნდა ნაკლები დანაკარგებით მიიღოს მაქსიმუმი. რუსეთს უნდა, რომ ჩვენ საერთოდ თითი არ გავანძრიოთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ახლა გვაქვს. რუსეთმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველოს არჩევანის საშუალება აქვს ნატოსა და ევროკავშირის სახით და სწორედ ამის ჩახშობას ცდილობს.

აფხაზებს საქართველოს ფარგლებში  ყველაფერი შეუძლიათ - განავითარონ ენა, კულტურა, იარონ საზღვარგარეთ, მიიღონ იქ განათლება, ისარგებლონ იმით, რაც საქართველოს  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეკუთვნის, მათ შორის, რეგიონში უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების ჩათვლით.   მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ სურს რუსეთს, მას უნდა, რომ ევროპის ნაცვლად მთლიანად მასზე ვიყოთ დამოკიდებული.

- ამ რეალობაში ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- დიახ, რეალობა სახარბიელო არ არის. უწინარესად უნდა დაველოდოთ აფხაზების რეაქციას ქართული მხარის, შეთავაზებაზე.  ოსეთის პოზიცია უკვე ცნობილია.  მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ შეთავაზებებით, რაც უნდა განუხორციელებლად გვეჩვენებოდეს ეს. ახალი რეალობა გვკარნახობს, რომ მხოლოდ ქართველებს კი არა, აფხაზებსაც და ოსებსაც  სხვა გამოსავალი არა აქვთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში ცხოვრების გარდა.  სწორედ საქართველოა მათი გადარჩენის და უსაფრთხოების გარანტი. სამწუხაროდ, არ ვიცი როდის აღიარებენ ამას აფხაზები და ოსები ხმამაღლა, ყველას გასაგონად. მაგრამ ეს საბოლოოდ ასე დასრულდება.

თუ დავუბრუნდებით დოკუმენტს, საერთაშორისო სამართლის დონეზე ეს დოკუმენტი არაკანონიერია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყოველგვარ ნორმებს და ამიტომ, აქედან ტრაგედიის შექმნა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა აფხაზებთან. აფხაზური მმართველი ელიტა თუ შეცდომას უშვებს,  რუსეთთან ხელშეკრულებას ვგულისხმობ, ხალხი, რომელიც მათ უკან დგას, არაფერ შუაშია. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ აფხაზ ხალხთან გვაქვს განსაკუთრებული სიახლოვე და ამ ხალხთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ. 

- არ შემიძლია არ ვისარგებლო დღევანდელი შეხვედრით და არ შეგეკითხოთ იმ ორი სამინისტროს გაუქმების შესახებ, რომელმაც საკმარისი ვნებათაღელვა გამოიწვია. მაგალითად, აფხაზეთის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტროს გაუქმება რამდენად მისაღებიი ყო თუნდაც დღეს?  

- ეს არ იყო წუთიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ აზე თითქმის ოთხი თვეა ვმსჯელობთ. პირველი კი ვისთანაც ამაზე საუბარი მქონდა,  თავად ლელა გულედანი გახლდათ. მალულად ჩვენთან არაფერი კეთდება.  ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლელა გულედანი  მე მოვიყვანე და სამოქალაქო თანხმობისა  და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტროც მე ჩამოვაყალიბე. გულედანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.  ჩემთან ხშირად მოდიოდა, რაღაც პროექტების დაფინანსებასმთხოვდა. კარგად ვთანამშრომლობდით და ვიფიქრე, რომ ჩვენს მთავრობაში ადგილს დაიმკვიდრებდა და ერთად ბევრს შევძლებდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გამოცდილება, საქმეში წარმატებული იქნებოდა. ამიტომ, განსაკუთრებულ დავალებათა სამინისტრო, რომელიც იქ დაგვხვდა,  გავაუქმეთ და  შევქმენით სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრო.  თუმცა, გულედანისთვის  მაშინაც ცნობილი იყო, რომ ამ სამინისტროს ასეთი სახით დიდხანს ვერ შევინარჩუნებდით და ის მინისტრის პოსტზე ვეღარ დარჩებოდა.  მაგრამ მას მუდამ მოვიაზრებდი ჩვენიგუნდის წევრად. რეფორმები სხვაგვარ გადალაგებას მოითხოვს. განსაკუთრებით  დევნილების  დაბრუნების, ნდობის აღდგენის, მათი ინტეგრაციის საკითხებში. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევინახოთ სამინისტროები, რომლებიც მხოლოდ ფურცლებს აფრიალებენ და დღევანდელ მოთხოვნებს არ პასუხობენ. პრემიერის  გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ  სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ამ სამინისტროების ლიკვიდაცია მოვახდინეთ. დღეს უნდა ვილაპარაკოთ შერიგებაზე, ნდობის აღდგენაზე. სანამ ნდობა არ აღდგება აფხაზებსა და ქართველებს შორის, ვერც შერიგება მოხდება და ვერც კონფლიქტის მოგვარება იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ გეზი ამ მიმართულებაზე უნდა ავიღოთ, უფრო მეტად უნდა დავიახლოვოთ ჩვენი დიასპორა, მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან, ხელი შევუწყოთ მათინტეგრაციას. ამ მიმართულებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ახალი უწყება, რომელზეც ახლა აფახაზეთის მთავრობა მუშაობს. რა თქმა უნდა, თვითმიზანი არ არის სამინისტროების გაუქმება. ლაპარაკია მთავრობის ოპტიმიზაციაზე, რესტრუქტურიზაციაზე და კადრების ოპტიმალურ განაწილებაზე. ამას ემატება ფინანსური დანახარჯების გამოყენება უფრო სწორი  მიმართულებით, რათა დევნილებმა მართლა იგრძნონ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ეკონომია მათი საჭიროებებისკენ მიემართება. რაც შეეხება ლელა გულედანს, მე მას შევთავაზე მინისტრის პირველი მოადგილეობა, მაგრამ ეს იუკადრისა. მხოლოდ მინისტრობა და სხვა არაფერი, ასეთი იყო მისი პოზიცია. იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, რომლისთვისაც მინისტრობა ცხოვრების მიზნად ქცეულიყოს. იმის ნაცლად, რომ ჩვენი წინადადება მიეღო მთავრობის სხდომა კარის გაჯახუნებით დატოვა და ისიც მოგვაძახა, რომ ჩვენ თურმე კონფლიქტის მოგვარება არ გვდომებია. ღიმილის მომგვრელია  ასეთი მოქმედება, მაგრამ ჩვენ არ გვცალია იმისთვის, რომ ყველას და ყველაფერს გამოვეხმაუროთ, თუნდაც ეს დიდ უსამართლობად მიგვაჩნდეს.

- რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, ვინც ამ სამინისტროებში იყო დასაქმებული?

- ჩვენ გვქონდა 7 სამინისტრო, მაგრამ დღეს გვაქვს მხოლოდ სამი. რამდენიმე ადამიანი სამწუხაროდ, სამსახურის გარეშე დარჩა. მაგრამ პარალელურად, ჩვენ სხვა სამუშაო ადგილებსაც ვქმნით. მაგალითად, თურქეთის საელჩოს დახმარებით, ვაზიანში ვქმნით პატარა კოოპერატივს დევნილთა დასაქმებისათვის. ქუთაისში შევქმენით ძალიან კარგი საწარმო, „ბიზნესინკუბატორი", რომლის ხელმძღვანელია ალუ გამახარია. მას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ძალისხმევით შეიქმნა რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი.  მისი დამსახურებაა რკინის, მწვანე ჩაის საამქროს ჩამოყალიბება, კადრების მომზადების ცენტრის დაარსება. სულ ახლახან იქ ჩავიყვანეთ ინგლისური ორგანიზაცია „ნეო", რომელიც ძალიან სერიოზული ინვესტიციების ჩადებას აპირებს. არ მინდა ყველაფერი წინასწარ ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მალე ამ  დაწესებულების ბაზაზე ძალიან კარგი სასათბურე მეურნეობა გვექნება. იაპონიის საელჩომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვიტა 90 000 დოლარის გამოყოფა, რომლის საშუალებითაც, წლის დასაწყისში, ჩვენ დიდ მეურნეობას გავხსნით. სხვათა შორის, პრემიერმაც ახსენა, რომ მსგავს სასათბურე მეურნეობებს დიდი ყურადღება მიექცევა. ამას ემატება ისიც, რომ უახლოეს მომავალში, უმსხვილესი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჰეიფერის" მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში ძალიან დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. პარტნიორი ბანკების მხარდაჭერით, დაახლოებით რამდენიმე ათეული დევნილი დავასაქმეთ საბანკო სისტემაში. აუცილებელი არაა, პიროვნებამ იმუშაოს მაინც და მაინც აფხაზეთის მთავრობასა და მის სტრუქტურებში. მიმაჩნია, რომ ჩვენს სტრუქტურებში პროფესიონალიზმის განვითარების მიზნით, ყველაზე კარგი გარემო არაა. მე სულ ვცდილობ, ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ უფრო პრაქტიკული, რეალური საქმიანობით დაკავდნენ იქ, სადაც შეგიძლია ისწავლო, შენი ნიჭი განავითარო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაუქმებულ სამინისტროებში მომუშავეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი ემუქრება. ვინც არ მუშაობდა ან არ პასუხობდა მოთხოვნებს, ისინი, რა თქმა უნდა, აღარ დასაქმდებიან. მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ქუჩაში არავინ დავტოვოთ, დასაკარგი ხალხი ნამდვილად არ გვყავს.

Abkhazia News

2014-08-20
ვახტანგ ყოლბაია: „ვინც კარგად ვერ გაიგო, იმათ გასგონად მინდა ვთქვა – აფხაზეთის სტრუქტურების თბილისში ფუნქციონირება უწინარესად პოლიტიკური საკითხია, რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას მთელ მსოფლიოს ახსენებს“

ოკუპირებულ აფხაზეთში მალე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც გალის მოსახლეობას დე ფაქტო ადმინისტრაციამ მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ვრცელდება ხმები იმის შესახებაც,  თითქოს  გალელებს არჩევნების შემდეგ აფხაზეთიდან გასახლებაც ემუქრებათ. ამ და სხვა საკითხების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზიანიუსთან" ინტერვიუს დროს ისაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, 14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 22 წელი შესრულდა. არანაკლები ტრაგედია დატრიალდა 2008 წლის აგვისტოშიც. საინტერესოა თქვენი შეფასება, რა კვალი დატოვა ამ ავბედითმა მოვლენამ საქართველოში არსებული კონფლიქტების, განსაკუთრებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით?

- 2008 წლის აგვისტოს ომმა ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი. თითქმის გაანადგურა ის მოედანი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ბჭობდნენ, კამათობდნენ, განიხილავდნენ კონფლიქტის მოწესრიგების ურთულეს თემებს. 2008 წლის ომი არის ყველაზე მძიმე და უპატიებელი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. ეს შეცდომები საბედიწერო იყო ყველა თვალსაზრისით: პოლიტიკური, ეკონომიკური, მორალური,სოციალური, ჰუმანური. ეს გახლდთ, თუ გნებავთ ჰუმინატარული კატასტროფა, რომლის შედეგებსაც ახლაც და კიდევ მრავალი წელი მოვიმკით. ვეთანხმები იმას, რომ ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ სამაჩაბლოს ომის ინსპირირება, მისი რეალური და არა ყურით მოთრეული მიზეზები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. უნდა დამთავრდეს საქართველოში იარაღის ჟღარუნი, ომის ენაზე მოწინააღმდეგესთან საუბარი. აფხაზეთის ომი და მისი შედეგები მაგალითად გამოდგებოდა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, სააკაშვილმა აქედან ვერავითარი დასკვნა ვერ გააკეთა. ომის გაჩაღებაში და პროვოკაციებში დახელოვნებულ რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებამ, ყალბი ბაქიბუქის გარდა ვერაფერი დაუპირისპირა. საკუთარი პატივმოყვარეობის ჟინით და განდიდების სურვილით შეპყრობილი, დაუფიქრებლად ჩაერთო ომში, რომელიც კიდევ ერთხელ და კიდევ მერამდენედ სავალალოდ დამთავრდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოლაპარაკების გზით პროცესი ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც თანაბრად სასარგებლოდ უნდა მოგვარდეს. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ წვეთი ქვას ხვრეტს. არ უნდა მოგვბეზრდეს მშვიდობის ენაზე საუბარი. ჩვენი თანამოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოდან მათ არავითარი სამხედრო საფრთხე არ ელით.

ოკუპირებული აფხაზეთი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ამჟამად იქ? როგორი განწყობაა? შეიცვლება რამე უკეთესობის მხრივ?

- დაკვირვებული ადამიანი, ვინც აფხაზეთში ე. წ. წინასაარჩევნო პროცესს თვალყურს ადევნებს, კარგად დაინახავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები: ძიაფშიპა, ქიშმარია, ხაჯიმბა და ბჟანია ძირითადად საუბრობენ რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე. ნაკლებად განიხილავენ ამომრჩეველთან აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ჩასატარებელ რეფორმებს, სამომავლო პროექტებს. რატომ? სოხუმში თვლიან, რომ აფხაზეთის ეკონომიკის პრიორიტეტები რუსეთის ეკონომიკურ ვერტიკალზე გადის და მთლიანად მას უნდა დაექვემდებაროს. რუსეთი უნდა განაგებდეს ყველაფერს, რუსეთის ბიუჯეტიდან უნდა იკვებებოდეს აფხაზეთი, მისი მოსახლეობა, უწინარესად კი თავად დე ფაქტო ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ ასეთი სულისკვეთება დამღუპველი თუ არა აბსოლუტურად უსარგებლოა აფხაზეთისთვის. ამ მხარეს ეკონომიკის განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. აფხაზეთს გამოაცოცხლებდა სოფლის მეუნეობის დარგების რეფორმირება, ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტებზე გადაყვანა, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო პოტენციალის გააქტიურება. დღეს და ხვალ შეიძლება უშრომველად, უზრუნველად მოგეცეს ყველაფერი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებას მკვეთრი შემოტრიალება ახასიათებს. თუ ისე მოხდა, რომ პოლიტიკური ნიავი სხვა მხრიდან დაუბერავს, მოსახლეობა მშრალზე აღმოჩნდება და დაინახავს, რომ ოქრო, რომელსაც ფლობდა მტვრად ქცეულა და მისი დაბრუნება აღარავის ძალუძს. ვეღარაფერი იხსნის ჩამორჩენილ სოფლის მეურნეობას, მეთამბაქოეობის დარგს, ტურისტულ ბიზნესს, განადგურებულ ინფრასტრუქტურას. კვლავ მინდა გავიმეორო, რომ აფხაზეთის მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება, გამუდმებით რუსეთთან ინტეგრაციაზე აქცენტის გაკეთება და ქვეყნის პრიორიტეტად აღიარება, არაგონივრულია.

 სოხუმის მიერ დაბეჭდილი პასპორტებით ახალგაზრდობის ჩაკეტვა საკუთარ სივრცეში ნიშნავს იმას, რომ მომავალ თაობას განვითარების საშუალება არ მისცე. ისინი ხომ ჯერ-ჯერობით იმედის თვალით უყურებენ მომავალს. მუდმივი აპელირება იმაზე, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები ხართ, რეალური შედეგების მომტანი ვერ იქნება. სეპარატიზმს და დამოუკიდებლობას ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა აქვს, გვერდი-გვერდ არსებობა მათ არ უწერიათ. ასეთი პოლიტიკური ილუზიებით კი აფხაზ ახალგაზრდობას დიდხანს ვერ „გაართობ". მათ სურთ განვითარება, ევროპული განათლების მიღება, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, დასავლური სტანდარტების ათვისება. ამიტომაც არის დამღუპველი ის იზოლაცია, რომელშიც ახლა აფხაზეთი იმყოფება. დღეს მთელი მსოფლიო გახსნილია. იმდენად რთული ეპოქაა, რომ ქვეყნები ცალ-ცალკე ვერ უმკლადებიან გასაჭირს, ვერც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ვერც ეკოლოგიურ კატასტროფებს, ვერც სეპარატიზმის პრობლემას, პოლიტიკურ ქარტეხილებს, სამოქალაქო ომებსა თუ ბირთვულ საფრთხეებს. მსოფლიო დღეს სერიოზული კრიზისის წინაშეა. ამას უკრაინის მაგალითიც ადასტურებს. ამიტომ, კონსოლიდაცია, ღია მსოფლიო, მშვიდობისკენ ლტოლვა, შეიძლება იქცეს გარკვეული წარმატების წინაპირობად. ყველა ქვეყანა ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში თავისი ადგილის მოპოვებას. ეს პირობები კი მკაცრია და დაუნდობელი. როგორი იქნება დემოკრატიული ბალანსი ამ რეალობაში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ დემოკრატიის გზაზე სიარული, ამ ფასეულობების გაზიარება და დამკვიდრება საკუთარ ქვეყანაში, აუცილებელია.

როგორ გადაწყდება გალის მოსახლეობის საკითხი ე. წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

- გალის თემა აფხაზეთის სინამდვილეში დაახლოებით ასეთია: - 1995 წლიდან მოყოლებული, გალელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული ყველა არჩევნებში, რომლებიც დანარჩენ სამყაროს არასდროს უღიარებია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას არასოდეს უთქვამს გალელებისთვის ბოიკოტი გამოაცხადეთ, არ გაბედოთ აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო. ჩვენ გვსურდა, ადგილობრივი მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირებულიყო აფხაზ მოსახლეობასთან. ინტეგრირებული, განვითარებული აფხაზეთი ხომ პირველ რიგში საქართველოსათვის იყო მისაღები. გალელების როლი აფხაზეთის ეკონომიკის, კულტურის თვითმყოფადობის განვითარებაში უნდა ყოფილიყო ისეთივე წონადი, როგორც ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში. არჩევნებში გალელები თავის სიტყვას ამბობდნენ, პრაქტიკულად გავლენას ახდენდნენ საბოლოო შედეგებზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რაც შეეხება ბოლო დროს გაჩაღებულ კამპანიას, რომელიც გალელების წინააღმდეგ მუშაობს, არავითარი გამართლება არა აქვს. რა თქმა უნდა, არც აფხაზ, თუნდაც ექსტრემისტულად განწყობილ პოლიტიკურ ისტემბლიშმენტს ასეთი პოლიტიკა სიკეთეს არ მოუტანს. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მსოფლიოში მიღებული ნორმების, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს თუ არა ხვალ იჩენს თავს და უკან ბუმერანგივით მათვე დაუბრუნდებათ. ბაგაფშისა და ანქვაბის დროს, წამოწეული იყო გალის მოსახლეობის სოციალური საკითხები, კომუნიკაციის, გზების პრობლემები, აფხაზეთის ხელისუფლება ამას თავისი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებად განიხილავდა. გარდა ამისა, გალის მოსახლეობის მიმართ რაღაც მოვალეობასაც გრძნობდნენ და ხმების რაოდენობასაც ანგარიშს უწევდნენ. ახლა სხვაგვარად უყურებენ მოვლენებს. გალის მოსახლეობას არჩევნების უფლებას ართმევენ, რომელიც ჩვენ მიერ არც ახლა იქნება აღიარებული და არც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ასეთი განწყობა აღვივებს, ნიჰილიზმს, ხელჩაქნეულობას, ქმნის ნერვულ ატმოსფეროს. ბუნებრივია გალში მცხოვრები მშრომელი მოსახლეობა ფიქრობს ყველაფერი წყალში ხომ არ ჩაიყრება? აზრი აქვს რაიმე ღირებულის შექმნას, თუ ერთ მშვენიერ დღეს გალიდან ფეხს ამოგვაკვეთინებენ. ამ ინტერვიუს შემდეგაც, დარწუმენბული ვარ, არაფერი შეიცველბა ექსტრემისტულად განწყობილ წრეებში. გული მწყდება, რომ ძველი განწყობა გალის მოსახლეობისადმი ასე ერთბაშად, ფეხქვეშ გაითელა ვიღაცის კაპრიზის გამო, რომელსაც ეშინოდა, რომ გამარჯვებას სხვაგვარად ვერ მოიპოვებდა. ეს გადაწყვეტილება ერთბაშად მიაღებინეს პარლამენტს რადიკალურმა დაჯგუფებებმა, რომელთაც აფხაზეთის სიკეთისთვის და მისი მომავლისთვის თითი თითზე არ დაუკარებიათ. არადა, კარგად ვიცი, რომ აფხაზეთში განწყობა არ არის მთლად ისეთი რადიკალური, როგორიც ზოგიერთს აქვს წარმოდგენილი. სამწუხარო ისაა, რომ ამას წინ ვერავინ აღუდგა. თუ გალელების თხილი, ციტრუსი კარგია, გალელების მოწველილი ძროხიდან მიღებული ყველი და რძე საუკეთესოა, გალელების ხმებიც არჩევნებში ვნებას ნამდვილად არავის მოუტანდა.

ახალი ე. წ. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, გალელებისთვის რამე შეიცვლება? საუბრობდნენ იმაზეც, რომ დაგეგმილია გალის ქართული მოსახლეობის გასახლება...

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განწყობაა, დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა გახდეს დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ის მაინც შეეცდება გალელი მოსახლეობისთვის ანგარიშის გაწევას. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ გალელებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობქზე აფხაზური პასპორტების სასარგებლოდ, გაუგებარია, რა მექნიზმით აპირებენ ამის დმტკიცებას და შემოწმებას ესეც საეჭვოა. ვერაფერი ნუგეშია გალელებისთვის აფხაზეთის ადმინისტრაციის მიერ იმით თავის მოწონება, ხომ გექნებათ ბინადრობის მოწმობა, განა ეს საკმარისი არ არისო. ასეთი მიდგომა ადამიანთა დამცირებაა, ღირსების შელახვაა. ასეთი მოქმედება პოლიტიკურად გაუმართლებელია, არაჰუმანურია, პრაგმატული თვალსაზრისით კი სრულიად არამომგებიანი. ახლა რაც ხდება, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას უფრო წააგავს. ამიტომაც არ მჯერა, რომ ახალი ადმინისტრაცია, მაშინვე ხელაღებით დაიწყებს გალელების გამოდევნას, ეს დაუჯერებელია.

 როგორც უნდა იყოს, აფხაზეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებას, ინვესტიციების მოზიდვას სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. თუ ამ მზაკვრულ გეგმას, რომელზეც ლაპარაკობენ, სისრულეში მოიყვანენ, არავინ დათანახმდება იქ რაიმე ინვესტიციის ჩადებას, როცა ამ ფორმით ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფასთან და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც, არა მგონია ყველაფერი ასეთი ცუდი სცენარით განვითარდეს. გაივლის დრო, ვნებები დაცხრება, მავანნი თავიანთ შეცდომებს გააანალიზებენ და შეეცდებიან გალში უფრო მისაღები, ადამიანური მმართველობის შემოღებას. ჩვენ კი ყველა საშუალებით შევეცდებით , რამდენადაც ეს შესაძლებელია, პროცესები პოზიტიურ კალაპოტში გადავიყვანოთ.

არ შემიძლია, უკრაინასთან დაკავშირებით არ გკითხოთ. ყველა ვხედავთ, რა ხდება ამ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში. რუსეთიდან დაიძრა ე. წ. ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრ კითხვებს ბადებს. ხომ არ წააგავს ეს ყოველივე თავის დროზე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს?

