აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე წინანდალში გამართულ „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს“ დაესწრო.
ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და მის მთავარ მიზანს საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.
28 მაისს, 17 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ჩაატარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის დასკვნით საღამო - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“.
საღამოში „აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის - ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებთან ერთად ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წეროვანის, საგურამოს, სამაჩაბლოს, ზემო აფხაზეთის საჯარო სკოლების მოზარდები მონაწილეობდნენ.
დარბაზში გამოფენილი იყო: ახალგაზრდების ნამუშევრები (ნახატები, ნაქარგები); ამასთანავე გამოვლინდა სასწავლო-შემოქმედებით კონკურსში „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ გამარჯვებული თემები. მათი ავტორები კი სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა და სხვ. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სამსახურის სპეციალისტი ნონა ბერაია.
მეორე დღეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ მონაწილეებისთვის ექსკურსია მოეწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის სკოლების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მომავლის გეგმებზე; შეეხნენ იმ პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც წარმატებით ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგების საკეთილდღეოდ; ხაზგასმით ითქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზრისით, შექმნილი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მნიშვნელობაზე.
დაზუსტდა ინფორმაცია ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ განყოფილებებზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა თაობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.
2019 წლის 25 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ქალაქ ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90 წლის იუბილე გადაუხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმარლესი საბჭოს 1991 წლის მოწვევის ღვაწლმოსილ დეპუტატ შოთა ხეცურიანს.
პოლიტიკოსსა და გამორჩეულ მეცნიერ-პედაგოგს ეს დღე მთელმა აფხაზეთის ინტელიგენციამ - კოლეგა დეპუტატებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა შემადგენლობამ, იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ -ის მთავრობის წარმომადგენლობამ, დევნილმა მოსახლეობამ, საკუთარმა ოჯახმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცა.
შოთა ხეცურიანი საქართველოს უმძიმესი დროების ყველა კრიტიკული და უმწვავესი მოვლენების ჰუმანისტი მონაწილეა. პოლიტიკურ სარბიელზე დაწინაურებული, მუდმივად კაცთმოყვარეობის პრინციპებით იბრძვის ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგებისა და დამოყვრებიუსათვის: „ჩვენ შევრიგდებით, აფხაზებს სხვა გზა არა აქვთ, რამეთუ მსოფლიოში სხვა უფრო, ჩვენზე ახლობელი ერი მათ არ ჰყავთ, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, არ დაუკარგოს მათ ენა, კულტურა, ტრადიციები...“ ასეთია ჩვენი უხუცესი მამულიშვილის აზრი.
შოთა ხეცურიანი რჩეული პიროვნებაა აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში, იგი უყვარს ხალხს და მას ენდობიან, უსმენენ, არასოდეს საყვედურობენ. გარდა ამისა, მან წლები შეალია ახალგაზრდა თაობების აღზრდას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახლმწიფო უნივერსიტეტში, წლები შეალია აგრარული და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების მიმართულებებს, მისი მეცნიერული შრომებით დღესაც ხელმძღვანელობენ ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შოთა ხეცურიანი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მეომარ - ვეტრანთა წრეში. თავის მშობლიურ ცაგერაში იგი, როგორც მხედარმთავარი, ისე ტრიალებდა. სოფლის თავკაცი საგუშაგოებზე მებრძოლებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციაც, უდანაკარგოდ, მისი მონაწილეობით განხორციელდა. 1994 წელს, ქ. ბათუმში, შოთა ხეცურიანმა ხელი შეუწყო აფხაზეთის მეომართა კავშირის დაფუძნებას, იგი დღეს ამ კავშირის საპატიო წევრია.
დიდი ოჯახური ტრაგედიებით დაღდასმული, არასოდეს მისცემია სასოწარკვეთას, შეუდარებელია მისი სიმტკიცე და ქვეყნისათვის თავდადება, ბატონ შოთას ვაჟებიდან- რევაზი ომამდე, სოსო - ომში, ხოლო, ომის ვეტერანი ვალერი დევნილობაში დაეღუპა. დევნილობაში დაკარგა, ასევე, არაჩვეულებრვი მეუღლე ალექსანდრა (შურა) მახარობლიძე, იგივე თანამებრძოლი ოჯახსა და საზოგადოებაში...
კიდევ ერთხელ ვულოცავთ შოთა ხეცურიანს დიდ იუბილეს, დე, იგი მოსწრებოდეს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მოსწრებოდეს თავისი შვილების საფლავების ნახვას, მუდმივად განეცადოს თავისი შესანიშნავი ოჯახის, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ბედნიერება და დღეგრძელობა.
ბატონო შოთა თქვენთან არიან თქვენი აფხაზეთელები, თქვენთან არის ბრძოლის ველზე დაბადებული ჩვენი საქართველო, კიდევ დიდხანს იცოცხლეთ !!!
საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მოგესალმებით, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე!
მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო!
მოგესალმებით, ჩემო, აქ და საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეაზრებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე; ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა!
გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.
დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს კი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას.
მისი განმტკიცებისთვის, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება.
ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია.
დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ!
საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევების მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების - საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი.
ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია.
ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით. სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი მერჩულე ყველასთვის ცნობილ სიტყვებში: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.
აუცილებელია, რომ ქართული ენა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე - საბავშვო ბაღებში. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ!
სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თითოეულ მოქალაქეს თავისი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.
საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას.
მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩემი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას.
დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა.
დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე.
დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით!
ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან. საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანას ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე; აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს.
საქართველოს ასეთი შეფასება საზღვარგარეთ ყველგან მხვდება და მეამაყება. დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა ჩვენი საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს
ამიტომ მე არ ჩავრეულვარ და არ ჩავერევი უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დავიცავ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და წინ გადავუდგები ყველა მცდელობას და განაცხადს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი.
აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.
მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები.
დამოუკიდებლობა დგას თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ანუ განათლებაზე; დამოუკიდებლობა ასევე მოითხოვს სიღარიბის დაძლევას; დამოუკიდებლობა დგას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე - ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას.
დამოუკიდებლობა დგას ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გამყარებაზე; დამოუკიდებლობა დგას აქ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე;
საზოგადოების შერიგებაზე, რამეთუ მტერს მხოლოდ ერთად დგომით თუ ვაჯობებთ.
ამ დამოუკიდებლობის დამცველები ხართ თქვენ - აქ შეკრებილი საზოგადოება, და თქვენ - აქ და ყველა რეგიონში მდგომი ჯარისკაცები, რომლებიც იცავთ სუვერენული საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობის უსაფრთხოებას.
თქვენ იცავთ ამ ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიასა და სტაბილურობას; სამშვიდობო მისიებში კი, თქვენ იცავთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების და მსოფლიო უსაფრთხოებას. ამ დამსახურებისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობას გიძღვნით მე და მთელი საზოგადოება, მთელი ერი.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო!
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!
მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს.
ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს, ყველას, ვისთვისაც 26 მაისი ძვირფასია.
მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს.
მინდა, განსაკუთრებით მოვულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო მისიებში და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იცავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!
ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მის სახელს და ღირსებას. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი.
ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სამხედრო ქალაქის მშენებლობა თბილისში და მსგავს პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ბრძოლისა - თავისუფლებისთვის და რწმენისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, იმ ფასეულობების დაცვისთვის, რომელმაც ჩვენი საერთო ევროპული ცივილიზაცია შექმნა.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ევროპული არჩევანი - ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც განაპირობა ქართველი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და რაც გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ქვაკუთხედი.
მეგობრებო, დღეს იმ რესპუბლიკის დაბადების დღეა, რომლის არსებობა არც გარეულმა მტერმა აპატია საქართველოს და არც შინაურმა.
დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა.
ჩვენ მადლიერი ვართ ყველასი, ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა.
დღეს არის 26 მაისი და სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელს 80 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.
ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას. ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე.
მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.
ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!
ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია, საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!
მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით - განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს, ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!
დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოზარდები თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლს ,,ჰელადოსს” დაესწრნენ.
სპექტაკლი ,,ჰელადოსი” ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ირადა გოზალოვამ დადგა.
სპექტაკლმა დევნილი მოზარდები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ქართველი მწერალი თავის ნაწარმოებებში გადმოსცემდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო დევნილი მოზარდებისთვის მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს.
