აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშრებით იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას და ამისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.
„2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს. პროგრამული ნაწილის ხარჯები 39%-მდე გაიზარდა. ეს არის უპრეცედენტო ნიშნული, რომელიც ითვალისწინებს მეტ მხარდამჭერ ღონისძიებებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაორმაგდა ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის, ონკოლოგიური პაციენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების მხარდაჭერა.
დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი გამოვყავით, ხოლო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები თითქმის გაორმაგდა.
ეს ცვლილებები ჩვენი პასუხისმგებლობისა და ხალხზე ზრუნვის კონკრეტული გამოხატულებაა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება ორიენტირებულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, დევნილთა ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე.
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ქუთაისმა მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოეწყო აფხაზეთთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ამავე სივრცეში, ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციის ფორმატში, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის წიგნის „უვიწყარას“ პრეზენტაცია გაიმართა.
დღის ბოლოს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრში, მაყურებელმა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ იხილა.
რეჟისორ ბექა ქავთარაძის სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ ტენესი უილიამსის პიესის „ტრამვაი სახელად სურვილის“ ადაპტაციას წარმოადგენს.
ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ.
მუსიკალური საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკის ნაწარმოებები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართეს, რომელთაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე და აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეს ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და არის ჩვენი იდენტობის ზეიმი, ჩვენი ენის, ტრადიციებისა და იმ სულიერი ერთობის განმტკიცება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ აფხაზეთი ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და, რაც მთავარია, ის ჩვენი გარდაუვალი მომავალია.
ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს. ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების გენიალური ნაწარმოებები, რომლებსაც დღეს მოვისმენთ, არის ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელსაც ენგურის გაღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვუგზავნით“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
„აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისს დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დევნილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მუდმივი ყურადღება და მხარდაჭერა, რასაც აჭარის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო გეგმები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ ბევრ ერთობლივ, პროექტს განვახორციელებთ, რომელიც ჩვენი დევნილი საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ჰოლოზეუმში, მედიაპროექტ „მიამბე აფხაზეთზე“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი ვიდეომასალის სპეციალური ვიდეოინსტალაცია, რომელმაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ერთ სივრცეში ეხილათ სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანების მოგონებები აფხაზეთის შესახებ და ამასთან ვირტუალურად ემოგზაურათ აფხაზეთში.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
პროექტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი აერთიანებს საზოგადო მოღვაწეების პირად ნარატივებს, ემოციებსა და მოგონებებს აფხაზეთის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან მედიარქივად ჩამოყალიბდა. „მიამბე აფხაზეთზე“ სხვადასხვა ადამიანების ისტორიების საშუალებით ინახავს საერთო მეხსიერებას აფხაზეთის ქალაქებზე, ადამიანებზე, ბავშვობაზე, თანაცხოვრებასა და დაკარგულ ყოველდღიურობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის (2 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირი) იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.
იდენტიფიცირებულ პირებს, ოჯახების გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.