- უკრაინაში ბოლოს აგორებული რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის თემა მაგონებს ტყვარჩელში რუსების მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარულ ტვირთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მაშინ ქართველების ნაწილმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ტყვარჩელში ჩაიყვანეს რამდენიმე მანქანა, რომლებშიც შემდეგ ტყვია-წმალი და შეიარაღება აღმოჩნდა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი მომენტი, რომელიც უკრაინაში ხდება, მეორდება აფხაზეთის სცენარის მსგავსად. იგივე ხდებოდა ყირიმში პასპორტების გაცემასთან დაკავშირებითაც. 2002 წელს აფხაზეთში პასპოტიზაციასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სწორედ ჩვენ ავტეხეთ განგაში. იმ დროს დუმის თავმჯდომარე სელეზნიოვი გახლდათ, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის მართლება მოუწია ამ საკითხთან დაკავშირებით. მახსოვს, ადა მარშანია გამოვიდა სიტყვით, საკმაოდ არგუმენტირებული გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვა. დღეს კი იგივე უკრაინაში მეორდება. თავის დროზე რეაგირება რომ მოეხდინათ ჩვენს მეგობრებს პასპორტიზაციის თემაზე აფხაზეთში, შეიძლებოდა აღმოსავლეთ უკრაინას ეს პრობლემა აღარ ჰქონოდა. უკრაინა გრანდიოზული ევროპული ქვეყანაა უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსებით. იქ უკვე გაჩაღებულია სამოქალქო ომი, რომელიც მსოფლიოს ძალისხმევით უნდა შეჩერდეს. უნდა გამოინახოს გონივრული გზები უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად. ვფიქრობ, პოლიტიკურმა წრეებმა, გავლენიანმა სახელმწიფოებმა, იმათ, ვის ხელშიცაა დღეს მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, უნდა შეძლონ ამ საშინელების შეჩერება.

ბოლო დროს ბევრი მითქმა-მოთქმაა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, როგორც ინსტიტუციის მიმართ. პრესაში იმის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს, რომ ამ უწყების არსებობის საკითხი გადასახედია...

- რაც შეეხება ზოგიერთ გამონათქვამს, რაც პრესაში იყო, მხედველობაში მაქვს ჟურნალ „ლიბერალში" ერთ-ერთი ამონარიდი, სადაც წერენ, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ხელისუფლებას ბევრი რამის გადაფასება მოუხდება. უნდა გადაწყდეს ავტონომიური რესპუბლიკის ინსტიტუტების ლეგიტიმურობის თუ ძირეულად გადახალისების საკითხი. ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რას ნიშნავს ძირეული გადახალისება, ბევრი რამის გადახედვა. არც იმის თქმა ერიდებათ, რომ ამ ინსტიტუტების გაუქმება თურმე დევნილ მოსახლეობაში ბევრს გულს არ დაწყვეტს. ეს ისე ხომ არაა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელის ერთი მოსმით რომ გააქრო საქართველოს პარლამენტიდან აფხაზეთის დეპუტაცია. რატომ? რათა ეპარპაშათ, როგორც მათ სურდათ ისე, მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საზიანო იყო ყველასთვის. კარგად იცოდნენ, რომ აფხაზეთის დეპუტაცია აუცილებლად გაუწევდა წინააღმდეგობას აფხაზეთის სტრუქტურების ლიკვიდაციას, სამაჩაბლოში ომის დაწყებას, სხვა სპეციალური შეღავათების გაუქმებას მეომრებისათვის, დევნილებისათვის. სწორედ ამიტომაც, უაპელაციოდ მოისროლეს ეს დეპუტაცია პარლამენტიდან. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც. რას ლამობს „ლიბერალი", რომ აფხაზეთის სტრუქტურის დაშლით დევნილები და ხელისუფლება პირისპირ დააჯახოს ერთმანეთს და ამას დაძაბულობა მოჰყვეს. მთავარი მიზანი აქ იმალება. დანარჩენი დეტალებია. მაგრამ, როგორც იტყვიან, ეშმაკი სწორედ დეტალებშია მიმალული. ვის სჭირდება ეს? რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. დღევანდელ ხელისუფლებას ყველა საშუალებით უნდა შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი იმ გზაზე, რასაც ჰქვია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, მეზობლებთან დაუძაბავი ურთიერთობის ჩამოყალიბება. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რაღაც შეკრებებზე დადიან , აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ფიქრობენ" და თურმე „ძალიან წუხან" ამ საკითხებზე. მაგრამ ამ სიყალბით ვერავის ვეღარ მოატყუებენ. ეს თეთრი ძაფით ნაკერია. ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ყველამ ყველაფერი იცის. თუ ვინმეს თანამდებობის დაკავება უნდა და სადმე მოკალათება, ეს სხვა ამბავია. ვინც კარგად ვერ გაიგო, იმათ გასგონად მინდა ვთქვა. ჩვენი უწყებების დატოვება და მათი ფუნქციონირება უწინარესად პოლიტიკური საკითხია, რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას მთელ მსოფლიოს ახსენებს. ჩვენი ფუნქციონირება იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი თავის მოსახლეობასთან ერთად არსებობს საქართველოსთვის და მუდამ იარსებებს. საქართველოს ხელისუფლება თავად გადაწყვეტს, როგორი მიმართულება უნდა მისცეს ჩვენს უწყებებს, როგორ უნდა გამოიყენოს მათი პოტენციალი. ხოლო იმათ, ვისაც სურს რაღაც ადგილების მოპოვება და იქ მოკალათება, ვურჩევ, თავიანთი ძალები ორი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მოსინჯონ, იქნებ რაიმე გამოუვიდეთ. ოღონდ არა აფხაზეთის სტრუქტურების, არა საქართველოს ერთიანობის და არა დევნილების პრობლემების ხარჯზე.

როგორი ურთიერთობა აქვს ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებასთან? დევნილთა პრობლემების მოგვარებას ალბათ მთლიანად თქვენი ძალებით ვერ შესძლებთ.

- ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რამდენიმე ხნის წინ მე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვზავა შევხვდით პრემიერ-მინისტრს, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ამ დღეებში შეხვედრები გვქონდა დევნილთა და განსახლების მინისტრ ბატონ სოზარ სუბართან. მან თავისი მოადგილეების თანხლებით მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება, რა პერსპექტივებია დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პირადად სოზარ სუბარს ამ შეხვედრისთვის. ასეთივე ფორმატით შეხვედრებს ვაპირებთ სხვა სამინისტროებთანაც; უკვე გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან. შეხვედრა გვექნება თბილისის საკრებულოსთანაც. გვინდა ასეთივე შეხვედრა ქალაქის მერ დავით ნარმანიასთანაც შედგეს. აფხაზეთის მთავრობას მასთან ურთიერთობის ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვს ჯერ კიდევ მისი მინისტრად მუშაობის პერიოდში. მოგეხსენებათ, თბილისში ძალიან ბევრი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილია, ისევე, როგორც კერძო სექტორში, რომელთაც ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებთ, რაც არც ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა, არც დევნილთა სამინისტროსიდა არც მერიის. საკითხებს კი სწრაფი რეაგირება და მოგვარება სჭირდება. ძალიან მინდა დევნილმა მოსახლეობამ გაიაზროს, რომ 20013-2014 წლებში ხელისუფლებამ ძალიან დიდი ტემპი აიღო დევნილთათვის ბინების გადაცემის საკითხში. არის ხარვეზებიც, მაგრამ ასეთი ტემპი მანამდე არასოდეს ყოფილა. ეს ძალიან გვაიმედებს ჩვენც და დევნილ მოსახლეობასაც.

რამდენიმე დღის წინ, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ განაცხადა დევნილთათვის უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების პროექტის დაწყების შესახებ, რომელსაც თქვენი მთავრობა თითქმის ერთი წელია, უკვე ახორციელებს. თუ შეიძლება, გაგვიმხილეთ, კიდევ უნდა ველოდოთ რაიმე ნოვაციას აფხაზეთის მთავრობის მხრიდან? რომელიც შესაძლოა, შემდეგში ასევე მისაბაძი აღმოჩნდეს ცენტრალური მთავრობისათვის.

- ეს ძალიან კარგი ინიციატივიაა, რომლისათვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ორივე სამინისტროს მესევეურებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. წელს ჩვენ სხვადასხვა რეგიონში 8 გამოკვლევა ჩავატარეთ, პრაქტიკულად ყველა რეგიონში აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის გარდა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს აქცია ძალიან ეფექტიანია. იმედია მოვახერხებთ და მომავალ ბიუჯეტში უფრო მეტ თანხებს გამოვყოფთ წამლების ხარჯებისთვის, რაც ძალიან სერიოზული დახმარება იქნება მოსახლეობისთვის. მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებას შეეხება. ვსარგებლობ სიტუაციით და მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის. ამასვე გრძნობს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობაც, რომელიც ძალიან კარგად არის განწყობილი ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და მისი სტრუქტურების მიმართ.

