აფხაზეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა.

დღესვე 3 დაღუპული დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთში 1993 წლის 15-16  მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. შეტევის მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ქართულმა არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა უკან დაეხია. სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთებიდან კი დაახლოებით 190 მებრძოლი დაიღუპა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.

12 მარტს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, თხილის მოყვანა-რეალიზაციის სფეროში დასაქმებული ი.გ.პ-თათვის ტრენინგი გაიმართა

        აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რომლის მიზანია თხილის მოყვანა-რეალიზაციის სფეროში დასაქმებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერთა დახმარება, მათი შემოსავლის წყაროების გაზრდის მიზნით.

           ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ჩატარდა  ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ზემოაღნიშნული კატეგორიის ფერმერთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მათი ცოდნის ამაღლება, ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის მთავარმა აგრონომმა ჯემალ ჩახაიამ, საუბარი შეეხო საკითხის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, ასოციაციის სხვა წამყვანმა სპეციალისტებმა.

          ტრენინგი გაიმართა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის „2019 წლის თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში. მისმა შინაარსმა და ფორმამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ამ ტიპის ღონისძიებების მონსწილეობის გაგრძელების შესახებ. სწორედ

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოს პერიოდში, დაგეგემილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერთა უფრო მეტს ნაწილს, მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათი საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

აჭარის მწერალთა სახლში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის  მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებასა  და მის განვითარებაზე ზრუნვას.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე  მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში გამოცდილებაზე

          თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები, ქართული სამეცნიერო წრეების და დარგობრივი გაერთიანებების , საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, მისი მოადგილე და თანამშრომლები.  
     კონფერენციაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილება და მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებები და მეთოდები განიხილეს.  აღსანიშნავია, რომ, 2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებულია 790 000 ჰექტრამდე ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიურის ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ასევე, ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს მავნებელთან ბრძოლის  პროცესში გააჩნია.
       კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების  კომისიის სხდომაზე განიხილავენ.    მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა მსოფლიოს და ქართველი წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციებს და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება.  

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით  შედგა სამუშაო შეხვედრა,სადაც განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე.

აჭარის მწერალთა სახლში წიგნის ,,აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

„აფხაზური ენა დამწყებთათვის“, - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.


წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჩბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.


პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.


პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.


წიგნის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

წარმომადგენლობა ბათუმსა და ქობულეთში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

2019 წლის 13 მარტს წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე თეიმურაზ წულაია და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტები ირინე წიფიანი, ლაშა გადილია და ნანა ჭანტურია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 11 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა  მორიგი თათბირი  სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს  უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან ყურადღება  გაამახვილა საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ა/რ  მინისტრთა საბჭოს  ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75  წლისთავთან  დაკავშირებით  გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს თანამშრომლებიც. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში შემუშავებულ და სამინისტროში გამოგზავნილ პროექტზე – „გალის რაიონის განვითარების კონცეფცია“. მინისტრის რეზოლუციის შესაბამისად, აღნიშნულ პროექტზე  მოსაზრებები და წინადადებები წერილობით დააფიქსირეს  მინისტრის მრჩევლებმა , თანაშემწეებმა და ზოგიერთმა დეპარტამენტმა. მინისტრი შეეხო სახელმწიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული  პირების საქმიანობას, მათ შორის აფხაზეთის  სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ ინოვაციებს, რომელიც  ემსახურება დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

„გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდა, ორი თვის განმავლობაში გაივლის გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსს და შეისწავლის შემდეგ მიმართულებებს:

ა) ტიხრული მინანქარი;

ბ) ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი);

გ) მინის მხატვრული დამუშავება;

გ) ცივი ფაიფური.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელოვანები.

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  1. პირდობისა და დევნილის მოწმობის ასლი;
  2. სამოტივაციო წერილი (პროგრამით დაინტერესების შესახებ);
  3. ავტობიოგრაფია (CV).

 

საბუთები მიიღება 15 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადებები გადაირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

577 34 85 34  - კოორდინატორი სალომე თორია

ან გვეწვიეთ მისამართზე: დ. უზნაძის №68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, III სართული, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავას ცხოვრებასა  და მოღვაწეობაზე  ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი,  გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და  თეატრის  მსახიობები. საღამოზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმის „ჩვენი დროის გმირი“ ფრაგმენტები, რომელშიც ასახულია აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი კადრები.

საღამოზე ჟიული შარტავას ოჯახს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესებული სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“ გადაეცა.

ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს დამდგმელი რეჟისორი იყო  საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

2019 წლის 11 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა.

    2019 წლის 11  მარტს  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა, თათბირს უძღვებოდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია, რომელმაც მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობის თანამშრომლებს გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის. განსაკუთრებით საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან მიძღვნილი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

 თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებზე და ჩატარებული საქმიანობის სამთავრობო ინტერნეტ პორტალზე განთავსების მნიშვნელობაზე, ასევე საგაზაფხულო სამუშაოების დაგეგმარებასა და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, როგორც ქ. თბილისში ისე რეგიონებში. მოისმინეს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაცია გასულ სამუშაო კვირას ჩატარებული საქმიანობის შესახებ.

 შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ბატონი დემურ კეკელია.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

2019 წლის 11 მარტს რუსთაველის ქ. N 48-ში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ზუგდიდში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებთან. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები. შეხვედრისას რეზო ქობალიამ სიტყვით მიმართა ქალბატონებს: მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ გაზაფხულის ყველა ლამაზი დღესასწაული. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. თქვენ ხართ წარმატებული ქალბატონები. ადამიანები, რომლებიც სამაგალითონი ხართ, არ გეშინიათ სიახლეების, თქვენი ცხოვრება სავსეა აქტივობებით, შემოქმედებით. მე მიყვარს აქტიური ადამიანები, რომლებიც თვითონ აშენებენ თავიანთ ცხოვრებას, არ სჩივიან არავის, და არც არავის არაფერს არ სთხოვენ. თქვენ ხართ ქალბატონები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე, ხარჯავთ დროს და ენერგიას და სწორედ ამიტომ ხართ წარმატებულები. შეხვედრაზე ასევე გაიმართა უდედმამო მოზარდების კლუბის პრეზენტაცია, სადაც ამ ეტაპზე გაერთიანებულია 5 მოზარდი.

„მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში რვა ვიზიტი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა.