აფხაზეთის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე,  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წელს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიღუპა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილე არ არის რიგითი მოვლენა. სახელგანთქმული კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, სამეცნიერო-ლიტერატურული სფეროს გამორჩეული მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის საქმენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

ინფორმაცია, მეხსიერება, ლოგიკა ანალიზისათვის საჭირო საყრდენებია და ამ საყრდენების გამოყენებით, ჩვენ უნდა ვთქვათ:

დიდია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის განვითარების, ქართული კულტურის, ისტორიის შესწავლის საქმეში. ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, მონოგრაფიები, წერილები დღევანდელ ეტაპზე უფრო საკრალურ და ღრმა დატვირთვას იძენს.

საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო მერაბ კოსტავასთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად და გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ წარგენილი იყო ნობელის  მშვიდობის პრემიაზე და ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, მისი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური დონე მსოფლიო სტანდარტებს უტოლდებოდა.

ღირს გახსენებად ზვიად გამსახურდიას და მისი თანამოაზრეების ღია ბრძოლა „საქართველოს მოამბით“, განათლების სფეროს მოსკოვის იმ ჩინოვნიკთა მიმართ, რომელთაც სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, შეფასებები და შესაბამისად აკრძალეს ატესტატებში საგნის აღნიშვნა.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელი,ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: დაპირისპირების, ღალატის, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული აზროვნების დრო წარსულშია, ერის მსახურება კი დღევანდელობის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“– გააცნო  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრმა  მურმან ფარფალიამ. მოისმინეს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს  სსიპ  გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება – გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ.“ მოწონებულ იქნა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“

 

დევნილთა მინისტრის მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთში

2019 წლის 29 მარტს ქუთაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე, ასევე, დევნილი კურსამთავრებული სტუდენტები და ომის ვეტერანი დევნილები. 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის  მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და წიგნის ავტორებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ წიგნი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცეს.

წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

აფხაზეთიდან დევნილ დიტო ოკუჯავას მოპედი და საწვავი გადაეცა

აფხაზეთიდან დევნილ 11 წლის დიტო ოკუჯავას მოპედი და 300 ლიტრი საწვავი გადაეცა. მოზარდს საჩუქარი  ბიზნესმენმა გიორგი დევაძემ დაუფინანსა.

ზუგდიდის „ბაიას“ სტადიონზე მოზარდ ფეხბურთელს საჩუქარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ გადასცეს.

დიტო ოკუჯავა 3 წელია, თითქმის ყოველ დღე, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდიდან ზუგდიდამდე და უკან 90 კილომეტრს მოპედით დედასთან ერთად გადიოდა და ზუგდიდში „ბაიას“ საფეხბურთო საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. მოპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მიმოსვლა პრობლემებთან დაკავშირებული გახდა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეზო ქობალიასა და მამუკა ცოტნიაშვილს ერთობლივი ინიციატივით მოძიებულ იქნა ბიზნესმენი გიორგი დევაძე, რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და უანგაროდ დაეხმარა დიტო ოკუჟავას.

სტაჟირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და  უმაღლესი  განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება გასაუბრების ფორმით. კანდიდატმა დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) CV.

გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის წარდგინებით.

მოცემული სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი და არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას, თუმცა, ჩვენი სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად (justminabkhazia@gmail.com),(justice@abkhazia.gov.ge),   ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:   ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ, N17ე.

საკონტაქტო პირი სოფიო ყოლბაია, ტელ: 599 50 03 55, 222 12 05.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკს (AIESEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებას. ის ასევე გულისხმობს მთელ საქართველოში და მათ შორის გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირებში ჩაბმას და მათში საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოს კომიტეტის პრეზიდენტმა თათია ბაგაშვილმა.

აისეკი (AIESEC) 1948 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურული ბარიერების დასაძლევად შეიქმნა. 2006 წელს ორგანიზაციამ საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა და ის წარმოდგენილია სამ ქალაქში; თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად აისეკი 120-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ა(ა)იპ ახალგაზრდული ასოციაცია DRONI-ს შორის გაფორმდა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვას მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

ახალგაზრდული ასოციაცია DRONI არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე, ჯანსაღი, განათლებული და სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ ამოცანის შესასრულებლად ასოციაცია ახორციელებს არაფორმალურ საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის განვითარების პროგრამებს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა და ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის გამგე დეკანოზმა გიორგიმ (გუგუშვილი), რომლებმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საღამოს თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვებოდა, შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და საგალობლები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

      2019 წლის 25 მარტს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან. თათბირს უძღვებოდა მინისტრი  – მურმან ფარფალია. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ა/წლის 13 თებერვალს გამართული აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომის #4 ოქმის ამონაწერის შესაბამისად შესასრულებელ დავალებებზე. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო)  კერძო სამართლის იურიდიული პირების  საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ჩატარებაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.

ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ გაიხსნა. პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.

ასამბლეის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.

ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ბათუმის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს  შეხვდნენ. შეხვედრას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ კლუბ „ბათუმის“ წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს იუბილე მიულოცა და წლების მანძილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

დღესვე ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, საპატიო ბათუმელს, პროფესორ ნათელა დუმბაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

ნათელა დუმბაძე არის არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელი. მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და იუნესკოს სიგელის მფლობელი. აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. 2015 წელს იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

თათბირი ჯგუფის ხელმძღვანელებთან

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლების ქ. თბილისის რაიონებში და საქართველოს რეგიონებში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებზე მიმაგრების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ჯგუფის ხელმძღვანელებთან შედგა სამუშაო შეხვედრა/თათბირი. სადაც განხილულ იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების (პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებები შეადგენს 150 000 ათას ლარს) საპილოტე პროგრამის განხორციელების (ელექტრონული ტენდერის მეშვეობით)  შესახებ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების, ასევე დევნილთა ჩასახლების ობიექტში შექმნილი ამხანაგობების თავჯდომარეების  ინფორმირებულობის საკითხი.