 

ირაკლი თორია
 „
აფხაზიანიუსი"

2014-06-09
რა შედეგს მოიტანს ჟენევის მოლაპარაკებები

ცოტა ხნის წინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების თაობაზე გაერომ რეზოლუცია მიიღო. რა მნიშვნელობა ენიჭება ამ დოკუმენტს არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ამის თაობაზე გვესაუბრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

-ბატონო ვახტანგ, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გაერომ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების თაობაზე. რა მნიშვნელობა აქვს ამ რეზოლუციას იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნა რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში?

-გაეროს რეზოლუციას თავისთავად დიდი ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მსოფლიო საზოგადოებისთვის იმ ფონზე, რომელიც არის შექმნილი დღეს. ამ რეზოლუციას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ჰყავდა შარშან, შარშანწინ და იმის წინა წლებში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად სიტუაციის მოუგვარებლობისა, პრობლემა რჩება, პრობლემას ყურადღებას აქცევს და ამ პრობლემის გადაწყვეტაზე აქცენტს მსოფლიო საზოგადოებრიობა უფრო მეტად აკეთებს. ამიტომ რეზოლუციის მნიშვნელობა მხარდაჭერის თვალსაზრისით ისევე სერიოზულია, როგორც აქამდე იყო.

-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების თაობაზე გაეროს მიერ რეზოლუციის მიღება რუსეთს არ მოეწონა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს გავლენას მოახდენს ჟენევის მოლაპარაკებებზე. თქვენ აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობთ. როგორ ფიქრობთ, რა გამოძახილი შეიძლება ჰპოვოს ამ ფაქტმა? მოლაპარაკებები ხომ არ ჩაიშლება?

-არა. არა მგონია, ჟენევის მოლაპარაკება ჩაიშალოს. თუ ჩაიშალა, ეს სხვა რაღაც იქნება. რუსული მხარე დიდი ხანია სვამს საკითხს, რომ გაეროს რეზოლუციები ხელს უშლის ჟენევის ფორმატში დევნილების საკითხის განხილვას. არადა, ჩვენი კომისია ჟენევის შეხვედრებზე საკითხს სვამს, მათ შორის დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყებათან დაკავშირებით. გვეუბნებიან, თქვენ ამ საკითხს გაეროში განიხილავთ, სადაც აფხაზებისა და ოსების მხარეს მონაწილეობის უფლება არ გვაქვს, იქ ჩვენ ჩვენს ხმას ვერ ვაწვდენთ, ამიტომ იქ მიღებული რეზოლუცია ჩვენთვის არალეგიტიმურიაო. აქამდე ამ მიზეზით ბლოკავენ ჟენევის ფორმატში დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვას, თორემ ჩვენ არაერთხელ გვქონდა ამის მცდელობა. რა თქმა უნდა, რუსეთს საბაბი არ გამოელევა. თუმცა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის და კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული. ჟენევაში ბოლო შეხვედრაზე ჩვენ ვუთხარით, თუ თქვენ ხართ თანახმა და შესაძლებელია, ჩვენ ამაზე მოვილაპარაკოთ, განვიხილოთ ეს საკითხი, გავხადოთ მსჯელობის საგანი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების რეალური პროცესი დაიწყოს, ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა ვიმსჯელოთ დევნილების დაბრუნების პროცესზე.

-თუკი ჟენევის ფორმატში მოხერხდება დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვა, მაშინ, ალბათ, აღარ გახდებბა საჭირო გაეროს რეზოლუციები. ალბათ, ამას თქვენ რუსებს ეუბნებით.

-გააჩნია, რა ფორმატში და რა მოცულობით დაიწყება ამაზე მსჯელობა. ჩვენ აქ დავიწყოთ მოლაპარაკებები და უარი ვთქვათ გაეროს რეზოლუციებზე, სწორი არ იქნება. მყარი გარანტიები უნდა გვქონდეს, რომ ჟენევის ფორმატში დაწყებულ საუბარს რეალური შედეგები მოჰყვება.

-მე არ ვამბობ, რომ ჟენევის ფორმატში რომ დავიწყებთ მოლაპარაკებებს, გაეროში მუშაობა არ უნდა გაგრძელდეს, მით უმეტეს, თუ უშედეგო იქნება ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები, პარალელურად გაეროში უნდა მუშაობა, რომ მსჯელობა გაიმართოს და რეზოლუცია იქნეს მიღებული.

-რა თქმა უნდა, ეს რთული პროცესია. ჩვენ ერთმანეთს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ რუსებს არ სურთ დევნილების დაბრუნების პროცესის გააქტიურება. ეს არის ძალიან ფაქიზი და საფრთხილო თემა. მე იმასაც ვშიშობ, ამ ჩემი ინტერვიუთი ხომ არ ვაღიზიანებ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს.

-ყოველ შემთხვევაში, არაფერი გითქვამთ ისეთი, რაც შეიძლება გასაღიზიანებელი იყოს.

-თვითონ თემის წამოწევასაც ძალიან უარყოფითად უყურებენ. თუმცა, ჟენევის ფორმატში მომუშავე ერთ-ერთი კომისიის სახელწოდება ჰუმანიტარულ პრობლემებს მოიცავს. ჰუმანიტარულ პრობლემებს შორის კი მთავარია დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში.

-ჟენევის ფორმატში რამდენი კომისია მუშაობს?

-ჟენევის ფორმატში ორი კომისია მუშაობს, ერთი - პოლიტიკურ საკითხეხზე, ხოლო მეორე - ჰუმანიტარულ საკითხებზე.

-მაინტერესებს კულუარული საუბრები, როდესაც ჟენევის ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს თუნდაც ხსენებულ კომისიებში ან კომისიების გარეთ, აფხაზებთან ან ოსებთან თუ საუბრობთ. უშუალო საუბრებში რას გეუბნებიან, მიზეზი რა არის, რატომ ეწინააღმდეგებიან ქართველების  დაბრუნებას? ხომ არ გაგვიმჟღავნებთ?

-რა თქმა უნდა, კულუარულ საუბრებს გულისხმობს კიდეც ჟენევის ფორმატი. კომისიებში მუშაობა საკუთარ თავში ჩაკეტვას ხომ არ გულისხმობს, გადიხარ, ესაუბრები სხვადასხვა თემაზე. ეს თემები, კულუარებში იქნება თუ ოფიციალური შეხვედრის მაგიდასთან, ყოველთვის საინტერესოა, თემების სხვადასხვა კომპლექსია. თემა შეიძლება იყოს დემოგრაფიული სიტუაცია, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავდეს, შეიძლება იყოს ძველის გახსენება და ა. შ. შეიძლება გითხრან, მაგრამ შეიძლება არ გითხრან, მაგრამ საუბრებში მიხვდე, რატომ არ უნდათ, დევნილების დაბრუნება აფხაზეთში. მათ შორის, მიზეზად ბრძოლაც მოჰყავთ - თქვენ ომობდით და რატომ აიღეთ ჩვენ წინააღმდეგ იარაღი, რატომ არ გადაუდექით გალშიო.

-თვითონაც ხომ აიღეს იარაღი ხელში და გვებრძოდნენ.

-ისინი გვეუბნებიან, ჩვენი მიწა-წყალი იყო, თქვენიც იყო და თქვენ რატომ არ დაგვიდექით მხარში, როცა ხუნტამ ჯარი შემოიყვანაო.

-ეს არგუმენტი არ გამოგადგებათ, რადგან ყველამ იცის, რომ მაშინ არძინბა მოელაპარაკა შევარდნაძეს. ამ შემთხვევაში არძინბა კავშირში იყო შევარდნაძესთან.

