აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის განცხადება

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ,  2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტით ინიცირებულ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პროგრამის მოცულობის ზრდის შესახებ, რაც შესაბამისად აისახა კიდეც დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ასიგნებებში 150 000 ლარის ოდენობით. შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელებს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო აღდგენით სამუშაოებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვას.

 

იხილეთ წესი:    https://matsne.gov.ge/ka/document/view/4498101?publication=0 

 

თათბირი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

თათბირზე განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი  სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობების შესახებ,ასევე მოისმინეს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაციები თანამშრომლების მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ და დაისახა სამომავლო გეგმები.

წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

2019 წლის 22 მარტს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 32 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3750 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება მეორე კვარტალში.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია გიორგი მამულია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის სოციალურ კვლევათა უმაღლესი სკოლის (EHESS) დოქტორი. წიგნი გამოიცა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ.

წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.

ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ განსაკუთრებულობაზე, მის მნიშვნელობასა და ისტორიულ ღირებულებაზე ისაუბრეს რუსუდან კობახიძემ, ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა; რუსუდან დაუშვილმა, პროფესორმა და ისტორიის დოქტორმა; მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა; პაატა კოღუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა; ზურაბ პაპასკირმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ; ადა მარშანიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა; ირმა ირემაძემ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსმა; ტატა ჩხოტუამ, რაფიელ ჩხოტუას შვილიშვილმა.

წიგნის გმირები, ავბედითი ისტორიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული, საქართველოზე ფიქრსა და ოცნებაში აღსრულებული, თითქმის მივიწყებული ადამიანები: ვლადიმერ ემუხვარი, ივანე შერვაშიძე, ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები, ვერონიკა და ჯოტო ემუხვარები, რაფიელ ჩხოტუა, მიხეილ და ჯოტო შარვაშიძეები, მერი შერვაშიძე, პეტრე მარღანია - დამსწრეთ საინტერესო შტრიხებით წარუდგინეს საღამოს წამყვანებმა - სალომე თორიამ და შალვა ბერიანიძემ.

დამსწრეთ ვიდეოჩანაწერებით მიმართეს დიდი ბრიტანეთიდან - ქრისტინა ჩხოტუამ, ნიკოლოზ ჩხოტუას შვილიშვილმა და აშშ-დან - ალექსამ, ივანე შერვაშიძის შთამომავალმა. მათ დიდი სიხარული გამოხატეს თავიანთი წინაპრების გაცოცხლების გამო, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს.

პრეზენტაციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები წიგნის გმირებისადმი სხვადასხვა დროს მიძღვნილი დოკუმენტური ფილმებიდან. ასევე უჩვენეს ნატო მარშანიას არზაყან ემუხვარზე დაწერილი წიგნის „ქედუხრელი რაინდი“ მიხედვით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი, რომელმაც ცხადად მოიტანა საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობისთვის დამაშვრალი და დევნილობაში აღსრულებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრების ტრაგიზმი. და როგორც არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, სწორედ ესეც არის ნატო მარშანიას წიგნების მთავარი სათქმელი, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს დაანახოს მათი წინაპრების ერთიანობის ოდინდელი განცდა, თუ რაზე იდგა ჩვენი ქვეყანა მის განუყოფელ აფხაზეთთან ერთად.

პრეზენტაციაზე მერი შერვაშიძისადმი მიძღვნილი გალაკტიონის ლექსი „მერი“ წაიკითხა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მერაბ ყოლბაიამ; ხოლო მომღერალმა ბოკა კვეკვესკირმა პატრიოტული ჟანრის ქართული სიმღერები შეასრულა.

დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და იმ ადამიანებს, ვინც მას ამ წიგნის დაწერის დროს დაეხმარა და გვერდით დაუდგა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა - „გარდასულ წელთა სახეები“, რომელიც აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოებს უყრის თავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კავკასიური სახლი.

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა

              საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერ ბასარია.
            შეხვედრაზე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გეგმასა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზე იმსჯელეს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეხვედრის მონაწილეებს ახალი საგრანტო პროგრამის კონცეფცია წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გრანტები გაიცემა. სააგენტო დროებითი საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს პროგრამაში ასახავს.

დეპარტამენტის თავმჯდომარე დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებულ დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე  სამინისტროში დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებულ დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გეგმასა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზე იმსჯელეს.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეხვედრის მონაწილეებს ახალი საგრანტო პროგრამის კონცეფცია წარუდგინა,რომლის თანახმად დევნილებზე, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ ,,სოფლად სახლის’’ პროგრამის ფარგლებში შეძენილი აქვთ სახლთან ერთად საკარმიდამო მიწის ნაკვეთი,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გრანტები გაიცემა.

სააგენტო დროებითი საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს პროგრამაში ასახავს.

სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

 

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის N1 დადგენილებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობისავე 2019 წლის 7 მარტის დადგენილების თანახმად შევიდა ცვლილებები.

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ ახალი რედაქცია გამოქვეყნდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 

იხილეთ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4504762?publication=0

 

საინფორმაციო შეხვედრა წარმომადგენლობაში

2019 წლის 20 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია შეხვდა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს, რეომლებიც დაინტერესდნენ ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შესახებ (ფორმა N 9, ბინადრობის მოწმობა, აფხაზური მწვანე ასპორტი)
შეხვედრისას რეზო ქობალიამ მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ოკუპირებულ გალის რაიონში არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის სესახებ.
შეხვედრის ბოლოს აღინიშნა:, რომ ასეთი შეხვედრების გამართვა და არსებული ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია, რათა მომავალშიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განხორციელდეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირებისათვის მათი სათაო ოფისებისთვის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გამოფენა -,,Made in Belarus” მიიღო მონაწილეობა.

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გამოფენა -,,Made in Belarus” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.

2019-03-18    |   
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ  გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.

გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები.  

ინტელექტუალურ - შემეცნებითი პროექტი

მიმდინარე წლის 16 მარტს, ქ.ქუთაისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აგრეთვე იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალურ - შემეცნებითი პროექტ „ერუდიტი“-ს შესარჩევი ტური.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, ქ. ქუთაისში მცხოვრებმა მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „ერუდიტი“-ს ფინალურ ტურში.

ზემო აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დახმარება

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებით დამტკიცებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი-ს“ საფუძველზე მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართა საკრებულოს და გამგეობის სამუშაო ჯგუფის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ერთობლივი სხდომა, რომელთა რეკომენდაციით ფინანსური დახმარება გაეწიათ:

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 43 ბენეფიციარს, მ.შ. 2 ბავშვს;
  • ომის ინვალიდ 1 ბენეფიციარს;
  • ქირურგიული ოპერაციისათვის 2 ბენეფიციარს;
  • მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევისთვის 1 ბენეფიციარს;
  • 80 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულ 4 ბენეფიციარს;
  • მარჩენალდაკარგულ 8 ბავშვს;
  • ახალშობილთა 3 ოჯახს;
  • მრავალშვილიანთა 14 ოჯახს;
  • ომში დაღუპულთა 2 ოჯახს;
  • სოციალურად დაუცველ 35 ოჯახს;
  • სარიტუალო ხარჯები - 2 ბენეფიციარს.
მორიგი შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ მოწვეულ სპეციალისტებს, სარემონტო ობიექტებში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავისი ხედვა გაუზიარა. ასევეწარმომადგენლობების ხელმძღვანელებს  დაევალათ  ამ პროგრამის განხორციელებისათვის შასაბამისი სარემონტო ობიექტების შერჩევა (ნუსხის მომზადება) უმოკლეს ვადაში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: გ. ბულისკერია,  დ. მიქავა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი გ.კაკულია,აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ადმინისტრაციული სამეურნეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მ.ჭანტურია, აფხაზეთის ა/ რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ვ. ჩიკვატია, წარმომადგენლობების მართვის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რ. კოკაია,  აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და სამმართველოს თანამშრომლები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

2019 წლის 18 მარტს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან,  რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან  თანამშრომლებს  გააცნო  ა/წლის  15 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან  დადებით შეფასებაზე აფხაზეთის ა/რ  2018 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის  წარმატებით შესრულების თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე და იქ არსებულ პრობლემებზე.

ვახტანგ ყოლბაიამ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკში ჩავიდა და გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენთაგანისათვის, კიდევ ერთი ტრაგიკული დღის მოწმენი გავხდით. მომხდარი ფაქტი, არის დადასტურება იმისა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ ცხოვრება გალის რაიონის ძირძველ მოსახლეობას - ქართველებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ დღეს მათ მამაპაპისეულ მიწა-წყალზე. ზღვარი ადამიანური ღირსების დაცვასა და სიცოცხლის შენარჩუნებას შორის გადის. პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს -  ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ფაქტორს ეკისრება.

სწორედ ამიტომ არის საჭირო, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გაუგებრობა და ინსინუაციები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

ვუსამძიმრებ  ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომას ვუცხადებ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.