აფხაზეთისა/რდევნილთასაქმეებისდეპარტამენტში, აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისოკუპირებულიტერიტორიიდანიძულებითგადაადგილებულპირთა-დევნილთასაკუთრებაში/სარგებლობაშიგადაცემულსაცხოვრებელობიექტებშისარემონტო-აღდგენითისახისსამუშაოებისგანმსაზღვრელიკომისიისმორიგისხდომაგაიმართა., სადაც განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
კომისიის სხდომის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებში და დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გასატარებელი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის სამოქმედო გეგმა და წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფახაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ წლების წინათ დადგინდა. ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს.
წლეულს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, ქ.ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლის“ ტერიტორიაზე, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. ხოლო 23 მაისს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) და კვარტეტი „აფხაზეთი“. მსახიობები გიორგი გასვიანი და მარიამ ჩუხრუკიძე აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და ისტორიული თუ ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. საღამოს აფხაზეთის ულამაზესი ხედების ვიდეოკოლაჟი გასდევდა ფონად. საღამოს რეჟისორი იყო გოგა თავაძე, ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის კულტურისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.
დამსწრეთ აფხაზეთის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
ამასთანავე, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია შემაჯამებელი ეტაპია იმ სალექციო კურსისა, რომელიც წლეულს ქ. თბილისის 5 საჯარო სკოლაში (№26, №60, №133, №146, №211) ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ ფარგლებში განხორციელდა.
ქვეპროგრამა ქ. თბილისის მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას, მათ შესახებ ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და 2017 წლიდან ტარდება.
პროექტის განხორციელებისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.
მოწვეული პედაგოგები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მათ მიერ ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებიისთვის წაკითხული ლექციების ციკლის სახელწოდებაა: „საქართველოს ისტორია აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური ხანიდან დღემდე“.
პროექტმა დაწყებიდან დღემდე მოიცვა ქ. თბილისის 15 საჯარო სკოლა, მთლიანობაში კი სალექციო კურსი გაიარა 500-მდე ახალგაზრდამ. სალექციო კურსის დასასრულს, ტრადიციულად იმართება ახალგაზრდული კონფერენცია იმ მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსი.
კონფერენცია გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ.
კონფერენციაზე ზემოთ ხსენებული სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.
კონფერენციის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს სამინიტროს სერტიფიკატები გადაეცათ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს პროგრამით დაგეგმილ ,,საზაფხულო-საველე ბანაკში“, სადაც გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს.
წლეულს ბანაკის მოწყობა 90 მოზარდისთვის 2 ეტაპად არის დაგეგმილი, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 5 დღე იქნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებისთვის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და კვარტეტმა „აფხაზეთმა“ ქართულ-აფხაზური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე მიულოცეს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
დღესვე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
2019 წლის აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 17 მაისს სოფელ რუხში, რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ღონისძიებით - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიხსნა და 23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.
ა/წლის 23 მაისს სიონის საკათედრო ტაძარაში სვიმონ კანანელის (იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ–ერთი) ხსენების დღესთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ჩატარდა. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე – საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა 2014 წელს. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ა/წლის 17 მაისს სოფელ რუხის სავაჭრო ტერიტორიაზე ღონისძიებით – ,,მე ვარ აფხაზეთი’’ გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყვნენ: სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატა და სხვა. ზემოაღნიშნული კვირეული 23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე ანუ ,,აფხაზეთობა’’ მიულოცეს და აფხაზებთან შერიგების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება.
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ პარაკლისი აღავლინა.
ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი გოგი ფაცაცია და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.
2014 წლიდან 23 მაისს ყოველწლიურად აფხაზეთის დღე აღინიშნება.
22 მაისს, საქართველოში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების პრევენციის, შემცირებისა და მართვის პროცესის მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავების მიზნით სასტუმრო ,,იოტა’’ -ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-სემინარი, რომელიც შედგაქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრისა (IDMC) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით. შეხვედრა-სემინარში მონაწილეობდნენ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები.
„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დევნილის მოწმობის ასლი;
ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).
აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 80%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება). სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მეორე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება01 მაისსდაგაგრძელდება30 მაისისჩათვლით.
თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39.
განცხადებების მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. N 68.