-მე არძინბას და შევარდნაძეს შორის მოლაპარაკების პროცესს არ ვესწრებოდი, მაგრამ ვესწრებოდი სხდომას, როცა არძინბამ თქვა, ჩვენ მოველაპარაკეთ და თბილისი აქ წესრიგის დასამყარებლად გამოაგზავნის გარკვეულ ძალოვანთა ჯგუფს. ჩვენ თბილისს მოველაპარაკეთ, რა მასშტაბის იქნებაო. ამას ამბობდა არძინბა და არც დაუმალავს.

-ე. ი. აფხაზები ჟენევის შეხვედრების დროს დევნილებს დაბრუნების საწინააღმდეგოდ დემოგრაფიულ ვითარებას ასახელებენ.

-სხვადასხვა საკითხია. თვითონ რომ არ წყვეტენ ამ საკითხს, სამწუხაროდ, ცხადია. მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობს მესამე მხარე, რომლის გარეშე გადაწყვეტილების მიღება, დღეს, სამწუხაროდ, ვერ ხდება. მეშინია, ეს დამოკიდებულება მომავალში უფრო მკაცრი არ გახდეს.

-აფხაზების მხრიდან თქვენ მიმართ, ქართველების მიმართ დამოკიდებულება აგრესიულია თუ მათი მხრიდან აგრესია ჩაცხრა?

-მათ ჩვენდამი დამოკიდებულებას აგრესიულს ვერ დავარქმევ, კონფლიქტში მყოფი მხარეების ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა, როცა ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ოპონირება გვაქვს. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ჟენევის ფორმატში ძალიან მშვიდობიანი, ნორმალური პოზიცია უკავია ორივე მხარეს. მხედველობაში მაქვს პრინციპული მიდგომა და არა - ისტერიკული, როცა ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა. ისინი აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, როგორც მათ  მიაჩნიათ და ვმსჯელობთ. ზოგიერთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ მთავარ საკითხზე, ვთქვათ, დევნილობაზე ჩვენს დასაბუთებას ოსური და აფხაზური მხარეები არ ეთანხმებიან და არის მსჯელობა საკითხებზე. ზოგიერთ საკითხზე ვთანხმდებით. იმავე, ვთქვათ, გალის რაიონიდან ბავშვების ზუგდიდის რაიონში სასწავლებლად გადმოსვლასთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდხანს იყო მოუგვარებელი საკითხები. ახლა ეს საკითხი თანდათანობით გვარდება.

-როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს სოხუმში განვითარებული მოვლენების ფონზე ჟენევის ფორმატში ურთიერთობა ჩვეულებრივად გაგრძელდება თუ ცვლილებები იქნება?

-წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, რა განწყობით მოვლენ მოლაპარაკებებზე.

-რაიმე წინასწარ მომზადებული საკითხები გაქვთ?

-რა თქმა უნდა. გვაქვს წინასწარ მომზადებული საკითხები, რომლებზეც ჩვენ აქ ვმსჯელობთ კომისიის ფარგლებში და, როგორც ყოველთვის, მომზადებული მივდივართ.

-შეგიძლიათ გვითხრათ რა საკითხები გაქვთ სამსჯელო?

-არის, მაგალითად, ერთი საკითხი, რომელიც შეეხება გალში არსებულ დაძაბულ კრიმინოგენულ სიტუაციას. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მოხდა ადამიანის გატაცების 12 ფაქტი. გატაცება ხდება ერთი - ფულის გამოძალვის მიზნით. ამის გამო თვითონ აფხაზური მხარეც არის შეწუხეებული. ქართველებიც შეწუხებული ვართ.  საერთოდ, მოსახლეობა შეწუხებულია. ამ პრობლემას ბოლო უნდა მოეღოს. ამ საკითხზე მუშაობდა პრევენციის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელის მიმართ აფხაზურმა მხარემ უნდობლობა გამოხატა და ის პიროვნება სხვა პიროვნებით შეიცვლება, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა ფერხდება. რა არის ამის მიზეზი, ალბათ, ამაზე ვისაუბრებთ.

-სოხუმის ბოლოდროინდელი არეულობის პერიოდში ერთ-ერთმა ქალბატონმა ინტერვიუში გამოთქვა პრეტენზია იქაური ქართველების მიმართ - თბილისსა და ევროპაში მიდიან სასწავლებლადო. როგორც ვიცი, თბილისში აფხაზეთის უნივერსიტეტში აფხაზური ენის კათედრაც კი არის. უშუალოდ აფხაზებს არ იწვევთ თბილისში სასწავლებლად?

-როგორ არ ვთავაზობთ. აფხაზებიც სწავლობენ, მაგრამ მასობრივი ხასიათი არ აქვს. ამაზე ჩვენც რომ არ ვილაპარაკოთ, არიან აფხაზური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამაზე სერიოზულად მსჯელობენ.

-ჟენევის ფორმატში თუ დადგება საკითხი ხაჯიმბას ჯგუფის მიერ გახმოვანებული გალის ქართველების საწინააღმდეგო დამოკიდებულების თაობაზე იმავე პასპორტებთან დაკავშირებით?

-ეს თემა ახალი არ არის. ამაზე ყველა შეხვედრის დროს ვსაუბრობთ, მაგრამ პრობლემა რჩება. როგორ და რანაირად ხედავენ ისინი პრობლემის დარეგულირებას, ამაზე ჩვენს შეხედულებებს მომავალ შეხვედრაზე გაგიზიარებთ. სოხუმში სიტუაცია მეტ-ნაკლებად რომ დარეგულირდა სისხლის ღვრის გარეშე, ეს აფხაზი საზოგადოების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. იმედი მაქვს, დევნილებთან დაკავშირებით კონფლიქტის დარეგულირების საკითხში იქნება ნათლად ჩამოყალიბებული და ისეთივე ბრძნული, როგორც ახლანდელი კონფლიქტის დარეგულირება მოხდა.

გულიკო ბალაძე
„ახალი თაობა"
09.06.2014 წ.

2014-06-03
ვახტანგ ყოლბაია: "აფხაზეთში მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება აფხაზ საზოგადოებაზე, თუ ვის აირჩევენ ისინი ლიდერად"

 

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე, პროცესების განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმებსა და დევნილების როლზე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ,,ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა.

 

_ ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას და როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება უახლოეს პერიოდში?

 

_ კრიზისი, რომელიც აფხაზეთში შეიქმნა, არ არის დღევანდელი და გუშინდელი პროცესი, მას საკმაოდ სერიოზული ფესვები აქვს. თუმცა ანქვაბისა და ლაკერბაიას გადადგომა არის პირველი ეტაპი აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან გამოსაყვანად. თუმცა, პროცესები დასრულებული არ არის, რადგან წინ არის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგ უკვე არჩევნებით მოსული ლიდერები რა გზას დაადგებიან იგივე აფხაზეთის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსაყვანად, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ა.შ. გამიხარდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიზისი სისხლის ღვრის გარეშე დასრულდა. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, რომ აფხაზეთის საზოგადოებამ ვერ შეძლო დეკლარირებული კონსტიტუციური წესრიგის ბოლომდე პატივისცემა. მთავარია, ვითარება მშვიდობიანად დამთავრდა. ამ ყველაფერს, პირველ რიგში, მივაწერდი არა ე.წ.ოპოზიციას, არამედ ე.წ. ხელისუფლებას, რომელმაც ნახა საუკეთესო გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გადადგომით. რაც შეეხება იმას თუ როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში დამოკიდებული იქნება აფხაზ საზოგადოებაზე, თუ ვის აირჩევენ ისინი ლიდერად.

 

_ რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტს, რა არის ის და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულები?

 

_ დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენი პრიორიტეტია ის რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობით წარიმართოს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი.Aაქტიურად ვმუშაობთ, რომ გამოვნახოთ სამუშაო ადგილები დევნილებისთვის და ამ საკითხში ხელს გვიწყობს ხელისუფლებაც სხვადასხვა პროექტებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში გამოგვეყო, დაახლოებით, 400 ჰექტარი მიწა, სადაც დასაქმებულია 20 ოჯახი, დავთესეთ სიმინდი, რომელსაც შემდეგ გადავუნაწილებთ. ასევე კარგი წამოწყება გვაქვს ამერიკელ ქველმოქმედებთან, აქტიური მიმოწერა გვაქვს და ველოდებით მათ საქართველოში ჩამოსვლას.

 

_ რეგიონებში დევნილი საუბრობენ, რომ მათი მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ძალიან უჭირთ. რა კეთდება სიტუაციის შესაცვლელად?

 

_ რა თქმა უნდა დევნილებს უჭირთ, მაგრამ არის პროექტები რომელსაც ახორცილებს მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგში, იგივე ჯანდაცვის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა. Aასევე შესაბამის უწყებებთან ერთად ვცდილობთ რაც შეიძლება დროულად გადავწყვიტოთ დევნილებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი. ,,ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში აღნიშნული პოლიტიკა შერჩევითი იყო, ვინც მათი მომხრე იყო ფართებს უკანონებდნენ, ვინც მოწინააღმდეგე - არა.

 

_ რაც შეეხება დევნილთა მონაწილეობას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში რა კეთდება ამ კუთხით?

 

_ პრაქტიკულად, კონფლიქტის დარეგულირების საკითხში არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც რთულია დევნილების აქტიურად ჩართვა და მეორე ეს არის არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულებით.

 

_ თქვენ, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რა ინფორმაცია გაქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გალის რაიონში?

 

_ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კონფლიქტის ზონაში ყოველთვის ფაქიზი თემაა და ვერ ვიტყვით რომ სრულყოფილია. ერთი კვირის განმავლობაში გალის რაიონში ადამიანის გატაცების 12 შემთხვევა იყო, მთავარი მოთხოვნით ფულის გამოძალვის მიზნით. სამწუხაროდ, ადგილობრივი ძალოვანი უწყებები ვერ უმკლავდებიან კრიმინოგენულ ვითარებას, უფრო მეტიც არსებობს სერიოზული ეჭვი რომ ბევრი მათგანი ჩართულია კორუფციულ გარიგებაში.

 

ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი
,,ჯი-ეიჩ-ენი"

 

2014-05-30
ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზები არ არიან ყურმოჭრილი მონები, ისინი თითის ერთ დაქნევაზე არავის მიჰყვებიან“

29 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" თოქ-შოუში „არგუმენტების დრო". გადაცემის თემა იყო აფხაზეთში განვითარებული მოვლენები.

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, სხვა გზა რუსეთთან გამკლავებისთვის არა გვაქვს. რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ისე, რომ მან უკრაინის მსგავსი ნაბიჯები არ გადადგას საქართველოს მიმართ";

„მნიშვნელოვანია კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობა აფხაზეთთან, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რადგან ამის გარეშე სერიოზული წინსვლაზე ფიქრი რთულია და წარმუდგენელიც. საქართველოს ხელისუფლებას აქვს რამდენიმე საშუალება, რომლებიც საქართველოს შეუძლია კონფლიქტის მოგვარებაში გამოიყენოს";

„აფხაზი ხალხის უმრავლესობას სურს, რომ აფხაზეთს მართავდეს მკაცრი, მძიმე ხელი. მაგრამ აფხაზეთში ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სიტყვის თავისუფლება. ამის მაგალითად უხუცესთა საბჭოც გამოდგება, რომელიც ცდილობდა თავისი აზრის გამოხატვასა და მის საქმედ ქცევას";

„აფხაზები არ არიან ყურმოჭრილი მონები, ისინი თითის ერთ დაქნევაზე არავისთან მიდიან, როგორც ფარა მიყვება ერთ ყოჩს. სწორედ ამიტომაც, აფხაზეთში არ არის ყველაფერი ისე, როგორც რუსეთს სურს";

„არც არძინბას და არც ბაგაფშს არ გაუტარებია ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთისთვის ბოლომდე მისაღები იყო. რუსეთს სურს, რომ მას უყოყმანოდ დაეთანხმონ, მაგრამ ასეთ კაცის გამონახვა აფხაზეთში ძალიან რთულია";

„გალის მოსახლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მინდა მივმართო მათ, რომ არ წამოეგონ პროვოკაციას, პანიკას, შიშს თავი არ დაუხარონ. სიტუაცია რა თქმა უნდა მძიმეა, მაგრამ არა ისეთი, რომ პანიკას მივეცეთ. გალელები მშვიდი და ბრძენი ხალხია. ისინი იღებდენენ და ახლაც მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოებრიობას უწყობს ხელს და, ამავე დროს, არ გაამწვავებს ურთიერთობას აფხაზებთან";

„შეუძლებელია გალის მოსახლეობის ჩაკეტვა. ისე როგორც წყალს ვერ გააჩერებთ საცერში, ასე ვერ გააჩერებენ გალელების მოძრაობას. იქ მილიონი საშუალებაა იმისათვის, რომ ხალხი ერთმანეთთან მივიდეს, აფხაზი მივიდეს ქართველთან და პირიქით. 21 წელია მათ ჩაკეტვას ცდილობენ, მაგრამ დღემდე არაფერი გამოუვიდათ.";

„მართალია ერთმანეთთან დაახლოების პროცესი ადგილიდან არ დაძრულა, მაგრამ მაინც არსებობს დიალოგი, ცუდი ხარისხის, მაგრამ მაინც არსებობს. დღეს თუ რუსეთმა გადაწყვიტა ხიდის ჩაკეტვა და თავისთვის წამგებიანი ნაბიჯი გადადგა, მერწმუნეთ, ადამიანიების მოძრაობის პროცესს მაინც ვერ გააჩერებს";

„მინდა გალელებს ვუთხრა, რომ ისინი ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ ის განწყობა, რითაც ფონს მუდამ გადიოდნენ, ვფიქრობ, ახლაც იგივე გამეორდება";

„აფხაზები ჩვენთან დიალოგზე მოდიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთში, ისიც ამას შეეცდება, მაგრამ არავინ დაძაბავს სიტუაციას იქ, სადაც დასაძაბი არ არის";

„ის უძრაობა, რაც გვქონდა 2 წლის წინ რუსეთთან ურთიერთობაში 9 წლის მანძილზე დასრულდა. დღევანდელი ურთიერთობები უფრო მომგებიანი და შედეგიანიცაა. ცხრა წლის მანძილზე ერთი ადგილის ტკეპნას ის მოჰყვა, რომ აფხაზეთის საკითხების მოწესრიგებისთვის არც ერთი პრაგმატული ნაბიჯი არ გადადგმულა"; -  განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ „მეორე არხის" პირდაპირ ეთერში.

გადაცემა სრულად:

2014-05-18
ვახტანგ ყოლბაია: „ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენი დაღუპული ბიჭები მშობლიურ მიწას მივაბაროთ“

 

ბაბუშერის აეროპორტთან თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 21 წელი გავიდა. ინციდენტს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოცამდე კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

 

 

 

მას განწირულ რეისსაც უწოდებენ, რადგან ამ დროს სოხუმის აეროპორტი თბილისიდან საჰაერო ტრანსპორტს არ იღებდა.

 

 

 

ტრაგედიის დროს დაღუპულ ადამიანთა ცხედრების თბილისში გადმოსვენება აფხაზებთან მოლაპარაკებების შედეგად ეტაპობრივად ხდება. თუმცა, 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი გაყინული იყო. რამდენიმე დღის წინ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, თბილისში ჩამოასვენეს ჩამოგდებული თვითმფრინავის კიდევ 13 მგზავრის ნეშტი.

 

 

 

ტრაგედიის დეტალებსა და ზოგადად, ცხედართა გადმოსვენების პროცესზე ვესაუბრეთ ადამიანს, რომელიც ამ საშინელი ფაქტის მომსწრე გახდა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას.

 

 

 

„როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი აფხაზეთის ომში ჩვენი დაღუპული გმირების სამარხების მოძიება და მათი გადმოსვენების პროცესი გახლავთ, ეს საქართველოს ღირსების საქმეა, ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა";

 

 

 

„ვფიქრობ, გავმიჯნოთ პოლიტიკა და ადამიანური მოვალეობა ერთმანეთისაგან. დარწმუნებული ვარ დადგეება დრო, და კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე - ქართველები და აფხაზები ერთად მიაგებენ პატივს საერთო ომში სამშობლოსთვის სხვადასხვა მხარეს მდგომ თავდადებულ გმირებს";

 

 

 

 

- ბატონო ვახტანგ, ორი დღის წინ, აფხაზეთიდან, ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრი 13 გმირი მეომრის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს. როგორც ვიცი, თქვენ უშუალოდ იყავით ამ მოვლენის მომსწრე. ვიცი, ძნელია, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ ეს ავბედითი დღე...

 

- თუ არ ვცდები, 23-24 სექტემბერი იყო, როცა ბაბუშერის თავზე გამოჩნდა თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან მოფრინავდა და ასაფრენ ბილიკზე დაეშვა. თვითმფრინავში ასზე მეტი მგზავრი იყო, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი. როდესაც თვითმფრინავი დაეცა, თუ არ ჩავთვლით ეკიპაჟის რამდენიმე წევრს, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩნენ, დანარჩენი დაახლოებით ასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგი ჟურნალისტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები. ყველანი ბაბუშერის სასაფლაოზე დაასაფლავეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ნაულ ჯიქიასა და ანზორ ლაცუზბაიას ღვაწლი. ანზორი მაშინ აფხაზეთის პროკურორი იყო, ნაულ ჯიქია კი საქართველოს პროკურატურიდან იყო მოვლინებული ჩვენთან, აფხაზეთში. ამ ორმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ბიჭები გაეპატიოსნებინათ. მახსოვს ისიც, რომ ნაული მწვანე ტოტებს ტეხდა და ამ ბიჭების ცხედრებს უფენდა, რათა ისინი პირდაპირ მიწისთვის არ მიებარებინათ. ანზორ ლაცუზბაია იდენტიფიცირებას აწარმოებდა და მთლიანად იყო ჩართული ამ პროცესში. ჩვენ მაშინ ექსკავატორით გულრიფშის გამგებელი დავით გვაძაბია დაგვეხმარა, თვითმფრინავის ნარჩენებისგან გათავისუფლებაში კი გვეხმარებოდნენ აეროპორტში მყოფი მსურველი ახალგაზრდები, სტუდენტები. ზუსტად იმ დროს, როცა ეს სამუშაოები მიმდინარეობდა, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ლევან თედიაშვილის ბიჭი - ახალგაზრდა კაცი ვახტანგ თედიაშვილი დაიღუპა და ეს ყოველივე ჩვენ თვალწინ მოხდა. მას მერე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ბიჭების ცხედრები ნაწილ-ნაწილ გადმოესვენებინათ აქეთ. თავის დროზე, ამ პროცესში ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო იგივე ბატონმა ზურაბ ერქვანიამ, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, ასევე ავთანდილ იოსელიანმა. ის ადამიანები, რომლებიც გადმოსვენების კომისიას ხელმძღვანელოვბდნენ, მათ შორის ვლადიმერ დობორჯგინიძე და ქალბატონები, რომლებიც მის გვერდით იყვნენ და დღესაც არიან, ხელმძღვანელობენ მუზეუმს, რომელიც ძმათა სასაფლაოზეა შექმნილი; ერთი სიტყვით, მათ გადმოსვენებაში უმარავ ხალხს მიუძღვის წვლილი. თითოეული მათგანის ამაგი და წვლილი პატივისცემისა და დაფასების ღირსია. არის ასეთი პიროვნება ვინმე ჩადუნელი, რომელიც აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და სამწუხაროდ, მისი სახელი პრაქტიკულად უცნობი რჩება. მან, ისევე როგორც ვლადიმერ დობორჯგინიძემ, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ყველას უღრმესი მადლობა, რომ ამ ბიჭების ნეშტები მშობლიურ მიწას მიაბარეს თბილისში.

 

- როგორ შეაფასებდით ცხედრების გადმოსვენების პროცესის განახლებას? აფხაზების მხრიდან ეს დადებით სიგნალად უნდა აღვიქვათ?

 

- დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს პროცესი რთულია, აფხაზებს საკმაოდ ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი ჰყავთ. მათთვის ძალიან მნიშნელოვანია სამარხების პოვნა. სხვათა შორის, ჩვენმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უცნობი სამარხებისთვის მიეკვლიათ და ამ ადგილების შესახებ აფხაზური მხარისთვის ეცნობებინა. მე როგორც ვიცი, რამდენიმე ასეთი სამარხის ადგილსამყოფელი დადგინდა. ამ დღეებში მე მომიყვნენ იმ სამარხების შესახებ, რომლებიც სოხუმში აღმოაჩინეს. იქ არის ერთი ქალბატონი, რომლის სახელსა და გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ, იგი შვილდაღუპული დედების კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია აფხაზეთში. მასაც შვილი ჰყავდა დაკარგული და მხოლოდ ახლა, ამ ბოლო დროს ჩატარებული გათხრებისას მოხდა მისი შვილის ნეშტის იდენტიფიცირება. მეუბნებოდნენ, იმ ოჯახში კი არ გლოვობდნენ, არამედ საოცარი ზეიმი იყო იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდა კაცის გვამის პოვნა მოხერხდა. ასე ვთქვათ, ამაზე მეტი ბედნიერება რაა დედისთვის, როცა მას საშუალება ეძლევა მსგავსი უბედურების დროს საბოლოოდ მოეფეროს შვილის გვამს და მიუჩინოს სამუდამო ადგილსამყოფელი. ეს დედისთვის შვილის სიცოცხლის ტოლფასია, ვინაიდან საფლავის გაპატიოსნების, შვილის ნეშტის დედის ხელით მოვლა დედისთვის ნუგეში თუ არა, ერთგავრი შვებაა. მე მინდა სამძიმარი ვუთხრა ყველას, ვინც ამ ომში დაკარგა შვილი, ძმა, მეუღლე და კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმისთვის, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, კიდევ ძალიან ბევრი დაღუპულია დარჩენილი, რომლის ადგილსამყოფელიც არც აფხაზებმა იციან და არც ჩვენ. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ბევრი რამის დადგენა. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთიდან პირადად მეც მომმართეს დახმარებისთვის და სხვადასხვა გზებით, შეიძლება ითქვას, ყველა საშუალებით, ვცდილობ მოვიძიო რაიმე ინფორმაცია დაღუპულთა (აფხაზების) სამარხების შესახებ. ყველა ვხედავთ, რომ დღეს რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პროცესი დაჩქარდეს და ყველა ოჯახს დაუბრუნდეს ყველა დაღუპული თუნდაც ამ სახით; ეს არის ის, რისი გაკეთებაც რეალურად შეუძლია ხელისუფლებას.

 

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ წარიმართება ეს პროცესი? რას უნდა ველოდოთ ახალს ამ მხრივ? კიდევ თუ მოხდება უახლოეს მომავალში დაღუპულთა გადმოსვენება?

 

- სამწუხაროდ, ამ საკითხში მე ჩართული არ ვარ, ჩვენი ბიჭების გადმოსვენება დავით დარახველიძის უშუალო მეთვალყურეობით მოხდა, რომელიც ამავე დროს ერთობლივი კომისიის წევრი გახლავთ. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ ჩვენი დაღუპული ბიჭები მშობლიურ მიწას მივაბაროთ, თბილისში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა აფხაზურ მხარესთან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ დაღუპულთა მოძიების მხრივ, არის სხვა მიმართულებითაც. არ შეიძლება მივაჩუმათოთ არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურება და წვლილი ამ საკითხებში. როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი აფხაზეთის ომში ჩვენი დაღუპული გმირების სამარხების მოძიება და მათი გადმოსვენების პროცესი გახლავთ, ეს საქართველოს ღირსების საქმეა, ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა. ვფიქრობ, გავმიჯნოთ პოლიტიკა და ადამიანური მოვალეობა ერთმანეთისაგან. დარწმუნებული ვარ დადგეება დრო, და კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე - ქართველები და აფხაზები ერთად მიაგებენ პატივს საერთო ომში სამშობლოსთვის სხვადასხვა მხარეს მდგომ თავდადებულ გმირებს.

 

 

 

 

ირაკლი თორია
„აფხაზიანიუსი"